სიახლეები

დებიუტები - ვინ როგორ იწყებდა ნაკრების მწვრთნელობას

გაუზიარე

თქმა იმისა, რომ კახა ცხადაძეს რთულ მდგომარეობაში უწევს სანაკრებო სამწვრთნელო კარიერის დაწყება, ვფიქრობთ, ზედმეტია. არ ვამბობთ, რომ ნაკრები უშანსოდაა და ეს შესარჩევი ციკლი უკვე ისტორიას უნდა ჩავაბაროთ. არანაირად, რადგან შედეგს რომ თავი დავანებოთ, მეტოქეები გვყავს ისეთი, რომელთა წინააღმდეგ თამაში საინტერესო და ბევრის მომცემია. 

თანაც, ცხადაძემ აღნიშნა, რომ ნაკრების თამაში უნდა დაალაგოს, იერსახე შესძინოს გუნდს, რათა მხოლოდ ბევრი გოლის არგაშვებაზე კი არა, გატანაზეც ვიფიქროთ და წამებს არ ვითვლიდეთ, არიქა, მალე მორჩეს მატჩიო...

მოდი, გადავავლოთ თვალი, რომელი მწვრთნელი როგორი შედეგით იწყებდა სანაკრებო კარიერას. 

გიგა ნორაკიძე

პირველი თამაში ნაკრების ისტორიაში, ეს იყო 1990 წლის 27 მაისს, თბილისში ლიტვის წინააღმდეგ. 2:2 დასრულდა. ორჯერ ვაგებდით, ქართველთაგან გოლები გია გურულმა და კახა კაჭარავამ გაიტანეს. 

ალექსანდრე ჩივაძე

სწორედ ჩივაძე იყო ის მწვრთნელი, რომლის ხელში ნაკრებმა პირველი შესარჩევი ეტაპი ჩაატარა. ნავსიანი დასაწყისი იყო... მოლდოვასთან საშინაო მარცხი (0:1), რომელშიც ქართველებს აურაცხელი საგოლე მომენტი ჰქონდათ. ეს 1994 წელს მოხდა. ჩივაძე 1993 წელს გახდა ნაკრების თავკაცი და პირველი ამხანაგური მატჩი განჯაში აზერბაიჯანთან ჰქონდა. 0:1 წავაგეთ, ნუგზარ ლობჟანიძემ საკუთარ კარში გაიტანა. 

დავით ყიფიანი

1997 წლის 30 მარტს შედგა ყიფიანის დებიუტი და შედეგი ისეთი იყო, უკეთესს ვერც ინატრებ: 7:0 სომხეთთან ამხანაგურში. ჰეთ თრიქი მიითვალა შოთა არველაძემ, არჩილ არველაძემ დუბლი ჩაიწერა, ხოლო თითო-თითო გოლი გიორგი ქინქლაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს. 

რაც შეეხება შესარჩევში დებიუტს, ყიფიანის ნაკრებმა სომხების განადგურებიდან ზუსტად ერთ თვეში ინგლისთან გასვლაზე 0:2 წააგო. გლენ ჰოდლის გაწვრთნილი ინგლისი იმ დროს ბრწყინავდა, ქართველებს კი 0:1-ზე ჰქონდათ მშვენიერი შანსი, როცა გოჩა გოგრიჭიანმა ერთი-ერთზე გასვლისას ვერ გაუტანა დევიდ სიმენს. 

ვლადიმერ გუცაევი

1998 წლის თებერვალში საქართველოს ნაკრებმა მალტის ოთხთა ტურნირი მოიგო. ამ ტურნირის პირველ მატჩში გუცაევის გაწვრთნილებმა ლატვიას 2:1 აჯობეს. ორივე გოლი გოჩა ჯამარაულმა გაიტანა. შემდეგ ქართველებმა ალბანეთსა და მალტასაც სძლიეს. 

გუცაევს შესარჩევშიც კარგი დებიუტი გამოუვიდა. 1:0 შინ ალბანეთთან, გოლი კი არჩილ არველაძემ გაიტანა 64-ე წუთზე. "კარგი დებიუტი" შედეგის მხრივ, თორემ თამაშის ხარისხი არ ვარგოდა. ეს გუცაევის გუნდის ბოლო მოგება იყო, შემადგენლობის რადიკალურად შეცვლამ და ზოგიერთი ლიდერის ნაკრებში გამოუძახებლობამ უკუშედეგი მოიტანა. 

