სიახლეები

შოთა არველაძე : ცხადაძის მთავარი ამოცანა ყველა ფეხბურთელის შეკრება და მათი გაერთიანებაა

გაუზიარე

სტამბოლის უბან კემერბურგაზში, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 25 წუთის სავალზეა, ულტრათანამედროვე საფეხბურთო ბაზაა განთავსებული. დიდი ქალაქის ხმაურსა და ორომტრიალს მოშორებული ქასიმფაშას საწვრთნელი ცენტრი მშვიდ გარემოშია და ყველანაირი პირობაა საიმისოდ, რომ ფეხბურთზე იფიქრო და საკუთარი საქმე ხარისხიანად აკეთო. მოედნის კიდესთან ქართველი მწვრთნელი, 42 წლის შოთა არველაძე დგას და თურქულ, ინგლისურ, ჰოლანდიურ და ქართულ ენებზე ფეხბურთელებს ხან შენიშვნას აძლევს, ხანაც აქებს. ვარჯიშში ბოლომდეა ჩართული და ეტყობა, რომ ფეხბურთის თამაშის სურვილი ჯერაც არ განელებია.
ვარჯიშის შემდეგ ასისტენტებთან უნდა ითათბიროს, რადგან ტრაბზონსფორთან კვირის მატჩის შემდეგ გუნდმა სრულფასოვნად პირველად ოთხშაბათს ივარჯიშა. მწვრთნელებთან თათბირამდე მის ოთახში ინტერვიუსთვის ვესტუმრეთ და ბევრ საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ. როგორც ყოველთვის, მისი საუბარი ამჯერადაც საინტერესო და მრავალფეროვანი გამოდგა.


ბავშვობიდან ყველაზე მძაფრად რომელი ემოცია გამოგყვა, რომელიც ფეხბურთს უკავშირდება?


თბილისში ლივერპულთან მატჩი. მახსოვს ბევრი ხალხი და მამაჩემის სიტყვები - ხელი არ გამიშვათ. მიუხედავად იმისა, რომ ამაღლებული განწყობა გქვონდა, მახსოვს ეს შიშნარევი ემოცია და მამაჩემის ტანსაცმელზე ჩაჭიდებული ჩვენი ხელები, ამდენ ხალხში რომ არ გავჭყლეტილიყავით.

ბავშვობაში არაერთ ფილმში გითამაშია აჩისთან ერთად…გაიხსენე ის პერიოდი.

რამდენიმე ფილმში ვითამაშეთ ერთად. „კუკარაჩა“ და „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ - ეს ორი ფილმი გამორჩეულად მიყვარს. „ცხელი ზაფხულის სამ დღეში“, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილმა გადაიღო, რამაზ ჩხიკვაძე და კახი კავსაძე თამაშობდნენ, „კუკარაჩა“ კი დეიდაჩემმა, ქეთი დოლიძემ გადაიღო, ამიტომ იმ ფილმში უფრო ადვილად მოვხვდით.


ვისთანაც მიმუშავია, ვან გაალი საუკეთესოაო,  ეს შენი სიტყვებია. ზოგადად ვინ მიგაჩნია საუკეთესო მწვრთნელად და რატომ?

ფეხბურთის ისტორიაში ბევრი მწვრთნელია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა და საფეხბურთო სისტემა შეცვალა. ბრაზილიელები და იტალიელები ამ მხრივ გამორჩეულები იყვნენ. თანამედროვე ფეხბურთში სამი მწვრთნელია გამორჩეული. ჟოზე მოურინიუ უფრო ძალისმიერ და ჩაკეტილ ფეხბურთზეა ორიენტირებული. სხვა პლანეტის ფეხბურთს თამაშობს  გვარდიოლა, ის სრულიად საპირისპირო სტილს ანიჭებს უპირატესობას, დაბალი, ტანთხელი და სწრაფი ფეხბურთელებით თამაშობს იმ ტაქტიკით, რომელიც მეტოქეს უბურთოდ ტოვებს. დიეგო სიმეონემ ატლეტიკო მთლიანად კონტრშეტევაზე ააწყო, თუმცა ძალიან მაღალი დონის ფებხურთს თამაშობს. გენიოსია ანჩელოტიც, რომელმაც რეალთან ერთად ყველაფერი მოიგო, მაგრამ რეალში, სადაც რონალდუ, ბეილი და ბენზემა თამაშობენ, მთავარი საზრუნავია არა გოლების გატანა, არამედ იმაზე ფიქრი, რომ ორზე მეტი არ გაუშვა.

