სიახლეები

კახა ცხადაძე: როგორც მწვრთნელი, ძალიან შევიცვალე

გაუზიარე
"არსებობს მწვრთნელი-მენეჯერი და არსებობს მწვრთნელი-მასწავლებელი. საქართველოში და ზოგადად ასეთ პატარა ქვეყნების ნაკრებებში, უნდა მუშაობდნენ მწვრთნელი-მასწავლებლები". 

"თვეში ერთხელ მაინც ჩავატარებთ ორდღიან სანაკრებო შეკრებას. მასში ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები იქნებიან. დაახლოებით ისეთი შეკრება იქნება, ექტორ კუპერი რომ აკეთებდა სამშაბათობით". 

"ახალგაზრდა თაობაში, 18-21 წლის ფეხბურთელებში ბევრია ისეთი, რომლებსაც დიდი პერსპექტივა აქვთ. ისინი ჯერ უნდა მომაგრდნენ, დაკაცდნენ და მერე ეროვნულ ნაკრებშიც მოვიწვევთ. არ გვინდა, ეს ნაადრევად გავაკეთოთ, რადგან ამით შეიძლება ვავნოთ მათ". 

"როგორც მწვრთნელი, ათი წლის წინანდელთან შედარებით ძალიან შევიცვალე. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ხანდახან მგონია, რომ ათი წლის წინ თითქმის არაფერი ვიცოდი. მწვრთნელისთვის გამოცდილება დიდი სიმდიდრეა." 

ეს ამონარიდებია კახა ცხადაძესთან ინტერვიუდან. "ჩვენი თამაში" საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცს "მიხეილ მესხის" სტადიონზე შეხვდა. ვრცლად ვისაუბრეთ, მაგრამ იყო ისეთი საკითხები, რომლებსაც ჯერ ვერ შევეხებოდით - ცხადაძეს ხომ ჯერ ერთი ვარჯიშიც არ ჩაუტარებაი ეროვნულ ნაკრებში. ვარჯიშები დღეს იწყება, 25 მარტს კი როგორც იცით, ამხანაგური მატჩი გველის მალტასთან. ხოლო 29-ში ისეთი თამაშია, ბევრი ქართველი ქომაგი მოუთმენლად რომ ელის - საქართველო-გერმანია. 

მოდით, იმ დღიდან დავიწყოთ, როცა საქართველოს ნაკრების თავკაცობა შემოგთავაზეს. დაფიქრდით თუ მაშინვე თანხმობა განაცხადეთ? 

სპონტანურად არ მიმიღია გადაწყვეტილება. დავფიქრდი, ავწონ-დავწონე. სამშობლოს მთავარი ნაკრების გაწვრთნა ძალიან საამაყოა და რამდენადაც საამაყოა, იმდენად მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს. ახლა ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. 

ათი წლის წინანდელთან შედარებით, როცა თბილისის დინამოსა და ბოლნისის სიონს წვრთნიდით, როგორც მწვრთნელი ძალიან შეიცვალეთ?

ძალიან. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ხან მგონია, რომ ათი წლის წინ თითქმის არაფერი ვიცოდი. გამოცდილების მიღებასთან ერთად, უფრო თავდაჯერებული ხდება მწვრთნელი. მითმეტეს, თუ კარგი შედეგი აქვს. გარდა ამისა, ფეხბურთი იცვლება და საჭიროა რიტმს ფეხი აუწყო, ამიტომ გამოცდილების მიღებასთან ერთად, მწვრთნელი მუდმივად იცვლება, იზდება.

საქართველოს ნაკრებს ჰყავდა მწვრთნელი, რომელსაც აქ ჩამოსვლამდე 7-8 წლით ადრე სასწაული შედეგები ჰქონდა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სპეციალისტად მიიჩნეოდა, მაგრამ შემდეგ აშკარად ვერსად ვეღარ აჩვენა კარგი შედეგი. ექტორ კუპერზე ვამბობთ...