იოჰან ბოსკამპი

პირველი უცხოელი სპეციალისტი ნაკრებში. მყვირალა ჰოლანდიელის დებიუტი ნორვეგიასთან შესარჩევის მატჩში შედგა. ოსლოში 0:1 წავაგეთ. სტეფან ივერსენმა პირველივე წუთებზე თავით გაგვიტანა და რამდენიმე შანსის მიუხედავად, ქართველებმა ვერ გაათანაბრეს. უნდა ითქვას, ნორვეგია იმ დროს საკმაოდ მძლავრი გუნდი იყო. 
ბოსკამპმა 6 მატჩში უთავკაცა საქართველოს ნაკრებს და ერთიც ვერ მოიგო. მხოლოდ ერთ ფრეს დასჯერდა (ლატვიასთან 2:2), დანარჩენი კი წააგო.  

დავით ყიფიანი-რევაზ ძოძუაშვილი

სამწვრთნელო დუეტმა კარგად დაიწყო: 2000 წელს კვიპროსის ტურნირზე სლოვაკეთის 2:0 დამარცხება. გოლები თემურ ქეცბაიამ და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს. 

უფრო შთამბეჭდავი იყო დებიუტი შესარჩევ ციკლში. ქართველებმა ლიტვა სტუმრად 4:0 გაანადგურეს. ეს 2000 წლის 7 ოქტომბერს. კაუნასში გამართულ შეხვედრაში ქეცბაიამ დუბლი გაიფორმა, მეორე ტაიმში კი ქინქლაძემ და არჩილ არველაძემ გაიტანეს. ამ მოგებიდან ოთხ დღეში იყო, საქართველომ მშვენივრად რომ ითამაშა იტალიასთან გასვლაზე და საბოლოოდ, ალესანდრო დელ პიეროს გატანილი ორი საეჭვო პენალტით რომ მოგვიგეს. 

ალექსანდრე ჩივაძე

2001 წელს ისევ ჩივაძე დაინიშნა თავკაცად და რედებიუტი შედგა ლუქსემბურგთან ამხანაგურში. ქართველებმა 3:0 მოიგეს სტუმრად, ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, ერთიც – რატი ალექსიძემ. 

კარგი იყო დაწყებაოფიციალურშიც: საქართველომ უნგრეთს 3:1 აჯობა. ჯერ შოთა არველაძემ გაიტანა ლევან ცქიტიშვილის ბრწყინვალე გარღვევისა და პასის შემდეგ, ამას მოჰყვა გოჩა ჯამარაულისა და ალექსანდრე იაშვილის გოლები. ეს უკვე შესარჩევი ციკლის ბოლოს იყო, ნაკრებს გასვლის შანსი გადაწურული ჰქონდა. 

ივო შუშაკი

ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო გამარჯვება ნაკრების ისტორიაში. ხორვატი მწვრთნელის თავკაცობით საქართველომ შინ 1:0 მოუგო რუსეთს. გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა თავურით. 2003 წლის 30 აპრილი, `მიხეილ მესხის~ სტადიონი – ხალხი გვიან ღამემდე ზეიმობდა ქუჩებში. 

მერაბ ჟორდანია

მეტი უნიკალურობა რაღა, ფედერაციის პრეზიდენტი თავად გახდა ნაკრების მწვრთნელი და ალბანეთთან შესარჩევის შეხვედრაში ჰქონდა დებიუტი: 3:0. გოლები შოთა არველაძემ (2) და მიხეილ აშვეთიამ შეაგდეს. ჟორდანიამ კიდევ ორ მატჩში გაწვრთნა ნაკრები, მაგრამ ორივე 1:3 წააგო. ჯერ იმავ ალბანეთთან და ბოლოს რუსეთთან. 

ალენ ჟირესი

ფრანგი სპეციალისტის დებიუტი ამხანაგურში: საქართველო ავრაამ გრანტის გაწვრთნილ ისრაელს მასპინძლობდა და 0:1 წააგო. თავსხმა წვიმაში მეტოქემ აშკარად გვაჯობა. 

აი, შესარჩევ ციკლში კი კარგი დებიუტი ჰქონდა ჟირესის გუნდს. თურქეთში გასვლაზე 1:1-ით დავიწყეთ. საქართველო აგებდა და ბოლო წუთებზე მალხაზ ასათიანმა თავურით გაათანაბრა. ასათიანი სულ რამდენიმე წუთის შესული იყო მინდორზე. 

