სიახლეები

გიორგი აბურჯანია: კვიპროსზე რაც არ მომწონს, მსაჯობაა

გაუზიარე

20 წლის გიორგი აბურჯანია ახალი თაობის ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. გულშემატკივარმა კარგად იცის, თუ როგორ თამაშობდა აბურჯანია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, ასევე, თბილისის ლოკომოტივსა და გორის დილაში. აბურჯანია იმ ტიპის ნახევარმცველია, რომელიც თამაშის რიტმს არეგულირებს, კარგი ტექნიკა აქვს და პასებითაც გამოირჩევა. 

გიორგი შარშან ზაფხულიდან კვიპროსულ ანორთოსისში თამაშობს და ნახევარდაცვის ცენტრში ირაკლი მაისურაძესთან ერთად კარგ დუეტს ქმნის. მაისურაძე საყრდენად თამაშობს, აბურჯანია კი ოდნავ წინ, ცენტრალურ ნახევარმცველად, რომელსაც შედარებით მეტად ევალება შეტევაში ჩართვა. 

ალბათ, შორს არაა ის დრო, როცა კახა ცხადაძე მას ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახებს. ცხადაძემ ჩვენთან ინტერვიუში აბურჯანია და მისი თანატოლი სხვა ფეხბურთელები ახსენა, უდავოდ ნიჭიერები არიან, მაგრამ ცოტა უფრო მომაგრება სჭირდებათო. 

აბურჯანიას კვიპროსზე შევეხმიანეთ... 

კვიპროსული სეზონი თითქმის სრულდება და შეგიძლია შეაფასო, რამდენად კმაყოფილი ხარ მანდ გადასვლით?  

ახლა მეხუთე ადგილზე ვართ და ევროპის ლიგაზე გასასვლელად ვიბრძვით. ეს კარგია, რადგან ორმაგად მოტივირებული გავდივარ მინდორზე. საერთოდ, როცა მიზანი გაქვს, ყოველთვის სხვაგვარი სტიმული გეძლევა. ცუდი ის იქნებოდა, სეზონის შუაში ყველაფერი გადაწყვეტილი რომ ყოფილიყო და ფორმალურადღა გვეთამაშა. ანორთოსისმა ძალიან ბევრი რამ მომცა საფეხბურთო თვალსაზრისით, რისი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. ერთი სიტყვით, ანორთოსისმა იმაზე მეტი მომცა, ვიდრე ველოდი. 

რა მოგწონს და რა არა ანორთოსისში?

მომწონს ის, რომ საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებაა. მაღალი დონის მწვრთნელთა შტაბი გვყავს. საკმაოდ კვალიფიციურ ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობ და ვთამაშობ. ასევე სასიამოვნოა, როცა მინდორს მიღმაც ყველა გცნობს, გიღიმის და წარმატებას გისურვებს. მომწონს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში. ერთადერთი, რაც არ მომწონს, მსაჯობაა, მაგრამ სჯობს, ამ თემაზე არ ვისაუბრო. 

ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის კვიპროსზე თავის წარმოჩენა რთული ხომ არაა?

არა. თავიდან გამიჭირდა, თუმცა ნელ-ნელა ტემპს მივეჩვიე და ვგრძნობდი, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მიადვილდებოდა თამაში. 

ანორთოსისი აპოელს ბევრად ჩამორჩება სათამაშო დონით?

სხვაობა ისაა, რომ აპოელს 25 თანაბარი დონის ფეხბურთელი ჰყავს, სხვა გუნდებში კი ასე არაა. თანაბარძალოვანი ფეხბურთელების შეკრება ფინანსებს უკავშირდება. სხვაობა აშკარაა მსაჯების მხრიდან დამოკიდებულებაშიც. აპოელის მიმართ მეტი სიმპათიები აქვთ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შესაძლოა, ვცდები.     

მაისურაძეზე რას იტყვი, რამდენად კარგად ეწყობით ერთმანეთს მინდორზე?

ირაკლისთან ერთად ადრეც მითამაშია, თანაც, ორ გუნდში: რუსთავის მეტალურგსა და გორის დილაში. 15-16 წლის ვიყავი, როცა მეტალურგის მაშინდელმა მწვრთნელმა თორნიკე მაისურაძემ ძირითად გუნდში დამაწინაურა. დილაში კი, გახსოვთ, საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლასთანაც ახლოს ვიყავით. ირაკლი მაისურაძე ანორთოსისში ძალიან მიადვილებს საქმეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ანორთოსისში გადმოვედი, ირაკლის აქ ყოფნა იყო. მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს და საერთოდაც, მისნაირი ნახევარმცველი აქ იშვიათობაა: ბევრს იბრძვის, დიდ სამუშაოს ასრულებს და ბურთსაც კარგად ანაწილებს. ერთი სიტყვით, გუნდის ხერხემალია.       

კვიპროსის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელად ვის მიიჩნევ?

გამორჩევა გამიჭირდება. რა თქმა უნდა, ლიდერი ყველა გუნდს ჰყავს, მაგრამ გემოვნების საკითხია.   

როგორ ფიქრობ, ანორთოსისი საქართველოს ჩემპიონატში რომელ პოზიციაზე იქნებოდა? 

ძნელია ამის თქმა, მაგრამ ანორთოსისის ფეხბურთელების კვალიფიკაციას თუ გავითვალისწინებთ, ჩემი აზრით, საქართველოში პირველ ადგილზე იქნებოდა. 

მოწვევა თუ გაქვს სხვა კლუბებიდან? და თუ გაქვს, რამდენად რეალურია, რომ ამ ზაფხულს წახვიდე? 

არის საუბრები, მაგრამ ამ ეტაპზე გუნდის შეცვლაზე არ ვფიქრობ. ჯერ აქ ბოლომდე უნდა წარმოვაჩინო თავი და გუნდს შედეგის მიღწევაში დავეხმარო. მომავალში რა იქნება, დრო გვაჩვენებს.  

ამასწინათ 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშე, უკრაინელებს ერთ მატჩში მოუგეთ, მეორეში დამარცხდით. რამდენად აქვს პოტენციალი ამ ფორმაციის 21-წლამდელთა გუნდს? 

უკრაინა ძალიან ძლიერია, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ჩემი აზრით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს და ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ერთი ეგაა, რომ მოსამზადებლად და შესათამაშებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს.   

მარტში ეროვნული ნაკრების მატჩებს ნახავდი. რა სიახლეები შეამჩნიე?

სიახლე იყო სათამაშო სქემაში, მალტასთან აქცენტი მთლიანად შეტევაზე გაკეთდა და სანახაობრივი მხარეც ადრინდელზე უკეთესი იყო. გერმანიასთან უფრო შედეგზე გაკეთდა გათვლა, ვიდრე მალტასთან. საბოლოოდ, გერმანელებთან არ გაგვიმართლა.  

კახა ცხადაძესთან კონტაქტი ხომ არ გქონია ან მისგან დაინტერესებაზე ხომ არ გსმენია?

არა, არ გვისაუბრია და არც მის დაინტერესებაზე გამიგია რამე. 

ილია ნანობაშვილი