სიახლეები

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - პრესინგი, თამაშის წყურვილი და ენდშპილი

გაუზიარე
25 მარტი. თბილისი. „მიხეილ მესხი“. 12 000 მაყურებელი

საქართველო – მალტა 2:0 


1:0 კანკავა (83), 2:0 ყაზაიშვილი (90+1)

საქართველო: ლორია (რევიშვილი 46), კვირკველია (ყენია 46), კაშია, ამისულაშვილი, კობახიძე (ძალამიძე 84), ნავალოვსკი, მახარაძე, კანკავა, ოქრიაშვილი (ვაწაძე 71), ჭანტურია (ყაზაიშვილი 64), მჭედლიძე (ცხადაძე 71)

სათადარიგოები: ალავიძე; თოთაძე, დვალი, კაკუბავა, ლობჟანიძე, დაუშვილი

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

მალტა: ჰაბერი, კარუანა, ბეზინა, ბორგი (კამენზუმი 90), აგიუსი, ფარუჯია (ეფიონგი 60), კოენი, რ. მუსკატი, შკემბრი, კამილერი (ზ. მუსკატი 46), კრისტენსენი (სკერი 71).

სათადარიგოები: ჰოგი; ფენეჩი, ბრიფა, ი. პიზანი,  ს. პიზანი, ბონელიო

მწვრთნელი: პიეტრო გედინი.

გაფრთხილება: ბორგი (44), კაშია (53)

მსაჯი: ალექსანდრს ანუფრიევსი (ლატვია).

ახალი მწვრთნელი, სიახლის იმედი, ოთხჯერ შეცვლილი ტაქტიკა, მეტოქის ნახევარზე ხშირი პრესინგი, გვიანი გოლები და საჭირო გამარჯვება – ასეთი იყო 25 მარტის საღამო `მიხეილ მესხზე~. ილუზიით ნამდვილად არ ვცხოვრობთ და ნაკრებისგან, რომელმაც მატჩამდე მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა სრული შემადგენლობით, ვარსკვლავების ჩამოკრეფას არ ველოდით. იყო თამაშის ელემენტები, რაც უკეთესის სურვილს ტოვებდა, თუმცა ყველაფერი ერთად ვერ მოვა. 

რას ისახავს მიზნად ამხანაგური მატჩი? მოგებას და ასევე, მნიშვნელოვანი თამაშის წინ სხვადასხვა მონახაზის გამოცდას. ეს ორივე მოხერხდა. კახა ცხადაძემ იღბლიანად დაიწყო სანაკრებო კარიერა, პირველი მატჩი მოიგო. 

სანამ უშუალოდ სათამაშო ნიუანსებზე ვიტყოდეთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მეტყველი სურათი: 90 წუთის განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ, ჯარიმების, აუტებისა და სხვადასხვა პაუზის დროს ქართველი ფეხბურთელები დაჭიმული ლარივით რომ იდგნენ და ერთი სული ჰქონდათ, როდის განახლდებოდა თამაში.

გუნდს თამაში სწყუროდა, თანაც ძალიან სწყუროდა. 

ასეთ შეხვედრებში, როცა მეტოქე ლამის მთელი გუნდით საკუთარ საჯარიმოსთან გისაფრდება და ბურთის უკანაა, მნიშვნელოვანია, რომ გოლი სწრაფად გაიტანო. ამით სილაღე გემატება, შებოჭილობა გეხსნება, მეტოქეც ცოტა წინ იწევს და სივრცეები ჩნდება. ეს ვნახეთ კიდეც, მაგრამ ვნახეთ მხოლოდ 83-ე წუთიდან. მანამდე გოლი არ გავიდა...

კახა ცხადაძემ 3-4-2-1-ით დაიწყო თამაში. კარში გიორგი ლორია იდგა, რომელსაც მხოლოდ ერთხელ დაურტყეს და ისიც ისეთი, ლორიამ ხელში თოჯინასავით შეათამაშა ბურთი. დაცვის სამეული ასეთი იყო: მარჯვნივ სოლომონ კვირკველია, მარცხნივ გურამ კაშია და შუაში ალეკო ამისულაშვილი. სიურპრიზი იყო სანდრო კობახიძის მთელ მარჯვენა ფლანგზე გამწესება, აი, მარცხნივ კი გიორგი
ნავალოვსკი მართლაც რომ მოქმედებდა და კარგი მატჩიც ჩაატარა. 

ნახევარდაცვის ცენტრში, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯაბა კანკავასა და კახა მახარაძის წყვილი ვნახეთ. თავდასხმის ფლანგებზე თორნიკე ოქრიაშვილი (მარცხნივ) და გიორგი ჭანტურია (მარჯვნივ) იყვნენ, ყველაზე წინ კი ლევან მჭედლიძე. 

თავიდან ტემპი დაბალი იყო, მალტამ უმალვე უკან დაიხია და ქართველები ბურთს თავისუფლად ათამაშებდნენ, ოღონდ ეს მათი კარიდან 30 მეტრის მოშორებით. რაც დრო გადიოდა, სტუმრები უფრო მეტად `თხრიდნენ სანგარს~. პირველი კარგი კომბინაცია ის იყო, როცა ნავალოვსკიმ ცენტრიდან მიიღო ბურთი, ჩააწოდა და მჭედლიძემ სუსტად მოიქნია ფეხი. მე-17 წუთზე ოქრიაშვილმა ცაციათი გაისროლა და მალტელთა მეკარე ჯასტინ ჰაბერმა ლამაზი გოლი არ გვაჩვენა, კუთხურზე გადააგდო ბურთი. 

ჰაბერმა იმითაც დაგვამახსოვრა თავი, რომ რამდენჯერაც ფეხით შეიყვანა ბურთი, იმდენჯერ აუტზე გადააგდო. მეორე ტაიმში ასე აღარ იყო და ხუმრობდნენ, ალბათ, ბუცები უკუღმა ეცვაო.  

