სიახლეები

სიმართლის თქმა მოვალეობაა...

გაუზიარე
ფეხბურთის ფედერაციაში შეიქმნა მედიადეპარტამენტი, რომელიც სხვა გამოცემებიდან ჟურნალისტების გადაბირებას ეწევა და არის ამ უწყების წინასაარჩევნო რუპორი - გია გორგოძე.
იშვიათად  მომისმენია, სპორტული გამოცემის ან სპორტული ჟურნალისტების მიმართ ასეთი ცილისწამებლური, ღვარძლიანი ფრაზა. მით უფრო სავალალოა, რომ ეს სიტყვები  სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტს, საკუთარი კოლეგების მიერვე არჩეულ კაცს ეკუთვნის, ვინც აგერ უკვე ორ წელზე მეტია აღნიშნული ასოციაციას თავკაცობს. არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ გია გორგოძის საქმიანობასთან დაკავშირებით, კითხვები ყოველთვის მქონდა. ძირითადად ასოციაციის საქმიანობის ირგვლივ. მის მიმართ კითხვები მას შემდეგ გაორმაგრდა, რაც ბატონი გორგოძე 4 აპრილს სპორტული ფედერაციებისა და სპორტის მინისტრის დახურულ შეხვედრას დაესწრო.  ოღონდ, რა სტატუსით, ამას კარგად თავადაც ვერ განმრტავს, რადგან სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, გაუგებარია რატომ, მაგრამ - უწოდებს ფედერაციას და ჯიუტად ადარებს საკუთარ თავს ფეხბურთის, რაგბის, ჭიდაობის და სხვა ფედერაციების ხელმძღვანელებს. არადა, თუ სხდომა დახურულია ჟურნალისტებისთვის, რატომ უნდა იყოს ღია სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეიზიდენტისთვის, რომელიც გამოსცემს კერძო ჟურნალს და არის მოქმედი ჟურნალისტი? რატომ არ გამოიჩინა  ასოციაციის პრეზიდენტმა ერთსულოვნება, მაშინ როცა ათამდე მისი კოლეგა დახურულ სხდომას აბსურდული მიზეზით ვერ დაესწრო? და თუ დაესწრო, რატომ არ დააყენა სხდომაზე სხვა ჟურნალისტების შეშვების საკითხი? ამ  ფაქტითაც ნათლად ჩანს, რომ ასოციაციის პრეიზდენტი არ არის მჭიდრო კავშირში სპორტულ ჟურნალისტებთან, არ ინტერესდება მათი პროტესტით, მათი კითხვებით, უბრალოდ მათთან ურთიერთობით. მახსენდება მისი პირველი სიტყვები, მას შემდეგ რაც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს: 
თქვენგან მივიღე დავალება, იცოდეთ რომ უთქვენოდ არაფერი გადაწყდება. ჩემი მიზანია, რომ ხშირი შეხვედრები გვქონდეს, თანაც ისეთი, რომ სპონსორები აქეთ შეგვეხვეწონ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან თამანშრომლობას– გია გორგოძე, 2012 წლის 25 დეკემბერი.
დღესვე შემიძლია დაახლოებით 40-50 სპორტული ჟურალისტი გამოვკითხო და ყველა მათგანი დამიდასტურებს, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მათ ბატონ გია გორგოძესთან არანაირი შეხვედრა არ ჰქონიათ.

