სიახლეები

გოჩა ავსაჯანიშვილი: საქართველოს ნაკრებს საკმაოდ შემტევი პოტენციალი აქვს

გაუზიარე

საქართველო-გერმანიის მატჩიდან უკვე ათი დღე გავიდა, მაგრამ ეს არ ყოფილა იმ კატეგორიის შეხვედრა, უცებ რომ მივივიწყოთ. "ჩვენმა თამაშმა" მატჩის შესახებ უკვე არაერთი ქართველი სპეციალისტის აზრი შემოგთავაზათ, დღეს კი თამაშს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გოჩა ავსაჯანიშვილი აფასებს.

კარგად ვიცნობ თემურ ქეცბაიასაც და კახა ცხადაძესაც, ვიცი მათი საფეხბურთო გემოვნება და ხედვაც. თემურს საქმისთვის არაფერი დაუკლია და ნაკრებში შედეგის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა, დღეს კი გუნდს კახა წვრთნის და მას მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს. ცხადაძე, როგორც მწვრთნელი, წლიდან წლამდე იზრდება და ნაკრების მწვრთნელობა უდავოდ დაიმსახურა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გერმანიამ, ალბათ, თავისი საუკეთესო თამაში ჩაატარა.

გერმანია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენმა მეტოქემ ითამაშა სწორედ ისე, როგორც ამ სტატუსის მქონე გუნდს შეეფერებოდა. სტუმრებმა საოცარი მატჩი ჩაატარეს, მათ სისწრაფეებზე თამაში და რაიმე საპასუხო ნაბიჯის მოფიქრება წარმოუდგენლად რთული იყო.
ყოველივე ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს თავი არ შეურცხვენია. მომეწონა ის, რომ ჩვენი ბიჭები ასეთ მრისხანე მეტოქეს ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ეთამაშნენ, რაც მათი დამსახურებაცაა და მწვრთნელისაც. 
რაც შეეხება გერმანიის საშემოდგომო ჩავარდნას, მოსალოდნელი იყო, რომ ტრიუმფალური მუნდიალის შემდეგ იოახიმ ლიოვის გუნდს პრობლემები შეექმნებოდა. სანაკრებო კარიერა დაასრულეს ისეთმა დიდებულმა ფეხბურთელებმა, როგორებიც ფილიპ ლამი და მიროსლავ კლოზე არიან, დაცვისთვის დიდი ძალა იყო პერ მერტეზაკერიც...
ფეხბურთის ისტორია გვიჩვენებს, რომ ჩავარდნა ნებისმიერ დიდ გუნდს ეწყება, განსაკუთრებით, მოგებული ტიტულის შემდეგ. თუმცა თბილისში დავრწმუნდით, რომ გერმანელთა კრიზისი დროებითი იყო.

რა პოზიტივი დაინახეთ საქართველოს ნაკრების თამაშში?