ვან გაალს  უთქვამს, როცა
არველაძე ალკმაარში თამაშობდა, ახალგაზრდებს ძალიან ეხმარებოდაო. რამდენად გადგება დღეს ახალგაზრდებთან მუშაობაში ფეხბურთელობის დროინდელი გამოცდილება?

ეს კულტურა დიდწილად აიაქსში შევითვისე. პირველად იქ ვნახე, როგორ ეხმარებიან დიდები პატარებს. მაგალითად, აქ, თურქეთში სულ სხვანაირი კულტურაა, დაახლოებით ისეთივე, როგორიც ჩვენთან, საქართველოში. პატარებს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას ნაკლებად აძლევენ, არადა, პირიქით, ახალგაზრდა ფეხბურთელს ყველაზე მეტად სჭირდება ხელის შეწყობა. ახალგაზრდა მეკარე უკნიდან გკარნახობს, მარჯვნივ წახვიდე თუ მარცხინვ, შენ კი ამაზე უარყოფითი რეაქცია გაქვს, არადა, ის თავის საქმეს ასრულებს, ყვირის და გაფრთხილებს, გოლი რომ არ გაუტანონ. კასილიასი 17 წლის იყო, მადრიდის რეალის კარში რომ ჩააყენეს, როგორ ფიქრობ, არ აძლევდა მცველებს შენიშვნებს? თურქებს და ქართველებს ამ მხრივ ერთნაირი კულტურა გვაქვს, ჰოლანდიელები კი თავიდანვე ეჩვევიან პატარებთან  სწორ ურთიერთობას.

თავად თუ გქონია მსგავსი პრობლემა საქართველოში ან თურქთში თამაშის დროს?


თბილისის დინამოში რომ მივედი, იქ გრიშა ცაავა, ზაურ ხაპოვი და სხვა მაღალი დონის ფეხბურთელები დამხვდნენ. მაშინ დუბლებში ვთამაშობდი, დინამო კი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გამოდიოდა. ერთ-ერთი ვარჯიშისას, ორმხრივი მატჩის დროს პენალტი რომ დაინიშნა, ცაავამ ბურთი მომცა და მითხრა, მიდი, დაარტყიო. არადა, კარში ხაპოვი იდგა. ეს მაშინ ჩემთვის იმდენს ნიშნავდა... თბილისის დინამოს ბაზაზე დუბლებში მოთამაშე ფებხურთელს მთავარ გუნდში რომ პენალტს დაგარტყმევინებდნენ, ჩემთვის ეს ფინალში დარტყმული პენალტივით იყო. მიუხედვად ახალგაზრდული ასაკისა, მაშინ ცოტა სითამამე და გამბედაობა კი მქონდა. ამ მხრივაც საკმაოდ გამიმართლა, პატარები რომ ვიყავით, ყველას ვუყვარდით და ეს ამაგი კარგად მახსოვს.

რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ჰოლანდიურ გამოცემასთან საუბრისას კრუიფმა შენი გვარი ახსენა და აიაქსს ურჩია, დე ბურის წასვლის შემდეგ არველაძე დანიშნეთო. შენამდე თუ მოვიდა ეს ინფორმაცია?

გამომიგზავნეს და ვნახე ეს ინფორმაცია. იოჰანს კარგად ვიცნობ და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყოველთვის სასიამოვნოა კრუიფისგან მსგავსი სიტყვები, მაგრამ იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც გაზეთში ეწერა, არ მაქვს. სხვათა შორის, თვენახევრის წინ ბარსელონაში ვიყავი, სადაც კრუიფს შევხვდი და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. მას საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ფონდი აქვს, ჩამოაყალიბა სერიოზული, ავტორიტეტული უნივერსიტეტი და გვინდა მასთან ერთად გავაკეთოთ პროექტი, რომელიც რეგიონული მასშტაბით ფეხბურთის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

კარიერაში ბევრი ლამაზი გოლი გაგიტანია, მაგრამ ორი გამორჩეულია - ლინფილდთან და როტერდამის სპარტასთან. შენ რომელი უფრო გეძვირფასება?

