სიახლეები

ცხადაძეს დრო სჭირდება, ცვლილებები კი აშკარაა

გაუზიარე
თბილისის დინამოს ლეგენდარული მეკარე ოთარ გაბელია ახლაც ფეხბურთით ცხოვრობს და მაშინ, როდესაც ჩვენი ჩემპიონატი მაყურებლის სიმრავლით განებივრებული სულაც არ არის, ბატონი ოთარი უმაღლესი ლიგის თამაშებს არასოდეს აკლდება. მას გუშინ შევეხმიანეთ. 

საუბარი ბოლო დროის მთავარი თემით, გერმანიის ნაკრებთან მატჩის შეფასებით დავიწყოთ...

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აშკარაა სასიკეთო ცვლილებები. ეს ეხება როგორც შემადგენლობას, ისე სათამაშო ტაქტიკას. მართალია, წაგება წაგებაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გერმანიის, ანუ დღესდღეობით ყველაზე მაღალი დონის მეტოქესთან შეტევაში მწვავედ თამაშს ვცდილობდით და ეს უკვე კარგია, თუმცა ისიც აშკარაა, რომ კლასში სხვაობა, ჯერჯერობით კვლავაც  დიდია. გოლის გატანა კვლავ გვიჭირს, მაგრამ ჩანს, რომ ამ შემადგენლობას აქვს პერსპექტივა. ახლა მთავარია, კახა ცხადაძეს მიეცეს დრო და მშვიდად მუშაობის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. ცხადაძე თავის დროზე ნაკრების კაპიტანი იყო, შემდეგ კი, როგორც მწვრთნელმა დაამტკიცა თავის შესაძლებლობები. მას წარმატებას ვუსურვებ.

ორი გაშვებული გოლის მიუხედავად, გიორგი ლორიამ არაერთი რთული ბურთი აიღო, რად ღირს თუნდაც მარკო როისის დარტყმულის მოგერიება, როდესაც აშკარა გოლისგან გვიხსნა. თქვენ როგორ შეაფასებთ ლორიას თამაშს?

გერმანიასთანაც კარგად ითამაშა და საერთოდაც კარგი მეკარეა, ამიტომ მწყდება გული იმაზე, რომ საბერძნეთში კლუბის ფინანსური კრახის გამო თამაშის პრობლემა შეექმნა. ახლა აუცილებელია, რაც შეიძლება მალე მოძებნოს შესაფერისი გუნდი და უთამაშებელი არ დარჩეს. ამავეს ვიტყოდი ნუკრი რევიშვილის მიმართაც, რომელსაც ასევე მოაკლდა სათამაშო პრაქტიკა. ნაკრების პირველი და მეორე მეკარეები თუ უთამაშებლები დაგვირჩნენ, ეს ძალიან ცუდი იქნება. არადა, ორივე კარგი მეკარეა და გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში. აქსიომაა, ფეხბურთელისთვის, განსაკუთრებით კი მეკარისთვის, სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია.

სისტემატურად ესწრებით საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებს და თუ ხედავთ ისეთ მეკარეებს, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ ნაკრების კანდიდატები?

ლორიას და რევიშვილის გარდა, კანდიდატად მიმაჩნია როინ კვასხვაძე, რომელიც ჩემი მწვრთნელობის პერიოდში ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და ნამდვილად ნიჭიერი ბიჭია. ახლახან თურქეთში, ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს გოშაძემ და თებიძემ. პერსპექტიული მეკარეები არიან ასაკობრივ ნაკრებებშიც.

გერმანიის ნაკრების თემას დავუბრუნდეთ: ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ასეთ ძლიერ ნაკრებს თბილისში არ უთამაშია?

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები არიან და, რა თქმა უნდა, თბილისშიც უმაღლესი დონის ფეხბურთი გვაჩვენეს, მაგრამ არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ასეთ ძლიერ ნაკრებს თბილისში არ უთამაშია. კლინსმანის დროინდელი ნაკრები უფრო ვარსკვლავური იყო, ისევე, როგორც ბაჯოს დროინდელი იტალიის ნაკრები. უბრალოდ, დღევანდელი გერმანიის ნაკრები სხვა სისტემით თამაშობს და, რა თქმა უნდა, თავის მხრივ ძალიან ძლიერები არიან.

როგორც ვთქვით, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს ხშირად ადევნებთ თვალს და როგორ ფიქრობთ, გაამართლა თუ არა უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდამ?

ნაკლები გუნდი რომ თამაშობდა, რა, უკეთესი დონე იყო? ჩემი აზრია, რომ ფეხბურთი უფრო მასობრივი უნდა გახდეს და რაც მეტი რეგიონის გუნდი იქნება უმაღლეს ლიგაში, ფეხბურთიც უფრო განვითარდება. ასე ხომ გაცილებით მეტ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცემა უმაღლეს ლიგაში თამაშის საშუალება. შესაბამისი პირობები თუ იქნება, ჩემი აზრით, იდეალური ვარიანტი 18-გუნდიანი ჩემპიონატია და თუ პირობები და დაფინანსება არ იქნება, შეიძლება, 8-გუნდიანი პირველობაც ჩაიშალოს. ფეხბურთის ფედერაცია ვალდებული არ არის, გუნდები დააფინანსოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ძალიან ბევრი გააკეთა კლუბებისთვის, არაერთ გუნდს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაშიც კი დაეხმარა. აუცილებელია სახელმწიფო ჩაერთოს ფეხბურთის განვითარებაში, მაგალითად, ინგლისში 92 პროფესიული გუნდიდან 72-ს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. ეს მოსკოვში, სემინარებზე ყოფნისას ინგლისელმა სპეციალისტებმა გვითხრეს. შეიძლება მოინახოს ისეთი სისტემა, რომ ფეხბურთის დაფინანსებით დაინტერესებულ კერძო ბიზნესმენებს გარკვეული შეღავათები მიეცეთ და უფრო მეტად დაინტერესდნენ ფეხბურთში ინვესტიციების ჩადებით. აუცილებლად უნდა შევეხო ერთ თემასაც: ზოგი საუბრობს იმაზე, რომ სტადიონები არ გვაქვს, არადა, ბოლო ექვს წელიწადში ბევრ ქალაქში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სტადიონებს და ახალი მინდორი დაიგო. ამ მხრივ ახლა გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე წლების წინ იყო, მაგრამ სწორედ იმ საშინელი მოედნებიდან გავიდნენ ევროპაში ქინქლაძე, არველაძეები, ნემსაძე, ჯამარაული, ცხადაძე, შელია და კიდევ ბევრი სხვა. ასე რომ, ყველაფერი უხარისხო მინდვრის საფარს ვერ დაბრალდება, მით უმეტეს, დღეს ამ მხრივ ფედერაციის მიერ დიდი სამუშაოა ჩატარებული და სიტუაცია გაცილებით უკეთესია, კიდევ მეტი კი უახლოეს ორ წელიწადში გაკეთდება, როცა ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატისთვის უეფას სტანდარტების რამდენიმე სტადიონი შეგვემატება

პაატა ძნელაძე