სიახლეები

კახა მახარაძე: გერმანელებთან ფოტოების გადაღებისთვის არ მეცლება და არც ვფიქრობ

გაუზიარე

კახა მახარაძე 17 წლისა იყო, როცა უკვე თბილისის დინამოს ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. ტანხმელი, ტექნიკური, რბილად მოთამაშე, მოედნის კარგი ხედვით – ასეთი გვახსოვს და დღესაც ასეთია, ოღონდ უფრო დაბრძენებული. 

"ეჰ, მაშინ ოქროს პერიოდი გავუშვი ხელიდან, მაგრამ არაუშავს, დროულად მოვეგე გონს" - გვითხრა კახამ, რომელსაც უზბეკეთში დავუკავშირდით. 

უკვე ექვსი წელია, მახარაძე უზბეკეთის ჩემპიონატში თამაშობს. თავიდან ტაშკენტის ლოკომოტივში იყო, ოთხი წლის წინ კი ფახთაქორში გადავიდა და ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ორჯერ თასი მოიგო. კახა ფახთაქორის კაპიტანი და ლიდერია, წინა სეზონში 7 გოლი გაიტანა. 

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გარჯა დაუფასა მახარაძეს, მალტასთან ამხანაგური და გერმანიასთან შესარჩევის მატჩებისთვის გამოიძახა. სხვათა შორის, მახარაძე სწორედ იმ სპეციფიკის ფეხბურთელია, როგორიც ბოლო წლებში ნაკრებს აკლდა: მეპასე საყრდენი, რომელიც შეტევისას გამთამაშებლის ფუნქციას ითავსებს, ხოლო მეტოქის იერიშისას დაცვაზეა გადართული. 

მახარაძე საინტერესო მოსაუბრეც გამოდგა: 

ალბათ, ძალიან გახარებული იქნები, რომ ცხადაძემ ნაკრებში გიხმო. 

მართლაც ძალიან გამიხარდა და სტიმული მომეცა. მადლობელი ვარ კახა ცხადაძის, რომელმაც შანსი მომცა. დანარჩენი უკვე ჩემზეა დამოკიდებული. 

ცხადაძის თავკაცობით დინამო თბილისშიც თამაშობდი, მაგრამ ეს იყო 10 წლის წინ. გაიხსენე ის პერიოდი...

17 წლისა ვიყავი, როცა გია გეგუჩაძემ მათამაშა უმაღლეს ლიგაში. მახსოვს, დებიუტი ლოკომოტივთან მქონდა, ის თამაში 5:2 მოვიგეთ. მერე კი გეგუჩაძე ცხადაძემ შეცვალა, რომელიც მენდობოდა და სწორედ მაშინ იყო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები. ცხადაძემ საკმაოდ ძლიერ ბრონდბიუსთანაც სასტარტოში დამაყენა. 

შენზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ იყო პერიოდი, როცა აღარ ჩანდი, თამაშს მოუკელი. რატომ? 

ახალგაზრდა ვიყავი და თავში მიქროდა. ეჰ, მაშინ ოქროს პერიოდი გავუშვი ხელიდან, მაგრამ არა უშავს, დროულად მოვეგე გონს. საჩხერის ჩიხურაში და ბათუმის დინამოში ძალიან დაკლებული მქონდა, აი, მერე თბილისის ლოკომოტივში ისევ ნელ-ნელა შევედი ფორმაში და შემდეგ უზბეკეთში წავედი. 

მამაშენი, მალხაზ მახარაძე საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო, გონივრული თამაშით გამოირჩეოდა და ლიდერი იყო ბათუმის დინამოში. ერთ დროს თბილისის დინამოშიც თამაშობდა. მამამ რა როლი ითამაშა შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში? 

რა თქმა უნდა, მამა სულ სტიმულს მაძლევდა. ის უფრო ძლიერი იყო. მამის დონისა ვერ ვარ. 

ფახთაქორი აზიის ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობს. რა მიზნები აქვს გუნდს ლიგაზე? 

ჯგუფში ორ მატჩში ოთხი ქულა გვაქვს და ვლიდერობთ. ვნახოთ, რაც შორს წავალთ, მით უკეთესი. 


რა სპეციფიკისაა უზბეკეთის ჩემპიონატი? როგორი თამაშებია?

უფრო, ტექნიკური ფეხბურთელები სჭარბობენ და გუნდებიც ტექნიკაზე არიან ორიენტირებულნი. აქაც დიდ როლს თამაშობენ ლეგიონერები, მაგრამ ისეც არაა, თითქოს უზბეკები სტატისტები იყვნენ. მაგალითად, ფახთაქორში სულ ორი უცხოელი ვართ: მე და ჩერნოგორიელი მცველი ადნან ორაჰოვაცი. 

ანუ, აზერბაიჯანივით არაა, სადაც ლეგიონერებზე არიან აგებულნი?