მჭედლიძე, ნავალოვსკი, ჭანტურია – ყველაზე მეტად ეს სამეული გამოირჩეოდა. ნერვიულობდა დებიუტანტი მახარაძე, რასაც უფრო სასტარტო ღელვას დავარქმევდით, რადგან მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა. 

მეორე ტაიმში საქართველო ტაქტიკაშეცვლილი გამოვიდა. კვირკველიას ნაცვლად ლევან ყენია შემოვიდა, რომელსაც პირველივე წუთიდან შეეტყო, რომ ნაკრებში თამაშს მონატრებული იყო. ცხადაძემ 4-2-3-1 სქემაზე გადართო გუნდი, კობახიძე მარჯვენა მცველი გახდა (თუმცა მაინც წინ უწევდა გული), მარცხნივ ნავალოვსკიმ დაიწია, ნახევარდაცვის შემტევ სამეულს რაც შეეხება: ჭანტურია მარჯვნივ დარჩა, ოქრიაშვილი შუაში შეიწია და მარცხნიდან ყენია მოქმედებდა, თუმცა ოქრიაშვილი და ყენია ადგილებს ცვლიდნენ.
საქართველომ მეტოქის ნახევარზე პრესინგი გააძლიერა, მალტელებს ზოგჯერ ძალიან უჭირდათ ბურთის ამოტანა და 55-ე წუთზე ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ოქრიაშვილმა ჩახვეული დარტყმით ხარიხას მოარტყა. ყენია სხვებთან შედარებით აქტიური იყო, სულ ბურთს ითხოვდა და კარგ გაგრძელებასაც პოულობდა. სხვათა შორის, სპეციალურად ვნახეთ ვიდეოგამეორებაზე და 45 წუთის განმავლობაში ყენიას ბურთი არ დაუკარგავს (უჯარიმოდ). 

71-ე წუთზე ცხადაძემ 4-4-2 სქემაზე გადააწყო ნაკრები: შემოვიდნენ ბაჩანა ცხადაძე და მათე ვაწაძე, მანამდე კი ვაკო ყაზაიშვილი ჩაერთო თამაშში. მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, როცა სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს, ფორვარდმა ალფრედ ეფიონგმა ამისულაშვილს სისწრაფეში და პოზიციაშიც აჯობა, პირისპირ დარჩა ნუკრი რევიშვილთან და სასწაულად გადავრჩით – ზორბა მალტელმა ძელს მოარტყა ბურთი. იმედია, ამისულაშვილი გერმანიასთან მატჩში გაცილებით ფხიზლად იქნება. მარკო როისი, თომას მიულერი თუ მარიო გიოტცე მალტელ ალფრედ ეფიონგს კი არ ჰგვანან...

და გოლიც, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით: საჯარიმო დაინიშნა, ყენიამ ჩააწოდა და კაპიტანმა ჯაბა კანკავამ დასწრებისას მხრით გაიტანა – 1:0. 

ამ გოლს ცვლილება და კიდევ ერთი ტაქტიკური სვლა მოჰყვა. კობახიძე ნიკა ძალამიძემ შეცვალა და მარჯვენა ფლანგზე დაიკავა ადგილი, ხოლო კახა მახარაძემ დაცვის ცენტრში ჩაინაცვლა და ისევ სამმცველიანი სისტემა, ოღონდ ამჯერად კაშია-მახარაძე-ამისულაშვილით. პრესკონფერენციაზე ცხადაძემ თქვა, რომ მახარაძის უკან დაწევა კონკრეტულად ამ ბოლო წუთებში მიიჩნია საჭიროდ, თორემ ზოგადად დაცვაში არ მოიაზრებს. 

სანამ მეორე გოლს გავიტანდით, ერთი კარგი შეტევა და ერთიც კონტრშეტევა განვახორციელეთ. განსაკუთრებით სახიფათო იყო კონტრშეტევა, როცა ოთხი ორზე იყვნენ ქართველები, ბურთი ვაწაძეს ჰქონდა და, სამწუხაროდ, უზუსტო პასი გააკეთა. 

გოლს რაც შეეხება, ვაკო ყაზაიშვილმა კანკავასგან კარგი პასი მიიღო, საჯარიმოში შევიდა, მცველს ოსტატურად გასცდა, პაუზა გააკეთა და ჯასტინ ჰაბერს ახლო კუთხეში დაბალი დარტყმით გაუტანა – 2:0. ეს ყაზაიშვილის პირველი გოლია ეროვნულ ნაკრებში და ერთიც გვენიშნა: ვაკოს არნემის ვიტესშიც საკმაოდ ხშირად გააქვს ბოლო წუთზე. 
ბოლოს კი ყველაზე თვალნათლივ ტაქტიკურ სიახლეზე – პრესინგი მეტოქის ნახევარზე, რაც ძალიან დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. კარგა ხანია, საქართველოს ნაკრებს მეტოქე მისსავე ნახევარზე ასე არ შეუბოჭავს.

ოღონდ ერთიცაა, ნაკრები ყველანაირ მეტოქესთან სათამაშოდ მზად უნდა იყოს და მალტისნაირ გუნდებს მეტი საგოლე მომენტი უნდა შეუქმნას. ევროპაში ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ნაკრებები, რომლებიც საქართველოს მკვეთრად დაცვიდან ეთამაშებიან. ცოტანი, მაგრამ არიან... 

აი, 29 მარტს კი ასეთი მოწინააღმდეგე არ გვეყოლება. წინ რამდენიმე დღეა მოსამზადებლად და უიმედოდ ჩვენი მტერი იყოს. 

ილია ნანობაშვილი