სიახლეები

ალეკო გოგობერიშვილი: როცა 38 წლისაც სიხარულით თამაშობ

გაუზიარე

არიან ფეხბურთელები, რომლებმაც თითქმის 40 წელს მიაღწიეს, მაგრამ ძველებურად სტაბილურად თამაშობენ. აი, მაგალითად, 15 წლის წინანდელ და ახლანდელ ალეკო გოგობერიშვილს შორის დიდ განსხვავებას ვერ დაინახავთ: ისევ უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა, ცენტრში დაუღალავად მოქმედება, პასი, დარტყმა... გოგობერიშვილს 26 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა – 38 წლის გახდა. 
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ალეკოზე უფროსი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, კერძოდ, ბათუმის დინამოს ნახევარმცველი ამირან მუჯირი, რომელიც რამდენიმე დღის წინ 41 წლის გახდა. 

აქვე, "ჩვენი თამაშის" ინტერვიუ გოგობერიშვილთან. აქტუალურიცაა: სიონმა ხომ თბილისის დინამოს 2:1 სძლია და ლიდერობა დააკარგვინა.  

38 წლამდე ყველა სტაბილურად როდი თამაშობს. რის ხარჯზე ახერხებ? 

განსაკუთრებული არაფერია. რეჟიმს მუდმივად ვიცავ, დროულად ვიძინებ, დროულად ვიკვებები და აღნაგობაც ხელს მიწყობს. საბედნიეროდ, ჭარბი წონისკენ მიდრეკილება არასოდეს მქონია. ვატყობ, რომ ძველებურ ფორმაში ვარ და ისევ ისე მსიამოვნებს ბურთთან ურთიერთობა, ისევ ისე მიხარია მოგება და მწყინს წაგება.

ღვინოსაც არ სვამ? 

ზომიერად. ფეხბურთელს ზოგჯერ განტვირთვა სჭირდება, მთავარია, სწორი მომენტი შეარჩიო და ხელი არ შეგეშალოს ვარჯიშში, მომზადებაში. 

ბოლო წლებში არასოდეს აგცრუებია გული ფეხბურთზე? ხომ არის ზოგადად ასეთი პერიოდები...

არასოდეს. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ბევრჯერ დავღლილვარ, მაგრამ ფეხბურთის თამაშზე გული არ ამცრუებია და არ მიფიქრია, მორჩა, დავიღალე, უნდა დავანებო-მეთქი. მთავარია, რომ მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ, მთელი ენთუზიაზმით ვთამაშობ. როცა ამას ვერ ვიგრძნობ, მაშინ წავალ, მაგრამ ჯერ ასე არ ვფიქრობ. 

18 წლის წინ პირველად ითამაშე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, რომელსაც ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა და შესარჩევ ჯგუფში იტალიას გაასწარით. 

ახლა თვალწინ გამირბინა მაშინდელმა თამაშებმა. 1997 წელს მქონდა დებიუტი ახალგაზრდულ ნაკრებში, ინგლისს ვხვდებოდით სტუმრად და 0:0 ვითამაშეთ. 

ადრე გვითხარი, რომ შენით ასტონ ვილა იყო დაინტერესებული. უფრო კონკრეტულად? 

სწორედ ინგლისთან 0:0-ის შემდეგ იყო საუბარი ასტონ ვილაზე. გაზეთებშიც ბევრჯერ დაიწერა. რატომ ჩაიშალა ეს ვარიანტი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი. 

იმ შესარჩევში იყო ერთი განსაკუთრებული მატჩი: რუსთავში იტალიის 21-წლამდელებთან 2:0 მოიგეთ და შენც ითამაშე. 

ბოლო 15 წუთი ვითამაშე, უკვე 2:0 იყო, თუმცა მაშინდელი ემოციები არ დამავიწყდება. არ გვჯეროდა. ძალიან ძლიერი იტალია იყო: ბუფონი, პისტონე, კოკო, ამბროზინი, ტაკინარდი, ლუკარელი, ფიორე, ვენტოლა...

კარიერაში ყველაზე სასიამოვნო პერიოდი როდის გქონდა? 

ალბათ, მაინც თბილისის დინამოში, ივო შუშაკის მწვრთნელობის პერიოდში. მანამდე ქუთაისის ტორპედო ზედიზედ სამჯერ გახდა ჩემპიონი, 2003 წელს კი ჩვენ გავხდით. რამდენიმე თვეში მოსკოვში თანამეგობრობის თასი ბრწყინვალე სტილში მოვიგეთ. ასევე, აზერბაიჯანულ ბაკის ვიხსენებ სიამოვნებით. დინამოდან ბაკიში რომ გადავედი, ჯერ თასი მოვიგეთ, მეორე წელს კი – ჩემპიონობი გავხდით. გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დამასახელეს. ატმოსფეროც მშვენიერი იყო ბაკიში, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. 

დინამოდან თანამეგობრობის თასის მოგებიდან რამდენიმე თვეში მოგიწია წასვლამ. ეს ცოტა მოულოდნელი იყო. 