თავიდანვე ნათელი იყო, რომ სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა გერმანელების იქნებოდა და დროის უდიდეს ნაწილს საკუთარ საჯარიმოსთან გავატარებდით. ჩვენი უკანა ხაზი მოწინააღმდეგის იერიშებს ძირითადად დამაჯერებლად უმკლავდებოდა და საბედნიეროდ, რამდენჯერმე გერმანული დაცვის შეწუხებაც შევძელით. ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ლევან მჭედლიძე მიმაჩნია, რომელმაც ბევრი იშრომა შეტევაში და სტუმართა დაცვას გვარიანი ოფლი აღვრევინა.
საერთოდ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს საკმაოდ შემტევი პოტენციალი უდავოდ აქვს. ცენტრფორვარდის პოზიციაზე სადღეისოდ მჭედლიძე უალტერნატივოდ ჩანს, შემტევი ნახევარმცველები კი ნამდვილად გვყავს და მათ შორის კონკურენციაც არის. ოქრიაშვილი, ჭანტურია, ყენია, ანანიძე, ყაზაიშვილი – ამ ბიჭებს ბევრი მეტოქისთვის შეუძლიათ თავსატეხის გაჩენა.
აუცილებლად ცალკე უნდა ვახსენო ლაშა დვალი. რომ არა ალექსანდრე ამისულაშვილის ტრავმა, მისი სანაკრებო დებიუტი გადაიდებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ლაშას მატჩის დასაწყისიდანვე მოუწია თამაშში ჩართვამ და დაკისრებულ ფუნქციებს თავი ღირსეულად გაართვა. გაოცებული ვარ, როგორ ცივსისხლიანად და აუღელვებლად მოქმედებდა 19 წლის ბიჭი. დვალს რომ დიდი მომავალი აქვს, აქამდეც უდავო იყო, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონებთან ჩატარებულმა დამაჯერებელმა თამაშმა მას სულ სხვა ფასი დაადო. დარწმუნებული ვარ, მის სამომავლო კარიერაში ეს მატჩი ძალიან დიდ როლს ითამაშებს. 
პარალელს გავავლებდი საქართველო-იტალიის 1997 წელს ჩატარებულ შეხვედრასთან, როცა ტრავმირებული კახა ცხადაძის ნაცვლად მოედანზე კახა კალაძე შევიდა და იტალიელთა სუპერვარსკვლავი კრისტიან ვიერი გაანეიტრალა. გავიხსენებდი ასევე ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპის თამამ და სრულიად მართებულ გადაწყვეტილებას, როცა 17 წლის ზურაბ ხიზანიშვილი და ოთარ ხიზანეიშვილი, რომლებსაც საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდათ, პირდაპირ ნაკრების ძირითადში გაამწესა და ამით მათ შესანიშნავ კარიერას დაედო სათავე.
ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებში ახალგაზრდა მცველების დაწინაურება ხშირად ამართლებს და დვალს წინამორბედების გზით სვლას ვუსურვებ.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ცხადაძეს ნდობა გაუმართლა, გიორგი ნავალოვსკია. ვამაყობ, რომ იგი ჩვენი, 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მას ნაკრებში ადრეც უთამაშია, მაგრამ იმხელა პაუზა გამოუვიდა, ფაქტობრივად, დებიუტანტია. გიორგიმ დაამტკიცა, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე დღეს უალტერნატივოა.

როგორ უნდა გამოიყენოს საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში დარჩენილი პერიოდი?

არც მალტის და არც გერმანიის ნაკრებებთან მატჩები არ არის ის საზომი, რომლითაც საქართველოს ნაკრების რეალური ძალა და პოტენციალი გაიზომება.ეს ჯგუფი ახლა რომ იწყებოდეს, იმედი გვექნებოდა, რომ პოლონეთს, ირლანდიასა და შოტლანდიას ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევდით, მაგრამ რაკი ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი უკვე დავკარგეთ, ისღა დაგვრჩენია, ამ ციკლის ბოლო მატჩები მომდევნო შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წლევანდელი შეხვედრების შედეგებს მნიშვნელობა არ ექნება. პირიქით, გიბრალტარის გარდა, როგორმე ერთი მატჩი მაინც უნდა მოვიგოთ. დიდებული ამბავი იქნება, თბილისში შოტლანდიის დამარცხება რომ შევძლოთ. ეს საქართველოს ნაკრების ფსიქოლოგიური განწყობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნებოდა. მეტიც, შოტლანდიას თუ მოვუგეთ, დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტი სასიკეთოდ აისახება მომდევნო ციკლის შედეგებზე.
იმედს ვიტოვებ, რომ შოტლანდიის მასპინძლობა ცარიელი ტრიბუნების ფონზე არ მოგვიწევს, ეს ჩვენი გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. საქართველო-გერმანიის მატჩისას მოედანზე შვიდი კაცი გადახტა, რამაც სტუმართა სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სერიოზული ფინანსური სანქცია ემუქრება, ცარიელი ტრიბუნები კი ჩვენთვის კატასტროფა იქნება. მინდა, ამ ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ მომავალში მაინც აღარ ჩაიდინონ ასეთი წინდაუხედავი და არასერიოზული საქციელი.

როგორია თქვენი მოლოდინი ნაკრების მომავალთან დაკავშირებით?

მჯერა, კახა ცხადაძე აუცილებლად დაატყობს ხელს საქართველოს ნაკრებს და ჩვენი ეროვნული გუნდი უფრო შინაარსიან და, რაც მთავარია, უფრო შედეგიან ფეხბურთს ითამაშებს.მას გუნდთან ერთად ჯერ მხოლოდთითებზე ჩამოსათვლელი დღეები აქვს გატარებული და მთავარი საქმეები წინ აქვს. სეზონი დასრულდება, ცხადაძე ბაქოს ინტერს დაემშვიდობება და ამის შემდეგ მთელ ძალისხმევას საქართველოს ნაკრებს მოახმარს, რამაც შედეგი აუცილებლად უნდა მოიტანოს.

ლევან ჯანეზაშვილი