მივბრუნდები თემას, რომლის ციტირებითაც დავიწყე ეს წერილი. ასოციაციის პრეზიდენტი მოიქცა არაკორექტულად, როდესაც გაზეთ ჩვენი თამაშის ჟურნალისტებს უწოდა გადმობირებულები და ისინი[მეც მათ რიგში] მოიხსენია, როგორც ფეხბურთის ფედერაციის წინასაარჩევნო რუპორი.  ბატონი გიას გამოცემულ ჟურნალ ათიანში გაზეთ ,,ჩვენი თამაშის“ ჟურნალისტებიდან წლებია წერენ ილია ნანობაშვილი, ლევან ჯანეზაშვილი და ილია ბაბუნაშვილი. საინტერესოა, რომელ მათგანს უწოდებს ბატონი გია გადმობირებულს? ანაც რუპორს? თანაც, ილია ბაბუნაშვილი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მოქმედი გენერალური მდივანია. საინტერესოა ვის გულისხმობდა რუპორში ბატონი გია, როცა ამ სიტყვებს ამბობდა. ხომ არ ფიქრობს, რომ ყველა გამოცემას მისი ჟურნალის პოლიტიკა უნდა ჰქონდეს და ქართულ ფეხბურთზე მუდმივად ნეგატიურ კონტექსტში უნდა წეროს? პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ გორგოძეს მისი მოსაზრებების უმეტესობაში არ ვეთანხმები, ჟურნალ ათიანის ერთგული მკითხველი ვარ და ვერ გავიხსენებ, რომ მის ჟურნალში თბილისში გასამართი სუპერთასის შესახებ ერთი სტატია მაინც დაწერილიყოს; ვერ გავიხსენებ რუსთავში საფუძველჩაყრილი ბავშვთა აკადემიის შესახებ ერთი წერილი მაინც გამოქვეყნებულიყოს; ვერც იმას, რომ ქართველ მწვრთნელთათვის თბილისში ჩატარებული პრო-ლიცენზიის კურსის შესახებ ერთი სპეციალისტის კომენტარი მაინც დაბეჭდილიყოს... კიდევ ბევრ რამეს ვერ გავიხსენებ, მათ შორის, ბოლო პერიოდში ეროვნული ნაკრების თამაშების მიმოხილვას. ნუთუ ქვეყნის პირველი გუნდი, მიუხედავად წაგებული მატჩისა, არ იმსახურებდა გერმანიასთან თამაშის ამსახველ ერთ პატარა წერილს? 
ბატონი გიას საქმიანობაში დიდი ადგილი უჭირავს უცხოეთში, მაგალითად მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩებსა და ფინალებზე დასწრებას. როგორ უნდა გეწყინოს?  რაც მეტი ქართველი ჟურნალისტი იქნება მსგავს ტურნირებზე, უკეთესია, მაგრამ ჩნდება კითხვა: დაფინანსების წყარო? ბატონი გია, სპორტის სამინისტოსგან გადახდილი სოლიდური თანხით წავიდა 2014 წლის ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე. და რა შეემატა ამით სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას? მხოლოდ ის, რომ მისი პრეზიდენტი ამ ტურნირს დაესწრო? ან სად გაგონილა სახელმწიფო ადამიანს აფინანსებდეს, ტურნირზე უშვებდეს და ამ ტურნირის მიმოხილვას მივლინებული პირი კერძო ჟურნალში წერდეს, რომელსაც თავად უშვებს? არც ის მსმენია, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზდენტი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე რომ არ დადიოდეს და ხშირად არც ნაკრების თამაშებს ესწრებოდეს. 

ოთხშაბათს ტელეკომპანია TVS-ის ეთერში ბატონი გორგოძე ვახო სანაიასთან იყო სტუმრად და საჩუქრად გადაცემის წამყვანს წიგნები მიუტანა. როდესაც ჰკითხეს, თუ რას საქმიანობს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, გია გორგოძემ სიამაყით ჩამოთვალა იმ წიგნების დასახელება, რომელიც ასოციაციამ მისი პრეზიდენტობის პერიოდში გამოუშვა.  მეც და ალბათ ძალიან ბევრმაც წავიკითხეთ რამაზ შენგელიას და ბორის პაიჭაძის წიგნები, მაგრამ უკაცრავად, როდის აქეთ გახდა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია - სტამბა? მსგავსმა ორგანიზაციამ შეიძლება თავი მოიწონოს იმით, რომ სხვა ბევრ საქმესთან ერთად ახერხებს და არ ივიწყებს ქართული სპორტის ლეგენდებს და უშვებს მათი სახელობის წიგნებს, მაგრამ ასოციაციის ლამის ერთადერთი საქმიანობა, წიგნების გამოცემა რატომ უნდა იყოს? მესმის, ძნელია ამ დროში E-mail-ის გამოყენება და ყველას ვერ მოსთხოვ მის ცოდნას, რადგან ზოგიერთისთვის იქნებ ძნელი ასათვისებელია, მაგრამ სადმე პრეცედენტი არსებობს, როცა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მისწერ წერილს და პასუხი კერძო ჟურნალის ოფიციალური Email-ით მოდის? ასეა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის შემთხვევაში, ამ ორგანიზაციის ოფიციალური ელექტრონული მისამართია : [email protected]. ყალბი კოლეგიალობის გარეშე ვიტყვი, რომ ეს სირცხვილია და სირცხვილია ისიც, რომ ორგანიზაციას არ აქვს მოქმედი, თანამედროვე სამყაროს სტანდარტების შესაბამისი ვებგვერდი, საუბარი აღარაა ოფიციალურ Facebook გვერდზე. 

გია გორგოძე საჯაროდ ამცირებს ჟურნალისტებს და არაკვალიფიციურებს უწოდებს. ასე მოხდა გუშინწინდელ გადაცემაშიც, სადაც მან ვახო სანაიასთან ცხარე კამათი გამართა. და რას აკეთებს  ასოციაცია სპორტული ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლებისთვის? რამდენი ტრენინგი ჩაუტარდათ  სპორტულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებს გორგოძის პრეზიდენტობის პერიოდში? თანხა, რაც ბატონი გორგოძის ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მივლინებებში დაიხარჯა, განა არ სჯობდა, ახალგაზრდა ჟურნალისტების მომზადებას მოხმარებოდა? რამდენად სწორია შორეულ ბრაზილიაში გამგზავრება მაშინ, როცა კოლეგების დიდი უმეტესობა უსახსრობის გამო მეზობელ სომხეთსა თუ აზერბაიჯანში გამართულ ასპარეზობებსაც ვერ ესწრება? ასოციაციას აქვს ბერკეტები, რომ ამ სფეროში მდგომარეობა  გამოსწორდეს, მაგრამ ვიდრე იქ მყოფი ადამიანი არა საერთო, არამედ საკუთარ საქმეზე უფრო მეტად იფიქრებს, მდგომარეობა კიდევ კარგა ხანს ვერ გამოსწორდება. 

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის მიმართ წერილის დაწერა, რამდენიმე თვის წინ, მისი უადგილო ქილიკის საპასუხოდ მინდოდა, როდესაც მან საკუთარ ჟურნალში გაზეთი ,,ჩვენი თამაში“ არაკოლეგიალურად, არაკორექტულად მოიხსენია. მაშინ პასუხისგან თავი შევიკავეთ, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლსაც ღირსეული ადამიანები არ კვეთენ. სამწუხაროდ, ეს ზღვარი ასოციაციის პრეზიდენტის მხრიდან დარღვეულია. 
გული იმაზეც მწყდება, რომ კოლეგების ერთი ნაწილი პირად საუბრებში ბატონ გორგოძეს მწვავედ აკრიტიკებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, სიჩუმეს არჩევს.  მათ, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ნათქვამ  ერთ დიდებულ ფრაზას შევახსენებდი: 
''სიმართლის თქმა მოვალეობაა. ზნეობის ყველაზე მტკიცე საყრდენი და ჭეშმარიტი წყაროა მოვალეობა'' - ემანუელ კანტი.

კოლეგებს ვუსურვებ, რომ არასდროს დაივიწყონ საკუთარი მოვალება, ბატონ გორგოძეს კი ვურჩევ თავის კოლეგებზე ზრუნვაზე მეტი ეფიქროს, მათი პროფესიონალიზმის განქიქების ნაცვლად.

ოთო მუმლაძე