სიახლეები

თბილისი გერმანელების თვალით, იმგზავრეთ მეტროთი

გაუზიარე

თავიდანვე ვთქვათ: გერმანიას საქართველოსთან თბილისში თამაშზე დაახლოებით ათასი ქომაგი ჩამოჰყვება.
შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს: არაოფიციალური სტატისტიკით ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონმა გახსნის დღიდან ყველაზე მეტი მაყურებელი 1995 წლის 29 მარტს მიიღო, ანუ საქართველო - გერმანიის უახლოესი მატჩიდან ზუსტად 20 წლის წინ... 

ძველი და ახალი თაობის ქომაგთა თქმით, 20 წლის წინანდელ იმ მატჩს დაახლოებით 100 ათასი მაყურებელი ჰყავდა, ლივერპულთან 1979 წლის შეხვედრას კი, ამბობენ _ 90 ათასი ესწრებოდაო.

... გუშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდმა საქართველოს შესახებ რამდენიმე ცნობა გამოაქვეყნა. ამ ცნობებს, ცხადია, ჩვენი ყურადღება ისედაც არ მოაკლდებოდა, მაგრამ მათგან ერთი გამოსარჩევია და აი, რატომ  _ გერმანელების აზრით, დინამო - ლივერპულს საქართველო - გერმანიაზე მეტი ქომაგი ესწრებოდა, არადა, ერთხელაც ვიტყვით _ 1979 და 1995 წლების მატჩებზე დამსწრეთ უთქვამთ, რომ ლივერპულზე მეტი ხალხი გერმანიაზე იყოო... 

გერმანიასთან თამაშთან დაკავშირებით ერთ ამბავსაც გავიხსენებ. 2006 წელს საქართველომ გერმანიასთან ჯერჯერობით ერთადერთი ამხანაგური მატჩი ითამაშა (არადა, ამხანაგური მატჩი ვალივით არის, თუ სტუმრად ითამაშებ, მეტოქეს უნდა უმასპინძლო კიდეც. სადღეისოდ კი, გერმანიასთან საქართველოს ამხანაგური მხოლოდ სტუმრად უთამაშია). როსტოკში 0:2 წაგებულ იმ მატჩს თავად ვესწრებოდი და კარგად მახსოვს, როგორი ყურადღება დაუთმო გერმანულმა პრესამ ჩვენი ნაკრების როსტოკში სტუმრობას. ერთ-ერთმა პოპულარულმა გერმანულმა გაზეთმა 16-გვერიდანი გაზეთის შლაზე საქართველოს დროშასთან ერთად საქართველოს ეროვნული ჰიმნის ტექსტი დაბეჭდა. ჩვენი ეროვნილი გუნდი მიმართ ასეთი ყურადღება არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მინახავს... 

გერმანია კვირას საქართველოს მეოთხედ შეხვდება. სტუმრები თბილისში ფრანკფურტიდან ჩარტერული რეისით პარასკევს, საღამოს ცხრაზე ჩამოფრინდებიან. მათი საფეხბურთო კავშირი კი თბილისში ჩამოსვლის მსურველებს, რომლებიც არცთუ ცოტანი არიან, თავის ვებ-გვერდზე ასეთ ცნობებს აწვდის: 

მაინის ფრანკფურტიდან თბილისამდე დაახლოებით 3 ათასი კილომეტრია. ამ 3 ათასი კილომეტრის დაფარვას კი ეროვნულ გუნდთან ერთად დაახლობით ათასი გერმანელი ქომაგი აპირებს.

გერმანიის ნაკრებს იმ სტადიონის სავსე ტრიბუნების წინაშე მოუწევს თამაში, რომელიც თბილისში 1936 წელს აშენდა, სადღეისოდ კი 54 549 მაყურებელს იტევს. 1936 წლის შემდეგ სტადიონი, სადაც გერმანიამ 29 მარტს უნდა ითამაშოს, ხუთ სხვადასხვა სახელს ატარებდა, დღეს კი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო-არენად იწოდება. აშენებისას სტადიონის ტევადობა 23 ათასი იყო, 70-იან წლებში კი უკვე 78 ათასს ქომაგს იტევდა. 1979 წლის 3 ოქტომბერს დინამო - ლივერპულის თამაშს არაოფიციალური მონაცემებით 110 000 ქომაგი დაესწრო. გერმანიამ კი თბილისში პირველად 1995 წელს ითამაშა და იმ შეხვედრას 75 ათასმა ქომაგმა უყურა. იმ 75 ათასის თვალწინ ჩვენებმა საქართველოს იურგენ კლინსმანის გოლებით 2:0 მოუგეს. 
... თბილისის ნაწილი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება. სტადიონი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ფეხბურთის გარეშეც საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება _ გირჩევთ მის არქიტექტურას ყურადღება მიაქციოთ. 
თბილისის საერთო ხედის ნახვის მსურველებს კი ვურჩევთ, მთაწმინდის პარკში ავიდნენ და ქალაქის პანორამას იქიდან გადმოხედონ. იქვეა `ეშმაკის ბორბალი~, საიდანაც თბილისის ბრწყინვალე ხედი იშლება. 

თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა გოგირდის აბანოებია. სწორედ ამის გამო გერმანელები თბილისს ხშირად `თბილი აბანოების ქალაქად~ მოიხსენიებენ. მე-17 საუკენეში ამგვარი აბანოების რაოდენობა თბილისში 70-მდე უნდა ყოფილიყო. 

თბილისში ცენტრალური რუსთაველის პროსპექტია. ის ვარდებისა და თავისუფლების მოედნებს შორის მდებარეობს. იქვეა სახელმწიფო დაწესებულებები, კულტურული ცენტრები, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი. 

ღამის ცხოვრების მოყვარულებს შარდენისა და ერეკლე მეორის ქუჩებზე შეუძლიათ გართობა. ისინი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს. ერეკლე მეორე იყო საქართველოს ის მეფე, რომელიც რუსეთთან გაფორმებული ტრაქტატის მიუხედავად, ევროპისკენ მიილტვოდა.

თბილისში სამანქანო მოძრაობა მოუწესრიგებელია და ამის გამო, გადაადგილებისას, შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ. ამიტომ გირჩევთ, რომ მეტროთი ისარგებლოთ, ის თბილისში ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალებაა. 

ლუკა თალაკვაძე