სიახლეები

ქართველ მსაჯთა ახალი მეთაური იორნ ვესტლარსენი : არ გამიკვირდება, თუ ფიფას ქართველ არბიტრთა რაოდენობა მალე გაიზრდება

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა მთავარი ოფიცერი, დანიელი იორნ ვესტლარსენი საქმეს გასულ კვირას შეუდგა. ის თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული, ქართველი მსაჯების ფიზიკურ ტესტებს დაესწრო, სემინარი და პრაქტიკული მეცადინეობა ჩაატარა. ვესტლარსენი უმაღლესი ლიგის დინამო-დილას შეხვედრასაც დაესწრო, პირველი ლიგის მატჩებიც ნახა და სამწყსოს მაისამდე დაემშვიდობა. ქართველ მსაჯთა კორპუსში მთავარი კაცი ახლა სწორედ ის გახლავთ. ვესტლარსენის მიერ ინიშნება საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე მსაჯები და მათ მომზადებაზე პასუხისმგებელიც ის არის...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მსაჯთა ცნობილი სკანდალის შემდეგ დამიკავშირდნენ. ჩემსა და ფედერაციას შორის მოლაპარაკებები ლევან ფანიაშვილის მეშვეობით მიმდინარობდა _ გვითხრა იორნ ვესტლარსენმა, რომელსაც მსაჯებთან მორიგი შეხვედრის შემდეგ შევხვდით, _ ქართველ მსაჯებთან საქართველოში ჩამოსვლამდეც მქონია შეხება. საქმე ისაა, რომ პარალელურად ვმუშობ დანიის ფეხბურთის ფედერაციასა და უეფაში. უეფას სპეციალური პროგრამით შვეიცარიაში თეორიულ მეცადინეობებს წელიწადში ორჯერ ვატარებ, იქ ქართველებიც ჩამოდიან. გარდა ამისა, უეფაში პოლონეთის, ესპანეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და საქართველოს კურატორიც ვარ და კარგად ვიცი, ამ ქვეყნების სამსაჯო კორპუსში რა ხდება. მოკლედ, საქართველო ჩემთვის უცხო არ ყოფილა და ამიტომაც დავთანხმდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას. ვეცდები, ჩემი საქმიანობით ქართული სამსაჯო სკოლა ახალ სიმაღლეზე ავიყვანო. 

უეფაში კონკრეტულად რა გევალებათ?

უეფასთან თანამშრომლობა 13 წლის წინ დავიწყე. იქამდე კი თავადაც მსაჯი ვიყავი. ფიფას არბიტრის წოდება 1995 წელს მივიღე და მაღალი დონის საერთაშორისო თამაშებს 2001 წლამდე ვუძღვებოდი. ასაკის გამო საქმეს 2002 წელს ჩამოვშორდი, თუმცა სამუშაოდ უეფამ მიმიწვია. უკვე 13 წელიწადია, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის, ასევე სანაკრებო შესარჩევ მატჩებზე მსაჯთა დამკვირვებელი ვარ. ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 150 შეხვედრაზე ვიყავი მივლენილი. პარალელურად ვარ უეფას ინსტრუქტორი და მსაჯთა განათლების სპეცილურ პროგრამაშიც ვმონაწილეობ. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, მსაჯთა მწვრთნელი ვარ და გარკვეულ დონეზე ბევრი ქვეყნის ფედერაციასთან მაქვს ურთიერთობა. 

ქართველ მსაჯებს პირველი შეხვედრისას რა უთხარით, რაზე გაამახვილეთ ყურადღება?

განსაკუთრებული ჯერ არაფერი ყოფილა. მსაჯებმა ფიზიკურ მომზადებაში ტესტები ჩააბარეს და შემდეგ მათ ამ ტესტების შედეგები გავაცანი. მსაჯებს მაჯაზე სპეციალური საზომი აქვთ დამაგრებული და ჯპს სიგნალის მეშვეობით ჩემს კომპიუტერში მათი ფიზიკური მონაცემი ფიქსირდება. დღეს ფეხბურთი ძალიან სწრაფი გახდა და თუ მსაჯი შესაბამისად არ არის მომზადებული და ტემპს ვერ აჰყვა, საქმეს მაღალ დონეზე ვერ გააკეთებს. მეტწილად დანიაშიც იგივეს კეთება მიხდება, რაც ახლა აქ გავაკეთე. თქვენს მსაჯებსაც პირველი შეხვედრისას სწორედ ფიზიკური მომზადების მნიშვნელობაზე ვესაუბრე, მერე კი სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზეც გავამახვილებთ ყურადღებას. 

