სიახლეები

კრისტიან კარამბე: რეალი სხვა განზომილებაა

გაუზიარე

იღბალი, მეტად თუ ნაკლებად, ცხოვრებაშიც და საქმიანობაშიც საჭირო და მნიშვნელოვანია, თუმცა ერთია, როცა `რაღაცაში~ გაგიმართლებს და სხვაა, როცა იღბლიან ვარსკვლავზე ხარ დაბადებული. სპორტსმენთა შორის ასეთებს, ალბათ, არაერთს გავიხსენებთ, მაგრამ, ვინც პირველ რიგში გაგახსენდება, ერთ-ერთი უთუოდ კრისტიან კარამბე იქნება. მას საფეხბურთო კარიერაშიც ერთობ გაუმართლა და პირად ცხოვრებაშიც. რატომ? აბა, რომელ მამაკაცს არ შეშურდებოდა კრისტიანის, მას ხომ ცოლად სლოვაკი სუპერმოდელი ადრიანა სკლენარიკოვა ჰყავდა. "ჰყავდა" იმიტომ, რომ ისინი 2012 წელს დაშორდნენ, თუმცა კრისტიანმა და მსოფლიოში ყველაზე გრძელფეხება მოდელმა 15 წელი იცხოვრეს ერთად...

ფრანგი ფეხბურთელი ტოპ-მოთამაშეთა კატეგორიას ნამდვილად არ  მიეკუთვნებოდა, მაგრამ სწორედ "იღბლის ვარსკვლავმა" აქცია კარამბე ვარსკვლავად. კარიერა 1990 წელს დაიწყო ნანტში და 2006-ში ბასტიაში დაასრულა, შუალედში კი იყო ჩემპიონთა ლიგაში ორჯერ გამარჯვება, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები, კონფედერაციათა თასის მოგება...

კრისტიან კარამბემ საფრანგეთის ნაკრების მაისურა 53-ჯერ მოირგო და ოდენ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა გუნდთან ერთად 1998 წელს მსოფლიო თასი აღმართა, ხოლო ორი წლის შემდეგ, ბელგია-ჰოლანდიაში, კონტინენტის ჩემპიონიც გახდა. მადრიდის რეალში კი სამი სეზონი (1997-2000) გაატარა და უპრესტიჟულესი ევროპული საკლუბო ჯილდო ორჯერ მოიგო, რასაც საკონტინენტთაშორისო თასიც მიამატა. ამის ფონზე საფრანგეთისა (ნანტის შემადგენლობაში) და ორჯერ საბერძნეთის (ოლიმპიაკოსთან ერთად) ჩემპიონობა დიდად სახსენებელიც არ არის, თუმცა ტიტული ტიტულია და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ 1995 და 1998 წლებში კარამბე ოკეანეთის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა – ის ხომ ახალ კალედონიაშია დაბადებულ-გაზრდილი, რომელიც ავსტრალიის სიახლოვესაა, თუმცა საფრანგეთის შემადგენლობაში შედის. ამდენად, მისი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტულების კოლექცია მართლაც უნიკალურია.

"ჩვენი თამაშის" მკითხველს ეხსომება, რომ 15-17 მარტს ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებთან დაკავშირებით მედია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ორგანიზატორებმა ზაფხულში გასამართი პლაჟის ფეხბურთის ტურნირის კენჭისყრის ცერემონიალი დაამთხვიეს. კრისტიან კარამბე აზერბაიჯანის დედაქალაქში სწორედ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად იყო ჩამოსული და თუ რატომ - ამაზე ქვემოთ... 
ასეთი შანსის ხელიდან გაშვება ჟურნალისტისთვის ცოდვა იქნებოდა და ბუნებრივია, თითქმის ყველა საფეხბურთო ტიტულის მფლობელ კრისტიან კარამბეს მიმართ პრესის ინტერესი დიდი იყო, მაგრამ მასთან ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ ადგილობრივმა სამთავრობო ტელევიზიამ და "ჩვენმა თამაშმა" შეძლეს. საქმეში "ბაქო 2015"-ის მთავარი მედია-ოფიცერი ჩავრიე და კარამბეს გულის მოსაგებად მცირე "მსხვერპლი" გავიღე _ სხვათა ქომაგმა თავი გამოვიდე და ვუთხარი, რომ საფრანგეთის ნაკრებს და მადრიდის რეალს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ. რამდენიმე წამში ფრანგი ფეხბურთელი „ჩვენი თამაშის“ კითხვებს პასუხობდა.

კრისტიან, გმადლობთ, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით...

თქვენი კარგად მესმის. ჟურნალისტის პროფესია ხომ საინტერესო რეპორტაჟის თუ ინტერვიუს მომზადებაა, რისთვისაც ხანდახან ხრიკებსაც არ ერიდებით...

საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არასდროს მქონია, მაგრამ გარემოებათა გამო პრესისთვის სასურველი რესპონდენტი გავხდი. შეხედეთ, თქვენ გარდა კიდევ რამდენი ჟურნალისტია. ყველას ვაფასებ, თუმცა შეუძლებელია, თითოეულის სურვილი დააკმაყოფილო. ასეთ შემთხვევაში ამ დარბაზში საღამომდე მომიწევს ყოფნა. იღბალი გქონიათ, რადგან აქ მედიის 50-მდე წარმომადგენელია, მე კი თქვენს კითხვებს ვპასუხობ.

უპირველესად, ბაქოში თქვენი ჩამოსვლის მიზეზზე გკითხავთ...