2004 წლის დასაწყისში მოვიგეთ თასი მოსკოვში, აპრილში კი დინამოს მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა, რომელმაც მითხრა, რომ ვერ მათამაშებდა, რადგან ახალგაზრდები სჭირდებოდა. ახალგაზრდებიდან იმ დროს ათამაშდნენ ჯაბა კანკავა და სხვები. გეგუჩაძემ სრულიად გასაგებად მითხრა და მისგან არ მწყენია, თუმცა გული კი დამწყდა. ერთ თვეში სეზონი მთავრდებოდა და მეც მიმთავრდებოდა კონტრაქტი. ის ერთი თვე არ ვითაკილე და დინამოს დუბლებში ვითამაშე. დუბლებს მაშინ ხვიჩა ქასრაშვილი წვრთნიდა. კონტრაქტიც მორჩა და დინამოდან წავედი, ეს იყო და ეს.  

მინდორზე ადრეც გეტყობოდა ლიდერის თვისებები. ლიდერობა – ეს ბავშვობიდან ყალიბდება? 

ალბათ, ასე ხდება. ზოგჯერ ყოფილა, ყვირილიც დამჭირვებია, მაგრამ ყველაფერი მინდორზე რჩება, მის მიღმა არ გადის. ბავშვობიდან მოყოლებული, ბოლომდე ვიხარჯებოდი და თანაგუნდელების აყოლიება შემეძლო. 

ახლა სიონზეც: თურქულ შეკრებაზე ერთ-ერთი საკონტროლო მატჩი რუმინეთის ნაკრებთან გამართეთ. მართალია, ლეგიონერები არ ჰყოლიათ, მაგრამ ფაქტია, ნაკრები ერქვა და ცნობილი ანგელ იორდანესკუ წვრთნიდა. რას იტყვი იმ მატჩზე? 

მართალია, 0:1 წავაგეთ, მაგრამ სიონმა ძალიან კარგად ითამაშა. მე მეორე ტაიმში შევედი, მაგრამ ჩვენმა ყველა ფეხბურთელმა კარგად წარმოაჩინა თავი. იორდანესკუმაც შეაქო ჩვენი გუნდი და თქვა, ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდიო. ისე, საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი იყო ამ მატჩის წინ. მთლიანობაში, კარგი სპარინგი გამოვიდა.

თბილისის დინამოსთან 2:1 მოიგეთ. რას იტყვი ამ მატჩზე, რის ხარჯზე იმარჯვეთ და როდის იყო გარდატეხის მომენტი?

ალბათ, მოტივაციის ფაქტორიც იყო, რადგან, როცა მოწინააღმდეგე დინამოა, სხვა საქმეა. იმას არ ვამბობ, თითქოს სხვა გუნდებთან შემართებით არ ვთამშობთ, მაგრამ მაინც. გადამწყვეტი, ჩემი აზრით, პირველი ტაიმის ბოლო წუთი იყო. გავათანაბრეთ და, როგორც იტყვიან, გასახდელში გოლით შევედით. ამან ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედა ჩვენზე.     

სიონს ეროვნულ ჩემპიონატში ცუდი შედეგი რატომ აქვს? ფაქტია, ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე ხართ. 

პირველ წრეში ბევრი დაუგეგმავი ქულა დავკარგეთ. ახალი გუნდი შეიკრა, ჯერ შეთამაშება გვაკლია, მაგრამ იმედი მაქვს, დინამოსთან მოგებით საქმე შემოტრიალდება. მეორე წრის პირველ ტურში, ჩიხურასთან გასვლაზე ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ წავაგეთ. 

საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდებზე რას იტყვი? ყველა აღნიშნავს, რომ კარგი თაობა მოდის, რასაც ასაკობრივი ნაკრებების შედეგებიც მოწმობს. 

გამორჩევა არ მიყვარს, სახელ-გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ მაინც ვიტყოდი თბილისის დინამოს ახალგაზრდა ნახევარმცველებზე: ძალიან კარგად თამაშობენ. სიონშიც გვყავს პერსპექტიული ბიჭები. მათზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავენ კარიერას. 

ბევრი ფეხბურთელი ასაკის მატებასთან ერთად შედარებით ნაკლებს დარბის, ნაკლებად მოძრაობს, ასე ვთქვათ, კლასის ხარჯზე უფრო თამაშობს. შენ? 

არა. მე განსაკუთრებულად მაღალი კლასის ფეხბურთელი არ ვარ, რომ კლასის ხარჯზე დავიწყო თამაში. ამიტომაც, ყოველთვის დავრბოდი, ვიხარჯებოდი და ახლაც ასე ვარ. 

მომავალში მწვრთნელობას აპირებ?


მინდა ეს საქმე. როცა კარიერას დავასრულებ, ალბათ, მწვრთნელობას ავირჩევ, მაგრამ ჯერ დასრულებაზე არ ვფიქრობ.

ილია ნანობაშვილი