სიახლეები

უსინდისობამდე კარგი კაცი - როგორ წაართვეს თემურ ჯაფარიძეს მსოფლიო ჩემპიონატი

გაუზიარე

ქართული საკომენტატორო სკოლა ეროსი მანჯგალაძისა და კოტე მახარაძის სახელებს უკავშირდება. თემურ ჯაფარიძე მათი შემდგომი თაობის ტელესახეა, მან სამ ათეულ წელზე მეტხანს იმუშავა ტელევიზიაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი თაობის სპორტის მოყვარულთათვის ნაცნობი და საყვარელი კომენტატორია.
ბატონი თემური 70-80-იან წლებში ტელეეთერით პრაქტიკულად ყოველდღიურად გვაცნობდა სპორტის სიახლეებს და ტელე-რადიო რეპორტაჟებიც მიჰყავდა.
დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალს, ბუნებრივია, ბევრი აქვს სათქმელიც და გასახსენებელიც...

ბატონო თემურ, მოდით, თავიდან დავიწყოთ - როგორ მოხვდით ტელევიზიაში? რამდენადაც ვიცი, კონკურსის გავლამ მოგიწიათ...

პირველი რეპორტაჟი 1971 წელს წავიყვანე, მაგრამ, ვიდრე კონკრეტულ კითხვაზე გიპასუხებდეთ, წინაისტორიას გავიხსენებ. მორაგბე ვიყავი, თბილისის ლოკომოტივში ვთამაშობდი და საკავშირო ჩემპიონატის მატჩი გველოდა სსა მონინოსთან. ტრავმის გამო თამაშისთვის პრაქტიკულად თავი მქონდა დანებებული, მაგრამ გუნდთან ერთად მაინც ვიყავი.
თუ არ ვცდები, 1969 ან 1970 წელს კოტე მახარაძეს ჰქონდა რაგბის მატჩი წაყვანილი, მაგრამ, რადგან ბატონი კოტე ამ თამაშის წინ თბილისში არ გახლდათ, რეპორტაჟი ნუგზარ ჯუღელს უნდა წაეყვანა. ნუგზარმაც მოულოდნელად ხელები გაასავსავა, მე მაგ თამაშისა არაფერი გამეგებაო. ლოკომოტივის მწვრთნელი მაშინ ნოდარ ყიფიანი იყო, დაიბარეს ტელევიზიაში, რა ვქნათო. ნოდარსაც მაშინვე ჩემზე უთქვამს, გუნდში თემურ ჯაფარიძე მყავს, ტრავმის გამო მაინც ვერ თამაშობს, განათლებული ბიჭია, თავი სულ წიგნებში აქვს ჩარგული და ეგებ, გეცადათო. ფაქტობრივად, მაშინ შედგა ჩემი ნათლობა მიკროფონთან.
ერთი წლის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, ტელევიზიიდან სახლში დეპეშა მომივიდა, გთხოვთ, გამოცხადდეთ კონკურსის გასავლელადო. ცხადია, ძალიან გამიხარდა და მივედი. იქ 60-მდე კონკურსანტი დამხვდა, კონკურსი კი ხუთ ტურად ჩატარდა. თავიდან შეგვიყვანეს რადიოს სტუდიაში, აინტერესებდათ ხმა და მეტყველების კულტურა. შერჩევას კოტე მახარაძე აწარმოებდა და ბოლოს, როცა მე და რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით უფლისაშვილი დავრჩით, დავითმა ბატონ კოტეს განუცხადა, კომენტატორობას ისევ მსახიობობა მირჩევნიაო. ფაქტობრივად, კონკურენტი იქვე ჩამომცილდა. შემდეგ თავად ბატონმა კოტემ გამიწია რეკომენდაცია ტელევიზიის ხელმძღვანელებთან და  შტატგარეშე თანამშრომლად დავიწყე მუშაობა. ასე აღმოვჩნდი საქართველოს ტელევიზიის სპორტულ რედაქციაში.
მოკლედ, ამ კონკურსმა და რაგბისთან ურთიერთობამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრებისეული გეგმები, რადგან სამომავლო პროფესიად ინჟინრობა მქონდა გადაწყვეტილი. სერიოზულად მოვკიდე ხელი ჟურნალისტურ საქმიანობას, რომელიც დღემდე მიყვარს.

