მას შემდეგ, რაც ესპანელი ანდრეს კარასკო სამშობლოში დაბრუნდა, საბურთალოს აკადემიის დირექტორი გიორგი დეკანოსიძე გახდა. 34 წლის დეკანოსიძე ორ ასაკობრივ ჯგუფსაც წვრთნის: 2001 და 2003 წლებში დაბადებულებს. გიორგი ახლო წარსულში საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი გახლდათ და ორი მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჩაუტარებია. ორივე კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას - აზერბაიჯანთან და ყატართან ამხანაგურებში 2007 წელს.
აქვე, ინტერვიუ დეკანოსიძესთან, რომელიც ერთ დროს გერმანულ ფიურტშიც (მეორე ბუნდესლიგა) თამაშობდა:
კარასკოს ხშირად ეხმიანებით?
დიახ. ზოგიერთ საკითხში რჩევას ვეკითხები, თუმცა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას თავად ვიღებ.
ახლა საბურთალოში რამდენი ბავშვი და ჭაბუკი ვარჯიშობს?
დაახლოებით 700. რაოდენობა ხშირად მერყეობს, რადგან ზოგჯერ ახლები მოდიან, ზოგიც მიდის. შეძლებისდაგვარად, თითქმის ყველა ნიჭიერ ბავშვსა თუ ჭაბუკზე მაქვს წარმოდგენა.
ამერში თამაშობდით და ამ კლუბმა უცებ მიაღწია წარმატებას, დაარსებიდან ოთხ წელიწადში საქართველოს თასი მოიპოვა. მართალია, საბურთალო სხვა მიმართულების კლუბია და აქცენტი ფეხბურთელების გაზრდასა და გაყიდვაზე აქვს გადატანილი, მაგრამ ველოდოთ, რომ შედეგის მხრივაც უმაღლეს ლიგაში წამყვან გუნდებს შორის იქნება?
რატომაც არა. შესაძლებელია, მაგრამ გააჩნია, რა სახსრები ექნება კლუბს. აუცილებელია, რომ სახელმწიფო დაეხმაროს ფეხბურთს, უფრო მიმზიდველი გახადოს ბიზნესმენებისთვის, თორემ მხოლოდ ფულის ხარჯვა ყველას მობეზრდება. კერძო კლუბის მფლობელებს უნდა დაეხმარონ, რათა გასაქცევად არ გაუხადონ საქმე.
თქვენ როგორ ხედავთ ამ პროგრამას? უპირველესად, რით უნდა დაეხმარონ?
ეს საკანონმდებლო დონეზეა გადასაწყვეტი. თავისუფლად შეიძლება, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უფრო გაუიოლდეს ბიზნესმენს. ამერი დაიშალა, ახლა ზესტაფონის მაგალითი გვაქვს წინ, ასე რომ, სახელმწიფოებრივი კუთხით რაღაც უნდა გამოსწორდეს. ეს დაეტყობოდა ეროვნულ ჩემპიონატსაც. საქართველოს ჩემპიონატის დონე თუ არ ამაღლდა, არაფერი გამოვა.
საქართველოს ჩემპიონატიდან ძალიან ჭირს ფეხბურთელის გაყიდვა...
იმიტომ, რომ ბევრი წინაღობაა არასპორტული თვალსაზრისით. მათ შორის, სამუშაო ვიზა. ისეთი ინფრასტრუქტურა არაა, რომ ჩემპიონატი გაძლიერდეს და უცხოელ მენეჯერს აქ ფეხბურთელის სანახავად ჩამოსვლა მოუნდეს. აქედან გასვლა უჭირთ ჩვენს ფეხბურთელებს, თორემ თამაშით უცხოეთშიც კარგად ითამაშებდნენ.
საბურთალოს გამართული ბავშვთა სკოლა აქვს და ძირითადი გუნდიც დამაჯერებლად ლიდერობს პირველ ლიგაში. სხვა მხრივ, ყველაზე მეტად რა აკლია კლუბს და დიდი ფინანსების შემთხვევაში რას შეცვლიდით უკეთესობისკენ?