საერთოდ, საქართველოში უცხოელ მწვრთნელებს ძალიან უჭირთ, რადგან ვერ ითვალისწინებენ არასაფეხბურთო მომენტებს. არსებობს მწვრთნელი-მენეჯერი და არსებობს მწვრთნელი-მასწავლებელი. საქართველოში და ზოგადად ასეთ პატარა ქვეყნების ნაკრებებში უნდა მუშაობდნენ მწვრთნელი-მასწავლებლები. აქ უნდა ასწავლო, მიუთითო, განუმარტო. ევროპაში ეს არაა საჭირო, იქ ყველაფერი დაყენებულია, მწვრთნელს არ უწევს დიდი ახსნა-განმარტება, აქ კი სხვა ვითარებაა. არასაფეხბურთო დეტალები აქ ძალიან მნიშვნელოვანია. 

რამდენად ხშირი კომუნიკაცია გექნებათ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან? 

საერთოდ კარგია, როცა ყველა ნაკრები, 17-წლამდელებიდან დაწყებული ეროვნულით დამთავრებული, ერთი ხედვით მოქმედებს, თუმცა ეს არ უნდა იყოს დოგმა. აუცილებელია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ტაქტიკურად განათლებული მოვიდეს ეროვნულ ნაკრებში. რა თქმა უნდა, ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებთან შეხვედრები მექნება. არამც და არამც არ შეიძლება მათი შეზღუდვა და ერთი კონკრეტული ტაქტიკის არჩევის დავალება, მათ უნდა მიეცეთ დამოკიდებლად მოქმედების, გნებავთ, აზროვნების საშუალება. 

"ზოგიერთ ფეხბურთელს შევატყვე, რომ პესიმისტურად იყო განწყობილი და ამის გამო მათთვის ცოტა უხეშად მიმართვაც მომიწია" - ეს თქვენი სიტყვებია...  

ზოგიერთ კი არა, უმეტესობას... ფეხბურთელები არ გვყავს და რატომ უნდა მოვიგოთ - ეს არასწორია. მაშინ, რა გამოდის? გავაუქმოთ საერთოდ ფეხბურთი? შეძახილმა ხე გაახმოო, ბოლოს მართლაც დაიჯერებენ ფეხბურთელები, რომ თურმე არაფრის მაქნისები არ არიან და ყველანაირი მუხტი დაიკარგება. ზოგს ჰგონია, რომ ჩემი სიტყვები მხოლოდ ფსიქოლოგიური კუთხით და ფეხბურთელების განწყობის ასამაღლებლად ვთქვი, მაგრამ მხოლოდ ასე არაა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც უცხოეთში ცუდად არ თამაშობენ და ისე არ გვაქვს საქმე, რომ არიქა, ხელები ჩამოვუშვათ. გერმანიის ნაკრებმა ამ შესარჩევში მოიგო, ფრედ ითამაშა და წააგო კიდეც, ესე იგი, არაა ის ნაკრები, რომელსაც ვერაფერს დააკლებ. 

თქვით, შესაძლოა, ნაკრებმა სამი ცენტრალური მცველიის სისტემით ითამაშოსო. გერმანიასთან უნდა ველოდოთ ამას?

ჯერ არ გადაგვიწყვეტია. მალტასთან თამაშს დავაკვირდებით და რა თქმა უნდა, აუცილებლად ვუყურებთ გერმანია-ავსტრალის ამხანაგურ შეხვედრას. მგონია, რომ გერმანია ავსტრალიასთან როგორც ითამაშებს, ისეთ ტაქტიკას აირჩევს საქართველოსთანაც. 

მარცხენა მცველის პრობლემა აშკარად ჰქონდა ნაკრებს. მარჯვენა მცველადაც უჩა ლობჟანიძე თითქმის შეუცვლელად თამაშობდა. კიდევ რომელი პოზიცია იყო განსაკუთრებით პრობლემატური? 

ნახევარდაცვის შუაში გვჭირდება ფეხბურთელი, რომელსაც ჩაშლასთან ერთად, შეტევის ორგანიზებაც შეეძლება. საფეხბურთო ენაზე ზოგ ქვეყანაში ამას 8 ნომერს უწოდებენ, ზოგან 7 ნომერს. კახა მახარაძე სწორედ ასეთია. ანუ, ჯაბა კანკავასა და ბუბა დაუშვილის ერთად თამაში წარმოდგენილი არ მაქვს. კახა მახარაძის გარდაც გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ, მაგრამ ისინი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდები არიან და ამ ეტაპზე ნაადრევად, ფორსირებულად არ გვინდა მათი გამოყენება.

