სიახლეები

დავით ოდიკაძე: შედეგი იყოს და "მიხეილ მესხიც" გაგვივსია

გაუზიარე
დავით ოდიკაძე 14 აპრილს 34 წლის გახდა. ის არაა ჩვენი ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, მაგრამ უდავოდ ბევრისმნახველია. თუკი რომელიმე მოთამაშეზე იტყვი, საქართველოს ჩემპიონატის ავან-ჩავანი კარგად იცისო, ერთ-ერთი პირველი ოდიკაძეა. სადაც "ოდოს" უთამაშია, მეტწილად გუნდის კაპიტანი გახლდათ, 22 წლისას თბილისის თბილისში ეკეთა სამკლავური. ასეა საჩხერის ჩიხურაშიც. ვინც მას იცნობს, ყველა იტყვის რომ ლიდერია და პიროვნული თვისებებითაც გამოირჩევა. 

ორ თვეზე მეტია, დავითს არ უთამაშია და ვარჯიში ახალი დაწყებული აქვს. აქვე, "ჩვენი თამაშის" ინტერვიუ ოდიკაძესთან. 

ტრავმა დიდხანს გაგიგრძელდა...

მუხლის შიდა მხარის კუნთი მქონდა გაწყვეტილი. ეს ტრავმა თურქულ შეკრებაზე მივიღე, რამდენიმე დღის წინ გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყე და გასულ ტურში ვიტ ჯორჯიასთან 18-კაციან განაცხადშიც ვიყავი.

ჩიხურა ჩემპიონატში ლიდერთა შორის ვერ არის. რატომ? 

შედეგი შარშანწინდელ და შარშანდელ ჩემპიონატშიც უკეთესი გვქონდა. შარშან მეექვსე ადგილამდე, მგონი, არც ჩამოვსულვართ, თუმცა ჩიხურა ახალი გუნდია, შემადგენლობა თითქმის მთლიანადაა შეცვლილი. ამასწინანდელ მატჩში მხოლოდ მაქსიმე ქვილითაია და  ლაშა ჭელიძე იყვნენ იმ გუნდიდან, რომელიც შარშან გვყავდა. თუმცა, დარჩენილ მატჩებში უკეთესი შედეგის იმედი გვაქვს, ჯერ დაკარგული არაფერია. 

ალბათ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თამაში იქნება სამტრედიასთან თასის ნახევარფინალში. 

დიახ. ეგრეა, პირველი მატჩი 0:1 წავაგეთ, მაგრამ იმედიანად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ ერთხელ გავიდეთ თასის ფინალში.  

ჩიხურას საშინაო თამაშებზე გულშემატკივარმა იმატა თუ იკლო? 

შარშანდელთან შედარებით, იკლო. თუმცა ერთგული ქომაგები გვყავს და ისინი სტიმულს გვმატებენ. არ მიკვირს, რომ ქომაგების რაოდენობამ იკლო, აი, როცა შედეგი გაუმჯობესდება, მერე უფრო მრავლად მოვლენ. შარშან "მიხეილ მესხი" გავავსეთ და ასეთი რა გაგვიჭირდება, შინ რომ ვერ გავავსოთ?!

წლევანდელი სეზონი რამდენად მოგწონს სათამაშო დონის მხრივ? 

მომწონს ის, რომ დაძაბულობა მეტია. არც ჩემპიონია გარკვეული და საერთოდ, სამეული როგორი იქნება, ვერ გამოიცნობ. ცუდი კი ისაა, რომ მინდვრები ბევრგან არ ვარგა. მათ შორის, არც ჩვენია კარგ მდგომარეობაში. 

მომდევნო სეზონშიც ჩიხურაში ითამაშებ? 

ვნახოთ. ეს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება. 

როგორც კაპიტანს, გუნდის გასამხნევებლად ყველაზე ორიგინალური რა გაგიკეთებია? 

მაინცდამაინც კაპიტნობა არაა საჭირო იმისთვის, რათა გუნდის ერთ მუშტად შეკვრაში წვლილი შეიტანო. პირადად მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ბიჭები ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლოს იყვნენ, ჭირსა და ლხინს უზიარებდნენ. გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ერთ ოჯახად ყოფნაა. მაგალითად, შარშან ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი შედეგი ვაჩვენეთ და ბურსასფორი გამოვთიშეთ, რაც უპირველესად სწორედ კლუბში კარგი ატმოსფეროს წყალობით მოხერხდა. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს კახა ცხადაძეს კარგად იცნობ, მასთან ორ სხვადასხვა გუნდში გიმუშავია. 

დიახ, თბილისის დინამოსა და ბაქოს ინტერში. ცხადაძის დანიშვნა ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. უფრო ადრე რომ მოეყვანათ ნაკრების მწვრთნელად, უკეთესი იქნებოდა. ვფიქრობ, ეს გამოჩნდა კიდეც ნაკრების ბოლო ორ მატჩში. 

ცხადაძის მთავარ პლუსად რას მიიჩნევ? 

იცის, თუ როგორ უნდა მიუდგეს ფეხბურთელს, კარგად უხსნის  საფეხბურთო დეტალებს. იცის, როგორ მოამზადოს ამა თუ იმ თამაშისთვის. 

ნაკრების თამაშებში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები რა დაინახე? 

უფრო გუნდური თამაში. გასაგებია, რომ მალტა სუსტი ნაკრებია, მაგრამ ასეთ სუსტებსაც კი ადრე თამამად ვერ ვუტევდით. გერმანიასთან ჩანდა, რომ შეტევას ვცდილობდით, მხოლოდ მოგერიებაზე და იღბლის ანაბარა არ ვყოფილვართ. და თუ შეტევას ხშირად ვერ ვახერხებდით, მცდელობა მაინც იყო. ბოლოს და ბოლოს, გერმანიასთან ბრაზილიამაც ვერაფერი შექმნა. მომეწონა, რომ ბევრი შემტევი ფეხბურთელი გვყავდა მინდორზე და კიდევ, გიორგი ნავალოვსკი რომ დააბრუნა ცხადაძემ. ნავალოვსკი რომ აქამდეც იმსახურებდა ნაკრებში თამაშს, მგონი, აშკარად გამოჩნდა. 

პირადად შენ ნაკრებში თამაშის იმედი აღარ გაქვს? 

სანამ ფეხბურთს ვითამაშებ, ნაკრებზეც ვიფიქრებ, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე შესაძლებლობა. რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ქართული ფეხბურთის დასახმარებლად მუდამ მზად ვიქნები. 

ილია ნანობაშვილი