ისევ ინფრასტრუქტურაზე ვიტყვი. ფინანსები რომ იყოს, ბუნებრივსაფარიან მინდორს დავამატებდით. ბუნებრივი რომ ხელოვნურს სჯობს, ეს ყველამ იცის, მაგრამ გაკეთება და მერე მოვლა ძვირი ჯდება. პროექტში გვაქვს ბუნებრივი საფარიც, უბრალოდ, მთლიანად ქვეყანაშია ფინანსური პრობლემები და ეს ჩვენს კლუბზეც ისახება.
ბევრს აინტერესებს: საბურთალო უმაღლესი ლიგის მატჩებს ბენდელაზე ჩაატარებს თუ გლდანში.
გლდანში გვაქვს კარგი ხელოვნურსაფარიანი მინდორი, სადაც ჩვენი ჭაბუკთა ლიგის გუნდები თამაშობენ. იქვეა ბუნებრივიც, რომელიც მოსაწესრიგებელია. თუ საშუალება იქნება, ის ბალახის მოედანიც გაკეთდება.
დღევანდელ ბავშვებზე რას იტყვით, რამდენად ნიჭიერები და მონდომებულები არიან? თქვენი ბავშვობის წლებთან გაავლეთ პარალელი.
ჩვენს დროს არ იყო კომპიუტერები, თამაშს ეზოში ვსწავლობდით, დღეს კი ბევრი ბავშვი კომპიუტერთან უფრო დიდ დროს ატარებს, ვიდრე ბურთთან. მეტი უნდა იშრომონ. კომპიუტერმა მოკლა ქუჩის ფეხბურთი და ისე გამოდის, რომ ბავშვთა გუნდის მწვრთნელმა უნდა ასწავლოს ის ელემენტები, რაც ეზოში უნდა შეეთვისებინა. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ასეთი არაა. უბრალოდ, ბევრს სხვა ინტერესები გაუჩნდა.
ფეხბურთელობისას საუკეთესო პერიოდად რომელს მიიჩნევთ?
ალბათ, ამერში გატარებულ წლებს. ასევე, ვიტ ჯორჯიაში, სადაც საქართველოს ჩემპიონი გავხდი.
ამერი 2006 წელს უეფას თასზე გერმანულ ჰერტას შეხვდა და დიდი ბრძოლა გაუმართა, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო. გაიხსენეთ ის თამაშები.
ჰერტას ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავდა: ბრაზილიის ნაკრების მცველი ჟილბერტო, გერმანიის ნაკრებში ჰყავდათ ფრიდრიხი. კიდევ, იყვნენ ბაშთურქი, პანტელიჩი, დარდაი... ჩვენ დასაკარგი არაფერი გვქონდა, კარგად ვითამაშეთ და მხოლოდ მსაჯის დამატებულ წუთებზე გავუშვით გოლი. ბერლინში 0:1 წავაგეთ, შინ კი ორჯერ ვიგებდით და 2:2 მორჩა. ამერი ბრძოლისუნარიანი, შეკრული და დალაგებული გუნდი იყო, კარგი შედეგებიც ამან მოიტანა.
მეორე ბუნდესლიგის ფიურტშიც იყავით... იქ როგორ მოხვდით?
ვიტ ჯორჯიაში ვთამაშობდი და უცხოეთში გვქონდა შეკრება, სადაც ლიუბეკის მწვრთნელს მოვეწონე. ლიუბეკი იმ დროს რეგიონალლიგაში იყო. ის მწვრთნელი ხუთი თვის შემდეგ ფიურტში დანიშნეს და მეც წამიყვანა. ფიურტში თამაში ხშირად არ მიწევდა, საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო და გამოცდილებაც შევიძინე.
იმ დროს ფიურტში რომელი ცნობილი ფეხბურთელები თამაშობდნენ?
ბერძენი იოანის ამანატიდისი, რომელიც შემდეგ შტუტგარტშიც იყო და აინტრახტშიც, სადაც კაპიტანიც გახლდათ. ასევე, მცველი ჰაიკო ვესტერმანი. იმ დროს ვესტერმანი ახალგაზრდა იყო, ფიურტის ახალგაზრდულში უწევდა თამაში, მერე კი აშკარად მოუმატა და ჯერ არმინიაში გადავიდა, იქიდან კი შალკეში. გერმანიის ნაკრებშიც საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა. ახლა კი ჰამბურგშია.
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე