საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის ორი ასაკობრივი გუნდი კვიპროსზეა და ოთხთა საერთაშორისო ტურნირში მონაწილოებს. ჩვენი 2000 წელს დაბადებული ჭაბუკები ტურნირის პირველ დღეს სომეხ თანატოლებთან 0:1 დამარცხდნენ, ხოლო იმავე დღეს ერთი წლით უმცროსებმა მასპინძლებთან 0:3 დათმეს.
ჩვენებისთვის უფრო წარმატებული მეორე ტურის შეხვედრები გამოდგა: გუშინ აია ნაპაში 15-წლამდელთა გუნდმა, რომელსაც თემურ ლორთქიფანიძე თავკაცობს, მაკედონიასთან 1:1 ითამაშა. ჩვენების გოლი ლაზარე ხოფერიას ანგარიშზეა. 14-წლამდელთა გუნდმა კი პაატა მეტრეველის ხელმძღვანელობით უფროსების ჯავრი იყარა და სომხებს 6:2 მოუგო. ერთი გოლი ელდარ გოგოლაძემ გაიტანა, დანარჩენი ხუთი კი გიორგი გულიაშვილმა.
შეგახსენებთ, კვიპროსულ ტურნირში, ჩვენების გარდა, მაკედონიელი, სომეხი და კვიპროსელი ჭაბუკები მონაწილეობენ.
ლუკა თალაკვაძე
გაუზიარე