შესაძლოა თუ არა, რომ ნაკრებმა ორი ფორვარდით ითამაშოს? გერმანიასთან არ ვგულისხმობთ, აი, თუნდაც პოლონეთთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან. 

საერთოდ, ფორვარდების რაოდენობა აპრიორი არ ნიშნავს, თუ რამდენად შემტევი გუნდი ხარ. მთავარია, რამხელა ძალებით, რამდენი ფეხბურთელით მიდიხარ შეტევაში. ბარსელონას ახლა ჰყავს ლუის სუარესი, თორემ შარშან ვინ ჰყავდა ნომინალურად გამოკვეთილი ცენტრფორვარდი? და მაინც, ბარსელონა დიდი ძალებით უტევდა. იგივე გერმანიის ნაკრებში, არ იცი, ვინ საიდან შემოგიტევს, ნომინალური თავდამსხმელი თუ ნახევარმცველი. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი დეტალია. ახლა მალტის ნაკრები ჩამოვა, რომელიც ორი ფორვარდით თამაშობს, მაგრამ დანარჩენი რვა კაცი ეყოლება თავის ნახევარზე. საერთოდ, თანამედროვე ფეხბურთში ორი ფორვარდით თამაში ხშირად ნიშნავს მეორე ნომრად თამაშს.

თქვით, რომ კლუბში უთამაშებელ ფეხბურთელებს ნაკრებში ვერ დაეყრდნობით. თუმცა არიან ქართველი ლეგიონერები, რომლებსაც კლუბში ნაკლები პრაქტიკა აქვთ, მაგრამ კლასით სჯობნიან იმ ქართველ ლეგიონერებს, რომლებსაც შედარებით სუსტ გუნდში ათამაშებენ...

მთავარია, ფეხბურთელი სათამაშო რიტმში იყოს. დაუშვილის სახით გამონაკლისი დავუშვი და გამოვიძახე, მაგრამ ეს იმიტომ, კანკავას შეცვლის შემთხვევაში რეზერვში რომ მყავდეს. არ დამიმალავს, დაუშვილმა იცის, რომ მეორე ნომრად არის. ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, შარშანდელზე მეტი პრაქტიკა აქვს და რამდენიმე მატჩი სასტარტოშიც დააწყებინეს. სხვა თუ არაფერი, მჭედლიძე სერია ა-ს გუნდშია და პლუს, მისი სტილის ფორვარდი სხვა არ გვყავს. მათე ვაწაძე დანიის პირველ ლიგაში პრაქტიკის გარეშეა, ლადო დვალიშვილს ოდენსეში არ უწევს თამაში... კიდევ ერთი მომენტია: როცა ნაკრებში გიძახებენ, უკვე ნაკრების ფეხბურთელი ხარ. მინდორზე გადის 11 კაცი და კიდევ 3 შეცვლაზე, ამიტომ ყველას ვერ მოუწევს თამაში, მაგრამ როცა ნაკრებში ხარ, უკვე ნაკრების ფეხბურთელად მიიჩნევი და ეს დიდი პატივია. მესმის, რომ ამბიცია უნდა გქონდეს თამაშის, მაგრამ კონკურენციაც საკმაოა. 

შეადარეთ 20 წლის წინანდელი გერმანია და ახლანდელი. მაშინ 0:2 წავაგეთ, ნაკრების კაპიტანი იყავით...

მაშინდელ ნაკრებში უფრო ბევრი ვარსკვლავი იყო. ჯერ მარტო იურგენ კლინსმანი რად ღირს, ამას დაუმატეთ ანდრეას მიოლერი, მარიო ბასლერი, შტეფან როიტერი, ანდრეას კიოპკე და სხვები... თუმცა დღევანდელ გერმანიასაც ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი სახელი აქვთ. მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ფეხბურთი შეიცვალა. 20 წლის გერმანია ორი გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაშობდა.  ჩვენთან ჰყავდა კლინსმან-ჰერლიხის წყვილი. ახლა განსხვავებული ნაკრებია, ტიპიური ცენტრფორვარდის გარეშე თამაშობენ, სამაგიეროდ, დიდ დროს ატარებენ შეტევაში. სწორედ იმას ვამბობ, რაზეც უკვე ვისაუბრე: თავდამსხმელთა რაოდენობა აღარ ასახავს იმას, რამდენად შემტევი გუნდი ხარ. 