ყველაზე მაგარი ორი გოლი ჩემი ორი შვილია.
ლინფილდთან და სპარტასთან გატანილ გოლებს შორის დაახლოებით 15-წლიანი სხვაობაა.
ერთხელ რეზიმ მითხრა, ისეთ გოლს ხომ ვეღარ გაიტან, როგორიც ლინფილდთან გაიტანეო. ეს ის პერიოდია, უკვე ასაკში ვარ, ტრავმები მაწუხებს, ცოტას ვწუწუნებ, რომ ისე სწრაფი და მოქნილი ვეღარ ვარ და სწორედ ამას მოაყოლა რეზიმ ეს სიტყვები. რაღაცნაირად გულზე მომხვდა და ვუთხარი, ვითომ რატომ ვერ გავიტან- მეთქი? რამდენიმე კვირის შემდეგ გავუტანე სპარტას და თამაშის მერე რეზის დავურეკე, ევროსპორტზე გადართე-მეთქი. ლინფილდთან გატანილი გოლი მაინც განსაკუთრებულია, დაახლოებით ორმოც მეტრს გავრბივარ და ისე ვიმორჩილებ ბურთს, სპარტსსთან კი ყველაფერი მოედნის ერთ მონაკვეთში გავაკეთე, თუმცა ეს გოლიც გამორჩეულია.

უკვე მეხუთე წელია, მთავარ მწვრთნელად მუშაობ. მანამდე ორი წელი ვან გაალის ასისტენტი იყავი. ფიქრობ, რომ უკვე გაქვს საკუთარი ხელწერა?

ვან გაალთან მუშაობას თავიდანვე სხვანაირად მივუდექი. ამხელა კარიერის შემდეგ დასვენება მჭირდებოდა, წლების განმავლობაში შაბათ-კვირას არ დამისვენია და მწვრთნელობის სწავლა რომ არ მდომოდა,  სახლში დავჯდებოდი. ლუის თავიდანვე ვუთხარი, თუ შენთან ერთად ვიმუშავებ, მინდა, პასუხისმგებლობაც მქონდეს და ჩემს აზრსაც ითვალისწინებდე-მეთქი. ვფიქრობ, თუ პასუხისმგებლობა არ გაქვს, ვერ გაიზრდები. მე შემიძლია ყველაფერი გითხრა, მაგრამ, თუ ვატყობ, რომ არ ითვალისწინებ, მაშინ ვერ განვვითარდები-მეთქი. მაშინვე დამეთანხმა და მითხრა, პირიქით - მინდა, შენი აზრი ნებისმიერ სიტუაციაში თქვაო. სწორედ ამ მიდგომამ გადამაწყვეტინა  მასთან მუშაობა. ყოფილა შემთხვევები, ვარჯიში გამიჩერებია და ფეხბურთელისთვის შენიშვნაც მიმიცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ლუისთან ურთიერთობაში სუბორდინაციას არ ვარღვევდი. ყველაფერზე თუ დავეთანხმებოდი, გამოდის, საკუთარი აზრი არ მქონდა, ასე მუშაობა კი არც მე მჭირდებოდა და არც ლუის.

დღეს თუ გაქვს კონტაქტი ვან გაალთან, მაკლიშთან ან სხვა ყოფილ მწვრთნელებთან?

მაკლიშთან ხშირი კონტაქტი მაქვს. რამდენიმე კვირის წინაც დამირეკა, ოქრიაშვილზე და ზარანდიაზეც ვისაუბრეთ. დიკ ადვოკაატს ველაპარკე ორი კვირის წინ. ვან გაალთან მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არ მილაპარაკია, მაგრამ დროდადრო ყველასთან მაქვს კონტაქტი და სხვადასხვა თემაზე ხშირად ვსაუბრობთ.

არასაფეხბურთო საკითხებს რამდენად დიდ დროს უთმობ - კვებას, ფეხბურთელების ცხოვრებას, ძილის რეჟიმის და მსგავსი საკითხების გაკონტროლებას? ქართულ ფეხბურთში ეს პრობლემა მწვავედ დგას, აქ რა სიტუაციაა ამ მხრივ?