მიხვდებოდით, აზერბაიჯანში ჩემი ყოფნა მოგზაურობას და ტურიზმს არ უკავშირდება. ფეხბურთელი ვიყავი და კომპლექსურ შეჯიბრებებთან შეხება არ მქონია, მაგრამ ოლიმპიური თამაშების და, ზოგადად, მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მნიშვნელობა კარგად ვიცი და ვაფასებ.
ბაქოში ამ ზაფხულს ისტორიულ მოვლენას ეყრება საფუძველი, რასაც პირველი ევროპული თამაშები ჰქვია. მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვანი ფაქტის თანამონაწილე ვიქნები. „ბაქო 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტმა თამაშებზე პლაჟის ფეხბურთის ელჩობა შემომთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ასეთი რამ ფეხბურთშიც ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაში ყოველწლიურად ამა თუ იმ ცნობილ ფეხბურთელს იწვევენ საპატიო ელჩად. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბაქოს თამაშებზე ამ მისიის შესრულება მე დამაკისრეს. ივნისში აქ პლაჟის ფეხბურთის რვა საუკეთესო ევროპული ნაკრები შეიკრიბება და ვფიქრობ, საინტერესო ტურნირი იქნება.

ფეხბურთელობისას შვიდ გუნდში ითამაშეთ, თუმცა ძნელი გამოსაცნობი არ არის, ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდათ...

როგორც წესი, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მისი პირველი კლუბი უნდა იყოს, სადაც დიდ ფეხბურთს ეზიარა, მაგრამ ჩემი შემთხვევა სხვაგვარია.

ნანტის დიდად მადლიერი ვარ. ამ გუნდთან ხუთი წელი და 130 მატჩი მაკავშირებს. შემდეგ სამპდორიაში გადავედი, საიდანაც მართლაც რომ ზღაპარში მოვხვდი. მადრიდის რეალში გატარებული დრო ჩემი ცხოვრების ოქროს ფურცლებია. სწორედ "სამეფო კლუბში" ყოფნამ დამაჯერა, რომ სრულფასოვანი მოთამაშე ვარ. ფეხბურთელის კარიერა არცთუ ხანგრძლივია და ძალიან უნდა გაგიმართლოს, ამ რამდენიმეწლიან მონაკვეთში მოასწრო ისეთი დიდი კლუბის წევრობა, როგორიც რეალია. რაც უნდა გითხრათ, სიტყვებით მაინც ვერ გადმოგცემთ, ბოლომდე ვერ შეგაგრძნობინებთ იმ ატმოსფეროს, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" სუფევს. ეს თავად უნდა ნახოთ და შეიგრძნოთ! ჩემპიონთა ლიგა კი მსოფლიოში საუკეთესო საკლუბო ტურნირია და რომ არა რეალი, მისი მოგებით გამოწვეულ სიხარულს ალბათ ვერასოდეს გამოვცდიდი. ბოდიში ყველა საფეხბურთო კლუბთან, მაგრამ ჩემთვის ჯერ რეალია და მერე – ყველა დანარჩენი. "სამეფო კლუბთან" ახლოსაც კი ვერავის დავაყენებ.

საკლუბოზე არანაკლებ წარმატებული გამოდგა თქვენი სანაკრებო კარიერაც...

ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით. ალბათ, ჩემმა პასუხმა გაგაოცათ, რადგან ჯილდოების ჩემს კოლექციაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლებიც ინახება. როგორ შეიძლება, ეს არ გახარებდეს და გაბედნიერებდეს – ამ დიდ ტიტულებზე რომ არაფერი ვთქვათ, არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს კარიერის ბოლომდე ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაც კი ოცნებად დარჩენია.

საფრანგეთის ნაკრებში 53 მატჩი ვითამაშე და თავი არც ერთში დამიზოგავს, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატებზე მოედანზე გასვლის შესაძლებლობა ხშირად არ მეძლეოდა. ამიტომაც განვასხვავებ საკლუბო და სანაკრებო წარმატებებს. რეალში მოგებულ ჩემპიონთა ლიგის ორ თასში ჩემი წვლილი უფრო დიდი იყო, ვიდრე ნაკრების მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობის დროს.

შეადარეთ თქვენი დროისა და ახლანდელი საფრანგეთის ნაკრები...

მაშინ ზინედინ ზიდანი იყო და ამით ყველაფერია ნათქვამი! დღეს საფრანგეთის ნაკრებს უმაღლესი დონის ასეთი ფეხბურთელი აღარ ჰყავს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ახალი ზიდანიც მალე გამოჩნდება.
ყველაფრის საზომი ხომ შედეგებია? იმდროინდელმა ნაკრებმა მსოფლიოში უძლიერესის ტიტული მოიპოვა, რის შემდეგაც საქმე უკან-უკან წავიდა. ფაქტია, რომ 15 წელია, ნაკრებს მეტ-ნაკლებად სერიოზული წარმატებისთვის აღარ მიუღწევია.

საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთ ქვეჯგუფში ორჯერ მოხვდნენ. უყურეთ იმ მატჩებს?

ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მით უფრო - ეროვნული გუნდი. ნაკრების მატჩებს ყოველთვის ვუყურებ და რა უნდა მოხდეს, რომ გამოვტოვო?!

მახსოვს, წინა შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა შინ მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწია და ფრეს გამორჩა, რითიც საფრანგეთს ჯგუფში პირველობა დააკარგვინა.

კახა ბერიძე