გერმანია გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე და გერმანია ახლა - რა განსხვავება დაინახეთ? 

ზოგადად, როცა ნაკრები მწვერვალზე ადის, შემდეგ მოსდევს პერიოდი დაღმასვლისა. ეს ფსიქოლოგიური მომენტი უფრო არის. ამ დაღმასვლით, სამწუხაროდ, პოლონეთმა და ირლანდიამ ისარგებლეს, ჩვენ კი ბოლომდე მოტივირებული გერმანია გვეთამაშება. ისე მოხდა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი დააბრუნეს ნაკრებში, რადგან ალბათ პირველად შეექმნათ საშიშროება, რომ ფინალურ ეტაპზე ვერ გასულიყვნენ. 

წეღან ახალგაზრდებზე ისაუბრეთ და შესაძლოა, ამ შესარჩევ ციკლშივე დააწინაუროთ ისინი ეროვნულ ნაკრებში? 

ახალგაზრდა თაობაში, 18-21 წლის ფეხბურთელებში ბევრია ისეთი, რომლებსაც დიდი პერსპექტივა აქვთ. ისინი ჯერ უნდა მომაგრდნენ, დაკაცდნენ და მერე ეროვნულ ნაკრებშიც მოვიწვევთ. არ გვინდა, ეს ნაადრევად გავაკეთოთ, რადგან შეიძლება თავად ახალგაზრდისთვისაც ცუდი შედეგი გამოიღოს. შესაძლოა ისინი ტექნიკურად და ტაქტიკურადაც კი უკვე მზად არიან, მაგრამ ფიზიოლოგიურად ჯერ არ მომწიფებულან. მაგალითად, ოთარ კაკაბაძის მოწვევას ახლავე ვაპირებდით, მაგრამ ჯერ ცოტა მოცდა აჯობებს. საერთოდ, თვეში ერთხელ მაინც ჩავატარებთ ორდღიან სანაკრებო შეკრებას. მასში ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები იქნებიან. დაახლოებით ისეთი შეკრება იქნება, ექტორ კუპერი რომ აკეთებდა სამშაბათობით. 

თქვენი ერთ-ერთი თანაშემწე გია ცეცაძე იქნება. რა პრინციპით შეარჩიეთ ცეცაძის კანდიდატურა? 

ცეცაძე კარგად იცნობს ახალგაზრდა თაობას, მუშაობდა ასაკობრივ ნაკრებში და ამ კუთხით იმუშავებს. ვარჯიშებს ჩემი თანაშემწე მილოშ იევტიჩი (ბაქოს ინტერშიც ცხადაძის ასისტენტი - რედ.) წაიყვანს და მე მნიშვნელოვან, საკვანძო მომენტებში ჩავერთვები. მალე სამწვრთნელო შტაბს გავაფართოებთ და სრულად შევავსებთ. 

ახლა ბლიც-კითხვები: ყველაზე ძლიერი პარტნიორი, რომელიც კარიერის განმავლობაში გყოლიათ. 

მურთაზ შელია იყო ის, ვისთანაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი. 

ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშიათ. 

ბევრია, მაგრამ მათ შორის კლინსმანი საუკეთესო იყო. 

მისაბაძი მწვრთნელი თუ გყოლიათ, ან გყავთ? მისაბაძი თუ არა, თქვენი აზრით, საუკეთესო...

სერ ალექს ფერგიუსონი ლეგენდარული მწვრთნელია. ასევე, პეპ გვარდიოლას მეთოდები და მისი ხედვა მომწონს. 

უცხოურ ფეხბურთში ვისი ქომაგი ხართ? 

ადრე ძალიან მომწონდა "მილანი". ეს ფრანკო ბარეზის პერიოდში, როცა პაოლო მალდინი ჯერ ახალგაზრდა იყო. ბოლო წლებში კი ერთი გუნდი განსაკუთრებულია ჩემთვის: "ბარსელონა" მსოფლიო ფეხბურთის ფლაგმანად მიმაჩნია, ლეო მესი კი უბრალოდ, საოცარია. 

ილია ნანობაშვილი