რატომ მაინც და მაინც კომენტატორობა?

45 წელი ვიყავი ტელეჟურნალისტიკაში სპორტულ კომენტატორად და თუ ძალიან არ გიყვარს ეს საქმე, არ უნდა შეეჭიდო. აქ შემთხვევითი ფაქტორი გამორიცხულია. გამიმართლა, რომ სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ბატონი პეტრე ლორთქიფანიძე მასწავლიდა, რაგბიში კი თაობების აღმზრდელ ნოდარ ყიფიანთან მქონდა ურთიერთობა - რასაც ჰქვია ნამდვილი კაცობის სკოლა, მასთან გავიარე.
დღემდე ვთვლი, რომ კომენტატორობა პროფესიაა და არა თანამდებობა, მავანთ კი რატომღაც პირიქით ჰგონიათ. ამ პროფესიის შესწავლა
კოტე მახარაძესთან ურთიერთობით დაიწყო და ბედნიერი და ამაყი ვიყავი, სამი ათეული წლის მანძილზე მასთან ერთად რომ გრძელდებოდა.

კოტე მახარაძესთან ურთიერთობა მართლაც ცალკე თემაა, მით უმეტეს, რომ მისი რჩეული იყავით...

ჩემი თაობის კომენტატორებისთვის უპირველესი საფეხბურთო რეპორტაჟების წაყვანა იყო, ჩვენ ხომ ეროსი მანჯგალაძისა და კოტე მახარაძის რეპორტაჟებზე გავიზარდეთ. მაშინ სხვა რეპორტაჟები იშვიათობა გახლდათ - იყო ერთი ტელევიზია, რადიო და, თუ დაგავალებდნენ, ყველანაირი რეპორტაჟი უნდა წაგეყვანა. მაგრამ, მე თავიდანვე ტელევიზიაში როდი ვიყავი. სამი-ოთხი წელი რადიოში ვმუშაობდი, რადიორეპორტაჟების წაყვანამ უდიდესი გამოცდილება შემძინა.
ბატონ კოტესთან ურთიერთობა მართლაც სხვა იყო. უფროსი თაობის კოლეგები ახალბედებს პირველი ტაიმის წაყვანას ანდობდნენ, მერე კი თავად აგრძელებდნენ. ჰოდა, მასთან ერთად მომიწია ერთ-ერთი პირველი რეპორტაჟის წაყვანამ. რომელი თამაში იყო, ზუსტად არ მახსოვს, მორჩა პირველი ტაიმი და ბატონი კოტე მეკითხება, ხომ არ ინერვიულეო? კი, მეთქი. შენ კი არ ინერვიულე, ღელავდიო. თუ არ ღელავ, შემოქმედებასთან ურთიერთობას თავი უნდა დაანებო, ეს ღელვა კი მაშინვე გაგივლის, როცა მიკროფონი ჩაირთვებაო. ცხადია, არ მახსოვს, რა ვილაპარაკე, მაგრამ კოტე მახარაძის ეს ჟესტი ჩემთვის იყო დიდი საჩუქარი. მივხვდი, რომ ამ საქმისთვის ღალატი არ შეიძლებოდა. ბატონი კოტესა და ჩემს ურთიერთობას უფრო ოსტატისა და შეგირდის ურთიერთობას დავარქმევდი, ვიდრე მოსწავლისას და მასწავლებლისას, მან თავისი პირველივე რჩევით ერთგვარად გზა დამილოცა სპორტულ ტელეჟურნალისტიკაში.
როცა ბატონი კოტე 75 წლის გახდა, წიგნი დაწერა "ორი ბატონის მსახური", ხოლო წიგნი მასზე - "კოტე მახარაძე" - ხელოვნებათმცოდნე ნოდარ გურაბანიძემ გამოსცა. ცხადია, ორივე წიგნი მაქვს, რომელიც ბატონმა კოტემ მაჩუქა წარწერით: "თემო, თემურ, თეიმურაზ! შენ უსინდისობამდე კარგი კაცი ხარ".
შარშან კოტე მახარაძის პრემიის ლაურეატი გავხდი, 2001 წელს კი ღირსების ორდენით დამაჯილდოვეს. ლაურეატობაზე ვიტყვი, რომ ეს, ალბათ, ჩემი მოკრძალებული შრომის დაფასებაა, ღირსებას ის ოჯახი გაძლევს, სადაც იზრდები, ხოლო ბატონი კოტეს ავტოგრაფი სწორედ განვლილი ცხოვრების დაფასებად მიმაჩნია.