თავად ნახე, ქასიმფაშას ბაზაზე 7-ვარსკვლავიანი სასტუმროა. ყველაფერია, რაც კი შეიძლება ფეხბურთელმა ისურვოს. ეს აქ ჩვეულებრივი სტანდარტია, ცუდი ის არის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ დაწესებულა ასეთი მაღალი სტანდარტი. გერმანიაში ალბათ უკვე აღარ არსებობს ქალაქის არც ერთი უბანი და ადგილი, რომელსაც არ ასუფთავებენ, სადაც გარე განათება არ არის, ეს ნორმაა და იმიტომ. შეიძლება კონკრეტულ ოჯახში ვიღაცას მეტი საშუალება ჰქონდეს, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ინტერნეტი, წყალი, მოწესრიგებული და განათებული ქუჩები ყველასთვის თანაბრადაა მოწყობილი. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, რომ შეიქმნას ნორმალური პირობები, ისეთი, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია დაწესებული. 

90-იანი წლების დასაწყისში იყო ფინანსური, სოციალური და სხვა პრობლემები, მაგრამ ეროვნული ნაკრები უფრო მაღალ დონეზე თამაშობდა. ხომ არ ფიქრობ, რომ მაშინ წარმატების მისაღწევად უცხოელი მწვრთნელი იყო საჭირო?  იმხანად ყველაზე მეტად სიმკაცრე და საქმისადმი სწორი მიდგომა ხომ არ დაგაკლდათ?


მიდგომაც ხომ უნდა იცოდე? მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, არც ნიჭი გვაკლდა, არც მწვრთნელების სითბო და ყურადღება, არც პროფესიონალიზმი, მაგრამ ისევ იქ ვბრუნდები - გარემო არ იყო ისეთი, რომ სერიოზული წარმატებისთვის მიგვეღწია. ჯგუფში ინგლისთან და იტალიასთან ერთად რომ მოვხვდით, ის ეტაპი საკვალიფიკაციოს ნაცვლად რაიმე ტურნირი რომ ყოფილიყო, მესამე ადგილზე გავიდოდით, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად უფრო მეტი იყო საჭირო. ეს ამბავი ბევრჯერ მოვყევი, არ შეიძლება, სინათლე მარტო სტადიონსა და სასტუმროში ენთოს. იტალია რომ ჩამოფრინდა, აეროპორტში, სტადიონზე და სასტუმროში იყო მხოლოდ სინათლე. ძნელი იყო ასეთ გარემოში მათზე უკეთესად თამაში.

სანაკრებო კარიერის ბოლოს თქვი, ნაკრებში ჩემი გზის გამგრძელებლად სანდრო იაშვილი მესახებაო. გოლები და ბომბარდირობა კი არა, იაშვილმა, სამწუხაროდ, სანაკრებო დონეზე ერთი დასამახსოვრებელი მატჩიც ვერ ჩაატარა. ახლა როგორ ფიქრობ, ვის აქვს შანსი, გახდეს ნაკრებში ისეთი ფიგურა, როგორიც წლების განმავლობაში შენ იყავი?

ჩემი გზის გამგრძელებლად არა, უბრალოდ, სანდროს მართლაც განსაკუთრებული მონაცემები ჰქონდა. ისეთი, რომელსაც ვერ შეიძენ. ძალიან კარგად თამაშობდა თავით, კარგი ნახტომი ჰქონდა და მაგარი დარტყმა. სანდრო გლაზგოშიც მყავდა წაყვანილი, ერთ-ერთი თამაშის შემდეგ მე და ხიზანა სახლში რომ მივედით,ზურას ვეუბნები, დავიძინოთ-მეთქი. ჯერაც დღე იყო და, ძილი რომ ვახსენე, სანდროს გაუკვირდა, იფიქრა, ეტყობა, ხუმრობენო. გაკვირვებულმა გვკითხა, მართლა უნდა დაიძინოთო? მაშინ პატარა იყო, გლაზგოში საერთოდ სხვა გარემო დახვდა. საქართველოში საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი რომ გახდა, პრიზი სწორედ მე გადავეცი და მაშინ ვთქვი ეს სიტყვები. ერთხელ უცხოეთის ვიზას ველოდებოდი და ამ პერიოდში თბილისში, დინამოს ბაზაზე ვვარჯიშობდი. მაშინ დინამოს ცხადაძე წვრთნიდა და იაშვილიც იქ თამაშობდა. ვარჯიშებზე ვეუბნებოდი, რა გჭირს, დღეში 2 საათი ვარჯიშობ და დანარჩენი 22 საათი რასაც გინდა, იმას გააკეთებთ-მეთქი. პირიქით რომ იყოს, 22 საათი ვარჯიში და 2 საათი თავისუფალი დრო, მესმის, მაგრამ 22 საათში რა ვერ უნდა მოასწროს ფებხურთელმა?
მეგონა, მჭედლიძეც ბევრს შეძლებდა, მაგრამ ტრავმებმა შეუშალა ხელი. მანაც ბევრი დაკარგა, არადა, დრო ძალიან სწრაფად გადის.
 