პირველი ტესტი და სემინარი უკვე ჩაატარეთ. ფიქრობთ, რომ ქართველი მსაჯების შესაძლებლობები კარგად იცით?

პირველი თბილისში იყო, თორემ ამას წინათ მთელი ათი დღე ანთალიაში ერთად ვიყავით. გარდა ამისა, როგორც გითხარით, შვეიცარიაში წელიწადში ორჯერ ვატარებ ლექცია-სემინარებს, რომელსაც ქართველი მსაჯებიც ესწრებიან და თანაც, გავიმეორებ, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის კურატორიც უეფაში ვარ. ქართველი მსაჯები ყოველი მატჩის შემდეგ კომპიუტერით იმ საეჭვო ეპიზოდების ჩანაწერს მიგზავნიან, რომელიც. მათი აზრით, მნიშვნელოვანია. მათ ჩემი რჩევა და რეკომენდაცია აინტერესებთ. ამას წინათ, მაგალითად, ლაშა სილაგავამ გამომიგზავნა მისი მსაჯობით ჩატარებული მატჩის ფრაგმენტები და რამდენიმე ეპიზოდზე მკითხა, სწორად შეაფასა თუ არა ვითარება. ვუთხარი, რომ ერთ-ერთი ფეხბურთელისთვის წითელი ბარათის ჩვენება მართებდა.  

უეფაში, საქართველოს გარდა, კიდევ ხუთი ქვეყნის კურატორი ბრძანდებით. შეგიძლიათ, ამ ქვეყნების მსაჯების თავისებურებანი შეადაროთ?

მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის, თუმცა მთავარი ისაა, რომელ ქვეყანაში როგორ უძღვებიან მსაჯები მატჩს. ძირითადი სამუშაო მათთან სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს. ქართველ მსაჯებს მეტი პროფესიონალიზმის გამოვლენა მართებთ. მათ საკუთარ თავზეც უნდა იმუშაონ და კვების საკითხიც მოაწესრიგონ _ რამდენიმეს აშკარად წონის პრობლემა აქვს. 

ქართველი მსაჯების დადებითი თვისება რა არის?

ის, რომ ერთ გუნდად არიან შეკრულნი და ერთმანეთს ხშირად უზიარებენ აზრებს. პროფესიული ზრდისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დღესდღეობით საქართველო ფიფაში სამი არბიტრით არის წარმოდგენილი. როგორ ატყობთ, შეიძლება ახლო მომავალში მათი რაოდენობა გაიზარდოს?

დიახ, საქართველოში დღეს რამდენიმე პერსპექტიული არბიტრია. ისინი პირველი ლიგის მატჩებს ემსახურებიან. ერთ-ერთი არბიტრის საქმეში სანახავად ახლა უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლშემადგენლობათა მატჩი უნდა ვნახო. მოკლედ, ჩემთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ფიფას ქართველ არბიტრთა რაოდენობა მალე გაიზრდება. 

დღესდღეობით ფეხბურთში მსაჯების მთავარი პრობლემა რა არის?
   
ის, რომ ფეხბურთი ძალიან განვითარდა და თანამედროვე ტექნოლოგიებმა მსაჯებს მცირედი შეცდომის დაშვების უფლებაც კი მოუსპო. ახლა მსაჯების თითოეულ ნაბიჯსა და სასტვენის ხმას ვიდეოკამერები აკონტროლობენ, მათ თითოეულ მოქმედებას ყველა ხედავს და ისინიც, ცხადია, ორმაგად დაძაბულები არიან. 

მატჩისას მსაჯებისთვის ყველაზე რთულად გასაკონტროლებელი რა არის?

პროვოკაცია ფეხბურთელების მხრიდან. არადა, ბოლო დროს სიმულაციის ფაქტები გახშირდა და მსაჯებს ამ პრობლემასთან ბრძოლა ყველა ქვეყანაში უჭირთ. 

ლუკა თალაკვაძე