ბატონო თემურ, ძალიან კარგად მახსოვს თქვენი რეპორტაჟები, მოამბის სპორტულ ბლოკსაც ყოველდღიურად მოუთმენლად ველოდი...

სპორტული პროგრამების რედაქციაში ძალიან კარგი გუნდი გვყავდა - კოტე მახარაძე, თენგიზ ნათაძე, ნუგზარ ჯუღელი, თამარ ბალავაძე, მე. მერე ჯამლეტ ხუხაშვილი შემოგვიერთდა. მართალია, ჯამლეტზე ორი თვით უფროსი ვარ, მაგრამ ჩემზე ხუთი წლით მეტი სტაჟი ჰქონდა. მოკლედ, მართლა კარგი გუნდი გვყავდა და, რაც მთავარია, გულიანად და სიხარულით ვაკეთებდით სპორტულ გადაცემებს სხვადასხვა თემაზე. ალბათ, ისიც გეხსომებათ, მოამბის გარდა იყო ალიონი, ნაშუადღევს. მოკლედ, მუშაობა გვიწევდა და გვიხაროდა. მოგვიანებით ახალგაზრდა თაობაც შემოგვიერთდა - ვოვა ნიკოლაიშვილი, გოგი ფრანგიშვილი, ტატო ლასხიშვილი, არმაზ მეტრეველი, ლაშა დვალიშვილი.
ხაზგასმით მინდა გამოვარჩიო დავით ქლიბაძე. დათო მაშინ ტელევიზიის სპორტული პროგრამების რედაქციის მთავარი რედაქტორი გახლდათ, სწორედ მან მიმიღო შტატში და, ცხადია, მასთან ურთიერთობამაც ძალიან ბევრი შემძინა - იგი მომთხოვნიც იყო, მკაცრიც და ნამუშევრის ობიექტურად შემფასებელიც. ძალიან მადლიერი ვარ მისი. დათო კრიტიკასაც არ ერიდებოდა და ვთვლი, რომ ის, ვინც შენდამი კრიტიკულადაა განწყობილი, დარწმუნებული ვარ, შენთვის კარგი უნდა. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

რას გულისხმობთ?