გაიოზ დარსაძე

2005 წლის 17 აგვისტოს გაიოზ დარსაძეს სამწვრთნელო დებიუტი ჰქონდა ნაკრებში. საქართველო ყაზახეთში აგებდა და დემეტრაძის დუბლის წყალობით 2:1 გაიმარჯვა. ეს შესარჩევი ციკლის მატჩში. გასვლის შანსი უკვე გადაწურული იყო. დარსაძემ მთლიანობაში 7 მატჩში გაწვრთნა ნაკრები და ყაზახეთის გარდა, კიდევ ერთი მოიგო. შინ იორდანიასთან ამხანაგურში 3:2. 

კლაუს ტოპმიოლერი

ალბათ, საქართველოში არცერთი მწვრთნელის ჩამოსვლას არ მოჰყოლია იმხელა აჟიოტაჟი, რამდენიც კლაუს ტოპმიოლერისას. გერმანელი სპეციალისტი ლევერკუზენში წარმატებული მუშაობით იყო განთქმული. ტოპმიოლერის დებიუტი მალტასთან სტუმრად ამხანაგურში 2:0 მოგებით აღინიშნა. გოლები ჯაბა კანკავამ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს. 

შესარჩევში დებიუტიც კარგი იყო. ტოპის გუნდმა 2006 წლის ზაფხულს ფარერებზე 6:0 მოიგო. სამი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა, თითო-თითო კი დავით მუჯირმა, ალექსანდრე იაშვილმა და ლევან კობიაშვილმა. სამწუხაროდ, კარგ დასაწყისს კარგი გაგრძელება ვერ მოჰყვა. 

პეტარ სეგრტი

მან სულ ორ შეხვედრაში გაწვრთნა ნაკრები და ორივე ამხანაგურში: ესტონეთთან 1:1 (გოლი ლევან ყენიამ გაიტანა) და პორტუგალიასთან 0:2. სეგრტს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მუშაობა გაეგრძელებინა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ არგენტინელი ექტორ კუპერი დანიშნა. 

ექტორ კუპერი

არგენტინელმა მწვრთნელმა თავის დროზე ფურორი მოახდინა მალიორკასა და ვალენსიაში, საქართველოს ნაკრებში კი 2008 წლის ზაფხულში მოიყვანეს. მისი დებიუტი უელსთან ამხანაგურში შედგა, რომელიც ქართველებმა 2:1 მოიგეს. თავიდან გიორგი ლორია შეცდა და შორიდან დარტყმული ბურთი ხელიდან გაუვარდა. ვაგებდით, მაგრამ მეორე ტაიმში ლევან ყენიამ და ბექა გოცირიძემ გაიტანეს. 

შესარჩევში დებიუტს რაც შეეხება, აგვისტოს ომის გამო ფიფამ 6 სექტემბერს თბილისში თამაშის ნება არ დაგვრთო. მეტოქე ირლანდიელებმა თავისი გაიტანეს და ფიფას ნეიტრალურ მოედანზე გადაატანინეს მატჩი. საქართველო-ირლანდია გერმანიის ქალაქ მაინცში ჩატარდა და 1:2 წავაგეთ. ორი ბურთით ვაგებდით და ბოლოს ყენიამ გაიტანა. 

თემურ ქეცბაია

2010 წლის 3 მარტს ქეცბაიას გაწვრთნილებმა ესტონეთს 2:1 სძლიეს. თბილისში გამართულ ამხანაგურ მატჩში კობიაშვილმა პენალტი გაიტანა, მე-80 წუთზე ესტონელებმაგაათანაბრეს და ბოლოს დავით სირაძემ თავურით გადამწყვეტი შეაგდო. ეს იყო ქეცბაიას თითქმის ხუთწლიანი პერიოდის პირველი თამაში.

შესარჩევში ქეცბაიას ფორმაციის ნაკრების დებიუტი ათენში, საბერძნეთის წინააღმდეგ შედგა. იაშვილმა მე-3 წუთზე დააწინაურა საქართველო და ბერძენმა სპიროპულოსმა 72-ეზე გაათანაბრა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.  

ახლა ცხადაძის ჯერია. დააკვირდებოდით, უფრო ხშირ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელები კარგად იწყებდნენ, აი, გაგრძელებისა კი რა გითხრათ... ამიტომ კახა ცხადაძეს, ცხადია, კარგ სტარტსა და კარგ გაგრძელებას ვუსურვებთ.

ილია ნანობაშვილი