გარემო  ბევრ რამეზე მოქმედებს. გინდა, არ გინდა, სადაც ვარჯიში, სწავლა და ცხოვრება გიწევს, შენც ისეთივე ხდები.

ახალგაზრდებშიც ბევრი პრობლემაა. ადამიანს ფსიქიკა პატარაობიდან უყალიბდება, ჩვენთან კი  ბავშვებს ღამე არ სძინავთ. ჩემი ძმისშვილი, 17-წლიანების ნაკრების წევრი ვატო ჩამოვიდა ქასიმფაშაში, კარგ მდგომარეობაშია, ჯანიც კარგი აქვს, მაგრამ ძილის პრობლემა მასაც აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ დროში ჩვენს ქვეყნებს შორის საკმაო სხვაობაა. როგორ უნდა დაიძინოს მოზარდი 11-ზე თბილისში, როცა 12 საათზე ბარსას თამაში იწყება. ერთხელ დააძინებ, მეორედ და მესის თამაშის ყურებას რომ დააკლებ, მერე იმაზე ფიქრობ, გემოვნება არ გაუფუჭდესო. თუ ფეხბურთელს და ზოგადად ადამიანს სწორად არ სძინავს, დიდი შანსია, ამან ნერვებზეც იმოქმედოს.

კი მაგრამ, ეს პრობლემა ჩვენთან მარტო ფეხბურთელებს არ აწუხებთ, ფსიქიკა თითქმის ყველა თაობის ადამიანს აქვს გაფუჭებული. ამაზე დიდ გავლენას ახდენს ის გარემო,  რომელშიც ვცხოვრობთ. ამასთან ერთად, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია...

ვგიჟდები ხოლმე, საინფორმაციოს რომ ვუყურებ, ისეთ ამბებს ვიგებ, ექნება ხალხს ნევროზი, აბა, რა! მარტო ნეგატივი რომ შუქდება, რამე კარგიც გამოაცხადონ, შვილმკვდარ დედას რომ აჩვენებენ ყოველდღე, ერთხელ ახალშობილი ბავშვი და ბედნიერი დედაც აჩვენონ! გენიოსები მოკვდნენ, მიქელანჯელო, ჩაპლინი და ჯორჯ ვაშინგტონი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება.  ამდენი ზიზღი, ასეთი დოზით პოლიტიკა, ერთმანეთში დაპირისპირება, ცხადია, გავლენას ფსიქიკაზეც ახდენს და ნევროზსაც აჩენს. მერე უკვირთ, ასეთი და ამდენი რიგი რომ დგას აფთიაქებთან, ყველას ნევროზი აქვს და იდგებიან, აბა, რა იქნება?!

საქართველომ 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა...