ფეხბურთის სამყაროსთან ახლოს რომ ვყოფილიყავი, სტადიონზე დიქტორადაც დავიწყე მუშაობა. მაშინ დინამოს სტადიონზე დიქტორად ნუგზარ ჯუღელი მუშაობდა, რუსულად კი ვლადიმერ პარტინი აცხადებდა. ერთხელაც ნუგზარმა მითხრა, მიდი, დღეს შენი ჯერი იყოსო. ცხადია, ვღელავდი, ემოციებიც მომეძალა და აღარ მახსოვს, როგორ და რანაირად გამოვაცხადე. თამაშის შემდეგ კი ნუგზარი მეუბნება, რა იყო, ბიჭო, რას ღრიალებდი მიკროფონშიო. გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ მწყენია, პირიქით, ნუგზარმა ამით მიმანიშნა, რომ შემდეგისთვის გამეთვალისწინებინა.
აქვე ერთი ამბავიც მინდა გავიხსენო. საბჭოეთის დრო იყო და პირდაპირი ეთერისას არაერთხელ ვამბობდი, ჩვენი ქვეყნის გუნდი წითელი ფერის მაისურით თამაშობს, უტევენ ჩვენი სპორტსმენები და ასე შემდეგ. ჰოდა, ერთხელაც სპორტულ ჟურნალისტთა თავყრილობაზე გაზეთ "ლელოს" მაშინდელმა რედაქტორმა, ბატონმა მიხეილ კაკაბაძემ გვერდზე გამიხმო და მამაშვილურად დამარიგა - თემურ, ყველაფერი კარგადაა, რეპორტაჟებიც ჩინებულად მიგყავს, მაგრამ შენც ხომ იცი, საბჭოთა კავშირი ჩვენი ქვეყანა არაა, ჩვენი ქვეყანა საქართველოა, თანაც, სჯობს, წითელი ფერის მაისურის ნაცვლად, უბრალოდ თქვა, წითელი მაისურით თამაშობენო. ბატონი მიშასგან რა უნდა მწყენოდა, მაგრამ მე უფრო ის მესიამოვნა, როცა ყველას თანდასწრებით კი არა, ცალკე ამიხსნა, სათქმელი მარტოს მითხრა.

არაერთი რეპორტაჟი წაგიყვანიათ. გამორჩეული და დასამახსოვრებელი რომელია?

როცა 2003 წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად გავიდა მსოფლიო თასზე. ეს იყო ენით აუწერელი სიხარული. ემოციურად დატვირთული რეპორტაჟი გამოვიდა, თამაშითაც და განწყობითაც – მაშინ ხომ საოცარი გამარჯვება მოვიპოვეთ. არასდროს დამავიწყდება 50 ათასი გულანთებული გულშემატკივრის სიხარული, მგონი, ემოციებისგან პირდაპირ ეთერში ვხაოდი კიდეც.

ალბათ, ყოფილა კურიოზული რეპორტაჟიც...

კი, იყო ასეთიც, მაგრამ მე იმდენად არ მეხება, რამდენადაც ჯამლეტ ხუხაშვილს. მოკლედ, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის საფეხბურთო მატჩია, საქართველოს ნაკრები რუსეთს ხვდება და შეთანხმებულნი ვართ, პირველი ტაიმი მე უნდა წავიყვანო, მეორეს კი ჯამლეტი გააგრძელებს. ის თამაშია, შუქი რომ ჩაქრა 23-ე წუთზე. ირგვლივ უკუნეთია, ლოკომოტივის სტადიონის სადიქტოროში მხოლოდ ჩვენი პულტები ანათებს, ამ დროს შემოდის ჯამლეტი და ერთი და იგივეს იმეორებს, მე ვარ, არა, ჭკვიანი ებრაელი? რა იყო, ჯამლეტ, რა მოხდა, რაზე ნერვიულობ, ჰონორარს ხომ ორივე ისედაც ავიღებთ, თუ ესეც არ გაკმაყოფილებს, ჩემს ჰონორარსაც შენ მოგცემ-მეთქი. არადა, მაშინდელი რეპორტაჟისთვის ჰონორარად 7-7 ლარი უნდა აგვეღო. მიმიხვდა იუმორს და იუმორითვე მიპასუხა, რაღა რა მოხდა, არ სჯობდა, მე დამეწყო, ხომ შევიდოდი ისტორიაში, ასეთი რამ აწი როდის მოხდებაო.