არა. უზბეკი ფეხბურთელებიც საკმაოდ კარგები არიან. ისე კი, უზბეკეთშიც ასეა, როგორც სხვაგან: ლეგიონერი ადგილობრივს მინიმუმ ერთი თავით უნდა სჯობდეს. 

შარშან უზბეკეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობამდე ცოტა დაგაკლდა. 

დიახ, ნომინანტებში ვიყავი, მაგრამ სხვას მისცეს პრიზი. 


უზბეკეთი ევროპა არაა და ამდენად, არ გაგიჭირდა გარემოსთან შეგუება?

მართალია, მუსლიმანური ქვეყანაა, მაგრამ ტაშკენტში არის ქრისტიანული ეკლესიები. მთლიანობაში, ტაშკენტი ისეთი ქალაქია, რომ ცუდად ვერ იგრძნობ თავს. აი, სხვა უზბეკურ ქალაქებში კი გამიჭირდებოდა ცხოვრება. ფეხბურთიც ძალიან უყვართ, ფახთაქორის საშინაო თამაშებზე საშუალოდ 20 000 გულშემატკივარი დადის. 

საქართველოს ჩემპიონატზე წარმოდგენა გექნება. 

შედარებებს არ დავიწყებ, ეს სჯობს და ის არ ვარგა-მეთქი. ჩემი აზრით, საქართველოშიც არაა ურიგო ჩემპიონატი. ამ ზამთარს ქუთაისის ტორპედოს შევხვდით თურქეთში, მოვუგეთ და გოლიც გავიტანე. მიუხედავად ამისა, ტორპედო სუსტად ნამდვილად არ მომჩვენებია. უზბეკეთის ჩემპიონატის სიძლიერეზე კი ერთი ფაქტიც მოწმობს: აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი უზბეკური გუნდი თამაშობს. მხოლოდ ირანს, საუდის არაბეთსა და უზბეკეთს ჰყავს ოთხ-ოთხი წარმომადგენელი.  

სხვა კლუბებიდან არ გქონია მოწვევა? 

იყო ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, სხვა ქვეყნებიდანაც, მაგრამ აქ კარგად ვგრძნობ თავს. თან, ცოტა მორიდებული ტიპი ვარ და ეგებ, ახალ გუნდს ვერ შევეგუო. აქ კი ყველა მაფასებს და მენდობა. ეგეც არ იყოს, კონტრაქტი მაკავშირებს ფახთაქორთან.    

ოთხი წელია ფახთაქორში ხარ და სტაბილურად თამაშობ. ამ ხნის განმავლობაში თემურ ქეცბაია არ შეგხმიანებია? 

გამომიძახა და ეს იყო შარშან ზაფხულს. ესპანეთში იყო ნაკრების შეკრება, საუდის არაბეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან მატჩების წინ. იმ დღეებში უზბეკეთის ჩემპიონატი მიმდინარეობდა და ამხანაგური მატჩებისთვის გამოყოფილი დღეები არ იყო. ფახთაქორს ვთხოვე, რომ ნაკრებში გავეშვი, მაგრამ მითხრეს, ჩემპიონატის ორი მატჩი გაგიცდება და ვერ გაგიშვებთო. კლუბის ხელმძღვანელობას ვთხოვე, ქეცბაიასთვის დაერეკათ და აეხსნათ სიტუაცია. დაურეკეს და ქეცბაიამაც – არაუშავს, არაა პრობლემაო. შემდეგ კი ამ ამბავს სხვა კუდი გამოება. 

კონკრეტულად? 

გავიგე, რომ ქეცბაია ჩემზე ნაწყენი ყოფილა, გამოვიძახე და არ ჩამოვიდაო. ტყუილი იყო. 

ცხადაძე გესაუბრა? 

არა. ჩემი თამაშის სანახავად იყო თურქეთში, სადაც შეკრება გვქონდა. მორდოვიას ვხვდებოდით, 1:2 წავაგეთ. ცხადაძემ პირველ ტაიმს უყურა და სხვა თამაშის საყურებლად წავიდა.    

გონებაში ალბათ წარმოიდგენდი 29 მარტს, როცა საქართველო გერმანიას უმასპინძლებს...

რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინი მაქვს. ფახთაქორში ჩემი თანაგუნდელები მილოცავენ ნაკრებში გამოძახებას და თან მეხუმრებიან, აბა, შენ იცი, გერმანელებთან ფოტოები გადაიღე და გვაჩვენეო. ფოტოებისთვის ნამდვილად არ მეცლება და ამაზე არც ვფიქრობ. ნეტავ, თამაშის საშუალება მომეცეს. ეს იქნება ჩემთვის დიდი ბედნიერება. და არანაირად არ ვარ პესიმისტურად განწყობილი, წაგებაზე არ ვფიქრობ.   

ილია ნანობაშვილი