ძალიან კარგია, ამ და მსგავსი თემების გაშუქებას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. 15 წლის წინ ვუთხარი მერაბ ჟორდანიას, არ შეიძლება, ჩვენთან ერთი ელიტრაუნდი ჩავატაროთ-მეთქი? მაგრამ ერთიც იყო, თავდაჯერება გვაკლდა ყველას. ვერ იჯერებ, რომ შეიძლება შენც მოიპოვო მსგავსი ტურნირების მასპინძლობის უფლება. არადა, ბოლო წლებში ოთხჯერ თუ ხუთჯერ ჩატარდა ჩვენთან ელიტრაუნდი. უეფაში ამ ყველფერს აკვირდებიან, მსაჯებისთვის კარგი პირობები დავახვედრეთ, გუნდებისთვის კარგი სასტუმროები და სტადიონები, ერთხელ ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მეორედ ნახევარფინალში ვითამაშეთ. ამ ყველაფერს უყურებენ და გიფასებენ, ესე იგი, მენეჯმენტიც კარგ დონეზეა. ჩემი გაცილების მატჩზე ყოფილი თანაგუნდელები მარტო ჩამოვიდნენ, არადა, ცოლებით დავპატიჟე, ეშინოდათ, არ იცოდნენ, რა ქვეყანაში მოდიოდნენ.

ფაქტია, მას შემდეგ, რაც ასაკობრივ ნაკრებებს ყურადღება დაეთმო და  ყველა პირობა შეექმნათ, მაშინვე შედეგი მივიღეთ.

ყველაზე კარგი, რაც ბოლო წლებში მოხერხდა, ის არის, რომ ახალგაზრდა მწვრთნელებმა, იგივე დევდარიანმა, მაისურაძემ, ცეცაძემ საერთო ენა გამონახეს და ნაკრებებს დაახლოებით ერთი სისტემით ათამაშებდნენ. ვერ მოხერხდა კომუნიკაცია ქეცბაიასთან, ამ თემაზე ყურადღება  შეიძლება მანაც არ გაამახვილა, მაგრამ რადენიმე მწვრთნელმა მაინც რომ იპოვა საერთო, უკვე კარგია. აუცილებელი არ არის, ყველა ერთ აზრზე იყოს, მაგრამ კოორდინირებულად მუშაობაა საჭიროა. მაგალითად, ჩემი შვილის ნათლიები არიან ვასილ მაისურაძე, გიორგი ნემასაძე და ლევან ყიფიანი, მაგრამ არის თემები, რაზეც ვერ თანხმდები, ჩვენ შემთხვევაში კი ასეთი ფებხურთია. ჩემი აზრით, ნაკრების მწვრთნელებმა, ეროვნულიდან, ყველაზე დაბალი ასაკობრივი ნაკრების ჩათვლით, კოორდინირებულად უნდა იმუშაონ. უნდა არსებობდეს მწვრთნელთა საბჭო, სადაც იქნება აზრების გაცვლაც და კამათიც.

პოზიტივი ქვეყანაშიც და ფეხბურთშიც არც ისე ბევრია, თითქოს ხალხსაც უფრო ნეგატივისკენ აქვს მიდრეკილება. მუდმივად აგრესია, მუდმივად სხვისკენ ხელის გაშვერა, ასეთმა მიდგომით საერთო საქმე როგორ უნდა გაკეთდეს?

ყველა სფეროში ასეთი სიტუაციაა. ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ, ოსკარზე მოხვდა ჩვენი ფილმი და ოთხი კაცი ისე ვერ წაიყვანეს და წამოიყვანეს, მთელმა ქვეყანამ რომ არ აქილიკოს. მალდინის ვკითხე ერთხელ, ჩემპიონთა ლიგის რამდენი ფინალი გითამაშია-მეთქი და, რვაო, მიპასუხა. ზოგს ლიგის რვა ფინალი ნანახიც არ აქვს. ჩავიდნენ ოსკარზე ჩვენი მსახიობები და აქცენტი იმაზე გავაკეთოთ, რომ იქ თავისი შრომით და ნიჭით მოხვდნენ. ჩვენთან კი მთელი დღეები იმაზე ლაპრაკობდნენ, ფეხსაცმელი დარჩათ თუ ჩაეძინათ. განცდა მაქვს, თითქოს მუდმივად ჩასაფრებულის პოზიციაში ვართ, არადა, ასეთი მიდგომით და მხოლოდ ნეგატიურზე აქცენტირებით წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია.

ფაქტია, წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით ქართული ფეხბურთი სწრაფი ტემპით ვერ ვითარდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ფედერაციასთან ერთად  ფეხბურთის განვითარებაში სახელმწიფოც ჩაერთოს.