იმ დროს, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი არხი იყო და თავისთავად პოპულარული იქნებოდით. თუ გეხმარებოდათ ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

იცით, რა განსხვავებაა ტელევიზიასა და თეატრს შორის და რა უპირატესობა აქვს ტელევიზიას? ტელევიზიის უნიჭო დიქტორიც კი ყველასთვის ნაცნობი და პოპულარულია, თეატრის ბევრ მსახიობს კი მხოლოდ ის საზოგადოება იცნობს, ვინც თეატრში დადის. ასე რომ, ჩემი პოპულარობა არასდროს, არაფერში გამომიყენებია. ერთადერთი, სულო ცოდვილო, ქეიფსა და დროსტარებაზე არასდროს მითქვამს უარი და ავტოინსპექტორები მწყალობდნენ ძალიან. ცხადია, სასიამოვნოა, როცა გცნობენ, გიღიმიან, მაგრამ ამას კაცობით უნდა დამსახურება და არა მხოლოდ სატელევიზიო პოპულარობით. მე ასე მიმაჩნია.

დღეს უკვე აღარ მუშაობთ ტელევიზიაში, საინტერესოა, თუ დაგრჩათ რაიმე განუხორციელებელი იდეა ან სურვილი?

დამრჩა და თანაც, როგორი - 2007 წლიდან დღემდე გულნატკენი ვარ. საქმე ისაა, რომ იმ წელს, როცა საფრანგეთში ჩატარდა რაგბის მსოფლიო თასი, ძალიან დიდი შანსი იყო, პირველად ქვეყნის ისტორიაში ადგილიდან განხორციელებულიყო პირდაპირი რეპორტაჟი. მართალია, 2003-ში ექსკლუზიური უფლება ტელეკომპანია "იმედს" ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მატჩების რეპორტაჟი პირდაპირი ეთერით "იმედის" სტუდიიდან გადაიცემოდა. მოკლედ, 2007 წლის მსოფლიო თასის გათამაშება მოახლოვდა და პირველი არხის უფროსობას ვუთხარი, ვინაიდან 42-ივე მატჩის ექსკლუზიური ჩვენების უფლება ნაყიდი გვაქვს, მაქვს აკრედიტაცია, მივდივარ საფრანგეთში როგორც ჟურნალისტი, ბარემ ვიყიდოთ კომენტატორის ადგილიც. ჩემთვის მოულოდნელად უარი მითხრეს და აქ ვიგრძენი პირველად დიდი იმედგაცრუება. წარმოიდგინეთ, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩია, საფრანგეთის ქალაქ ლანსში ვეთამაშებით ნამიბიას, ვუგებთ 30:0-ს, ვზივარ ჟურნალისტთა ლოჟაში და ჩემ წინ ოციდან 19 ქვეყნის კომენტატორი მუშაობს პირდაპირ ეთერში, საქართველოში რეპორტაჟს კი ამ დროს სტუდიიდან უძღვებიან. მე რომ იქ უსაქმოდ ვიჯექი, ამან მატკინა გული, თორემ ქომაგობით ჩვენს ბიჭებს, ცხადია, გულიანად ვქომაგობდი.
იგივე განმეორდა 2011 წელსაც, როცა რეპორტაჟებს ისევ თბილისის სტუდიიდან აწარმოებდნენ და არა ახალი ზელანდიიდან. ვნახოთ, თუ იგივე იქნება წელსაც, რაღა უნდა ვთქვა, აღარც ვიცი. იმაზე მტკივა გული, რომ ძალიან მინდოდა, პირდაპირი სატელევიო რეპორტაჟი წამეყვანა პირველად მსოფლიო ჩემპიონატიდან. არ მომცეს თუ ვერ მომცეს ამის უფლება, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, ამან ძალიან მატკინა გული.

დღევანდელობაზე რას იტყვით, გამოარჩევთ ვინმეს?

