სიახლეები

ხალხოსანი პლატინის ახალი ეპოქა

გაუზიარე

გუშინ, ვენაში უეფას 39-ე კონგრესზე 59 წლის მიშელ პლატინი მესამე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს უეფას პრეზიდენტად. ერთადერთ კანდიდატს უეფას 54-ვე ნაციონალური ფედერაციის დელეგატმა დაუჭირა მხარი. სხვაგვარად ალბათ ვერც იქნებოდა, რადგან წარსულში საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარული კაპიტნის უეფაში მისვლით, ამ ორგანიზაციაში ახალი ეპოქა დაიწყო.

ეს ამბავი 2007 წელს მოხდა დიუსელდორფის კონგრესზე. პლატინიმ თავიდანვე თქვა – ფეხბურთი სახალხო თამაშია, ამიტომ ის ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და არა ერთეულებსო. ერთეულებში ის მდიდარ კლუბებს გულისხმობდა. დაიწყო რეფორმები, რომლებმაც დიდი ფეხბურთი მანამდე ერთგვარად გარიყულ აღმოსავლეთ ევროპამდეც მოიყვანა. ჩემპიონთა ლიგაში შედარებით პატარა და უქონელი კლუბებისთვის მოხვედრა გაადვილდა, რამაც მათ სოლიდური შემოსავლები მოუტანა. ყავლგასულ უეფასა და ინტერტოტოს თასების მაგიერ ევროპა ლიგა დაარსდა, რომელმაც რანგით მეორე ტურნირს მეტი ფასი დაადო. შეიცვალა ფინანსური გადანაწილების პრიორიტეტებიც, რომელმაც (მაგალითად პროგრამა Hატ თრიცკ) პატარა ფედერაციების, მათ შორის საქართველოს, წისქვილზე დაასხა წყალი. 

და Fair Play ? ეს არის უეფას ფინანსური კონტროლი კლუბებისადმი, რომლებიც უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე გამოიმუშავებენ, არასწორ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებენ და ამისდაკვალად, ხშირად კრიზისში ვარდებიან. პლატინიმ თქვა: ევროპული კლუბების 50 პროცენტი მცდარი ფინანსური პოლიტიკის გამო ბევრ ფულს კარგავს, შემდეგ ვალებს ვეღარ იხდის და ეს ტენდენცია იზრდება. გვინდა მათ დავეხმაროთ, ამიტომ დავაწესეთ ზღვარი და სანქციებიც შემოვიღეთო.  

პლატინიმ მოახერხა და ჩააცხრო სეპარატისტული და ზეეროვნული ჩემპიონატების ჩატარების იდეები. გახსოვთ ალბათ: რუსულ-უკრაინული პრემიერლიგის შექმნის ამბავი, სადაც ასტრონომიულ თანხებზე იყო საუბარი. თანმიმდევრულად იქცევიან ყირიმთან მიმართებშიც.

აღმოსავლეთ ევროპა ვახსენეთ და პლატინის დიდი დამსახურებაა, რომ ევრო 2012 პოლონეთ-უკრაინაში გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოსკოვში ჩატარდა, ევროპა ლიგისა კი ვარშავასა და ბუქარესტში. უეფას სუპერთასი შარშანწინ პრაღაში გაიმართა, წლეულს კი თბილისი უმასპინძლებს. საქართველოში რამდენჯერმე ჩატარდა ასაკობრივი ნაკრებების ელიტრაუნდები, ფუტსალის ოთხთა ფინალი, 2017 წელს კი 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს ვუმასპინძლებთ. 

პლატინის კიდევ მრავალი იდეა აქვს. მაგალითად, ნაციონალური თასების გათამაშების პრესტიჟის ასამაღლებლად, გამარჯვებულების ჩემპიონთა ლიგაში ჩართვის ალბათობა. ასევე ევრო 2020-ის 13 ქვეყანაში ჩატარება, სპორტული პოლიციის შექმნა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით იმუშავებს და საფეხბურთო ხულიგნებს მკაცრად აგებინებს პასუხს.

საერთოდ, ფრანგებს რევოლუციები და რეფორმები არ ესწავლებათ. ასეა ფეხბურთშიც. ისინი ყველა საფეხბურთო ტურნირისა თუ ნომინაციის ან ორგანიზატორები ანაც თანამონაწილენი არიან. მაგალითად, ფიფა პარიზში დაარსდა და მისი პირველი პრეზიდენტიც ფრანგი ჟურნალისტი რობენ გერენი გახლდათ. ჟიულ რიმე მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების სულისჩამდგმელი იყო და ნიკეს თასი მის სახელსაც ატარებდა. ფრანგები, იტალიელები და ბელგიელები იყვნენ უეფას დაარსების ინიციატორები და ამ ორგანიზაციის პირველი შტაბ-ბინაც პარიზში იყო. ევროპის თასი, იგივე ევროპის ჩემპიონატის გამართვაც ფრანგი სპორტული ფუნქციონერის, ანრი დელონეს მოფიქრებულია და ევროპის თასს ახლაც მისი სახელი ჰქვია. კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენაც ფრანს ფუტბოლის რედაქტორის, გაბრიელ ანოს ინიციატივა გახლდათ. მოკლედ, პლატინი ტრადიციების არ ღალატობს და ვფიქრობთ, უახლოეს ოთხ წელიწადში კიდევ მრავალ სიახლეს უნდა ველოდოთ. 

სოლომონ გულისაშვილი