მახსოვს, ერთხელ მამუკა ხაზარაძესთან და დათო ტურაშვილთან ერთად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით დაკომპლექტებული ჯგუფის წევრი ვიყავი და ედუარდ შევარდნაძესთან გვქონდა შეხვედრა. შევარდნაძემ მითხრა, 8 მილიონ ლარს მოგცემთ და 10 სტადიონი გავაკეთოთო. ვუთხარი, თუ მარტო არჩევნების წინ უნდა შევღებოთ, კი ბატონო, მაგრამ 8 მილიონად 10 სტადიონი როგორ გავაკეთოთ-მეთქი? ჯობია, ყოველ წელს გამოყოს სახელმწიფომ ამდენი თანხა და 10 წელიწადში 10 სტადიონი გვექნება-მეთქი. მაშინ 23 წლის ვიყავი, ახლა 42-ის ვარ, მაგრამ 10 სტადიონი დღესაც არ გვაქვს ქვეყანაში. ვიღაცებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს და აიღეს ეს ფული, მერე წელიწადში რამდენჯერმე სხვადასხვა სტადიონზე სკამები გამოცვალეს, ფასადი შეღებეს და ასე დაიხარჯა მილიონები. რომ ამბობენ, ფეხბურთი უფასო გახდესო, როგორ უნდა გახდეს უფასო, არც ერთ ქვეყანაში არ არის უფასო ფებხურთი, ჰოლანდია იქნება, გერმანია თუ სხვა ქვეყანა. იქ სახელმწიფო პროგრამები მუშაობს, მაგრამ ის სახელმწიფო ბიუჯეტი ისევ ხალხის ფულით არ ივსება? მეც მინდა, რომ უფასო იყოს, მაგრამ არ არსებობს ამის შესაძლებლობა.

სანაკრებო თემასაც შევეხოთ. შენი აზრით,  რა ამოცანაა ცხადაძის წინაშე?

ერთი ნამდვილად ვიცი, მწვრთნელი დავნიშნოთ და ყველანაირი პასუხისმგებლობა მას ავკიდოთ, სწორი არ იქნება. ყველა უნდა დაუდგეს გევრდით ნაკრების მწვრთნელს. ჩემი აზრით, ცეცაძის დამხმარე მწვრთნელად დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო. მან იცის ახალგაზრდების შესაძლებლობები და იმედია, ცხადაძე ბევრ ახალგაზრდას მისცემს შანსს. თემას გადავუხვევ, მაგრამ, ვფიქრობ, ერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია. 16 გუნდზე ამდენი იკამათეს და ის, ვინც პირველი ლიგიდან გადმოვიდა, პირველ ოთხეულშია და ვინც მანამდე თამაშობდა, იმათ ფული არ აქვთ. მიეცი, თუ აძლევ და დაუდექი გვერდში.
დღეს ცხადაძის წინაშე მთავარი ამოცანა ყველა ფეხბურთელის შეკრება და მათი გაერთიანებაა. სახელმწიფოც გვერდში უნდა დაუდგეს ნაკრებს. ქეცბაია რომ ჩამოიყვანეს, სახელმწიფო პროგრამის ნაწილი, რაც სხვადასხვა კომპონენეტს მოიცავდა, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ზოგიერთი რამ არ შესრულდა. ძალიან რთული პროფესიაა მწვრთნელობა და დიდი პასუხისმგებლობა. ერთხელ თემურ ქეცბაიამ მითხრა, ჩემი მშობლები ჩემზე ნერვიულობას გადაყვნენ და ნაკრებში რომ არ მემუშავა, იქნებ ორივე ცოცხალი ყოფილიყოო. ამას რომ გეტყვის ადამიანი, წარმოიდგინეთ რა ხდება მის გულში.

და ბოლოს,22 თებერვალს 42 წლის გახდით.  
დაახლოებით ნახევარი ცხოვრება გავიარე. რაღაც ღირებული და კარგი შევქმენით, მაგრამ წინ კიდე ბევრი გეგმა მაქვს. ამ ურთულეს დროში, ამდენ ომსა და გაჭირვებაში,  მგონია, რომ რეალური და ხელჩასაჭიდი შევქმენით. დღეს ჩამოდიხართ უცხო ქვეყანაში და აქ მთავარი მწვრთნელის რანგში გხვდებით. იმედია, მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა.

არ მუმლაძე