დღეს სატელევიზიო ეთერი იმდენადაა გაჯერებული, მიკროფონთან მისვლა ძალიან იოლი საქმე გახდა. მხოლოდ თბილისშია დაახლოებით 15 ტელეკომპანია. ვისაც არ ეზარება, ყველა ან წამყვანია, ან კომენტატორი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს პროფესია დღეს ძალიან იოლად ხელმისაწვდომი გახდა. მე ვერც ვერავის გამოვარჩევ და ვერც შევაფასებ, ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ტელეეთერში ქუჩური, ბალაგანური საუბრები მესმის, მეტყველების კულტურა, პრაქტიკულად, ნულამდეა დასული. კარგი იქნება, თუ ამ საქმეს პროფესიული თვალით შეხედავენ. ზემოთაც ვთქვი, კომენტატორობა პროფესიაა და არა თანამდებობა, როგორც ჩემი თაობის კომენტატორები ვცემდით პატივს წინა თაობას, მათ ნაშრომსა და ნაღვაწს, შეეცადონ, რომ ასევ მოიქცნენ თვითონაც - ამ საქმეში ყველაზე ცუდი, რაც მე ვიგრძენი და დავინახე, უმადურობაა და სწორედ ამიტომ ვარ გულნატკენი.

ვინმეზე ხართ ნაწყენი?

2004 წლის 30 მაისს წავიყვანე ბოლოს საფეხბურთო რეპორტაჟი. გეხსომებათ, დინამოს სტადიონზე, ჩემპიონობისთვის მატჩში, თბილისის ვიტ ჯორჯია ბოლნისის სიონს შეხვდა. მეორე დღეს, რედაქციაში მისულს დამხვდა ბრძანება, რომ სამსახურიდან ვიყავი გათავისუფლებული. დღემდე ვერ ამიხსნია, რატომ გამიშვეს და არა მარტო მე _ სპორტული პროგრამების მთავარი რედაქციის პრაქტიკულად სრული შემადგენლობა ქუჩაში გამოგვყარეს. ხომ გეუბნებით, არ ვიცი, რა მიზეზით, უბრალოდ, ჩამომაშორეს საქმიანობას, რომელიც ძალიან მიყვარდა. ალბათ, ასე აწყობდათ.
და, ყველაზე საინტერესო რა არის, იცით? ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ შემომითვალეს, რაგბიში ერთა თასის მატჩი უნდა წაიყვანოო. რომ ვიკითხე, რატომ, თქვენ ხომ გამომიშვით-მეთქი, უბრალოდ, სხვა კომენტატორი არ გვყავსო, მიპასუხეს. მას მერე, რაგბის გარდა, სხვა რეპორტაჟი არ წამიყვანია და სადღეისოდ აღარც პრეტენზია მაქვს.

თუ გამოგიშვეს, რატომ დათანხმდით?

უბრალოდ, ჩემს პროფესიაზე მაღლა დავაყენე იმ სამყაროს უდიდესი სიყვარული, რომელმაც ბევრი მომცა. ვთვლი, რომ ჩემი ამ ნაბიჯით ვაჯობე იმ ჩინოვნიკს, რომელმაც მაშინ ჩვენი ტელევიზიიდან გამოყრა აღასრულა.

ახლა რას საქმიანობთ?

დღეს ჩემი საქმიანობა ჩემი ორი შვილიშვილის - სანდრო და თორნიკე ჯაფარიძეების აღზრდაა. სანდრო 13 წლისაა და ჯერ მსახიობობა უნდა, ალბათ, მერე ბაბუის პროფესიაც ენდომება. ყოველ შემთხვევაში, წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები, თუმცა ვერ დავაძალებ. თუ მაინც გადაწყვიტა კომენტატორობა, ყველანაირად შევუწყობ ხელს და გვერდში დავუდგები, ამაზე მნიშვნელოვანი რა დამრჩა საკეთებელი?!

გიორგი ვაშაკიძე