სიახლეები

ლაშა დვალის წარმატების ფორმულა: „ინტენსიური და მიზანმიმართული მუშაობით, ყველაფრის მიღწევა შეიძლება“

გაუზიარე

ლაშა დვალი - 95-იანების თაობის ის ფეხბურთელია, რომელიც ადრეული ასაკიდან გაიცნო და შეიყვარა ქართველმა გულშემატკივარმა. მისი და ამ თაობის ნაკრების ფეხბურთელების კარიერის დასაწყისი ისეთი იყო, რომ ინატრებ ადამიანი. წარმატებით გადალახული საკვალიფიკაციო ეტაპი და ელიტრაუნდი 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი და დღემდე საუკეთესო შედეგი - ნახევარფინალი. შემდეგ იყო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მასზე ერთი წლით უფროსებში... დამეთანხმებით, შთამბეჭდავი ჩამონათვალია.

ტანმაღალი მცველი, მოედანზე გამორჩეული, ტექნიკური და მოაზროვნე, შრომისმოყვარე და მიზანმიმართული - ესაა კომპლიმენტები იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მაისში 20 წლის გახდება და უფრო სერიოზული გამოწვევები და წარმატებები ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში წინ ელის.

„ფეხბურთი ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და მაინტერესებდა. სულ ეზოში ვიყავი და ასფალტზე მეგობრებთან ერთად მუდმივად ფეხბურთს ვთამაშობდი. ათასნაირ თამაშებს ვიგონებდით და მთელ დღეებს ასე ვატარებდით. 6 წლის ვიყავი, ბაბუაჩემმა ფეხბურთზე რომ მიმიყვანა და მისი დიდი დამსახურებაა, მე რომ დღეს ფეხბურთელი ვარ. თვითონაც ძალიან უყვარდა ფეხბურთი და თავის დროზე თამაშობდა კიდეც“ - ასე იხსენებს ბავშვობას ლაშა.

-         ბავშვობისასაკში მიღწეული რაიმე წარმატება ან გამარჯვება თუ გახსენდება გამორჩეულად?

-         ბავშვობაში „საბურთალოში“ ვთამაშობდი. 6 წლის ვიყავი 161-ე სკოლაში რომ მიმიყვანა ბაბუაჩემმა და 13-14 წლამდე მანდ ვიყავი. ჩემი მწვრთნელი მამუკა გვიტიძე იყო. ბავშვობიდანვე ერთი წლით უფროსების გუნდში ვიყავი და გამთამაშებლად ვთამაშობდი. ვისარგებლებ შემთხვევით და მამუკა გვიტიძეს ყველაფრისთვის მადლობას გადავუხდი, რომ ფეხბურთში ბევრი რამ მასწავლა.

 რაც შეეხება პირველ წარმატებას და ზოგადად, ბავშვობის ასაკში რაიმეს მიღწევას, დიღომში, „ავაზაზე“ ტარდებოდა ასეთი ტურნირი - „მერიის თასი“. 11-12 წლის ვიყავი, რომ ეს ტურნირი მოვიგეთ და საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. რატომღაც, ყველაზე მეტად ეს დამამახსოვრდა ჩემი ბავშვობისდროინდელი წარმატებებიდან.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ყველაზე დიდი სიამოვნებით ასაკობრივ ნაკრებში პირველ გამოძახებას იხსენებს:

ნაკრებში პირველად ვასილ მაისურაძემ გამომიძახა - 17-წლამდელებში. სანაკრებო შერჩევა იყო ჯიქიაზე, „ოლიმპის“ მოედანზე და სინჯებზე გამოძახებულები ერთმანეთში ვთამაშობდით. მაშინ 15-16 წლის ვიყავი. ნაკრების ფეხბურთელების შერჩევის მერე, უკვე ოფიციალური სანაკრებო შეკრება უნდა დაწყებულიყო ზუგდიდში. საბედნიეროდ, საბოლოო სიაში მეც მოვხვდი. რომ გავიგე, სიაში მეც ვიყავი, ის პირველი ემოციები და სიხარული ახლაც მახსოვს; ძალიან გამიხარდა. რა თქმა უნდა, მადლობა ვასილ მაისურაძეს ეკუთვნის და გუბაზ დოლიძეს, რომელიც იმ პერიოდში ჩემი გუნდის მწვრთნელი იყო.

-         აუცილებლად უნდა ვისაუბროთ 95-იანებზე, ყველაზე წარმატებულ ნაკრებსა და თაობაზებოლო წლების განმავლობაში. რა იყო თქვენი წარმატების მიზეზი?

-         95-იანები მართლაც გამორჩეული თაობა და ნაკრები ვიყავით. ამას, ჩვენი მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე ვამბობ. ჩემი აზრით, წარმატების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ საოცრად შეკრული გუნდი ვიყავით. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დამოკიდებული ერთ ან ორ ფეხბურთელზე. გუნდში ყველა თანასწორი იყო და თავისი საქმე და საკეთებელი ყველამ კარგად იცოდა. ერთმანეთს სულ გვერდში ვედექით. რა თქმა უნდა, ნიჭი იყო კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი წარმატებებისა.

-         ევროპის ორ ჩემპიონატზე ითამაშე, ორ სხვადასხვა ასაკში. როგორ გაიხსენებ ამ ჩემპიონატებს?

-         თავისი მნიშვნელობით, ევროპის ჩემპიონატი ძალიან დიდი ტურნირია და იქ თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ორივე ევროპის ჩემპიონატზე - 17-წლამდელებშიც და 19-წლამდელებშიც - საუცხოო გარემო იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მაქვს რწმენა და მჯერა, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატსაც ვითამაშებ და ეროვნული ნაკრების რიგებშიც ოდესმე მოვახერხებთ და ფინალურ ეტაპზე გავალთ.

-         2017 წელს, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში ტარდება. როგორ შეაფასებ ამ ამბავს და რას ეტყვი იმ ფეხბურთელებს, ვისაც ამ ჩემპიონატის მასპინძლის რანგში თამაში მოუწევთ?

-         უპირველესად, ქართული ფეხბურთისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ 2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ტარდება. ძალიან გამიხარდა ეს ამბავი. მინდა, ბიჭებს, ვინც ამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ვუთხრა, რომ თითოეულმა მათგანმა დაისახოს მიზანი და ამ მიზნისთვის იმუშაონ; იშრომონ თავდაუზოგავად. საქართველოს ყოველთვის გამორჩეული ასაკობრივი ნაკრებები ჰყავს. თუ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რასაც მწვრთნელები დაავალებენ და ამ ორი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავებენ, წარმატება აუცილებლად მოვა. 

ჩვენი, 95-იანების მაგალითზე შემიძლია ბევრი რამ გავიხსენო. მაგალითად, 17-წლამდელთა ელიტრაუნდის დაწყებამდე, ჩვენ უკვე ზეპირად ვიცოდით ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ნაკრებების თამაშები; ვიცოდით, რა თამაშს თამაშობდნენ. რომ იტყვიან, „გადახარშული“ გვყავდა მეტოქეების ყველა ფეხბურთელი და ზეპირად  გვქონდა შესწავლილი მათი თამაშები. ვასილ მაისურაძის შემუშავებულ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით. თითოეულმა ჩვენგანმა ზედმიწევნით იცოდა ეს გეგმა და ის, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა კონკრეტულ თამაშზე, როგორ უნდა გვემოქმედა. ამ გეგმაზე, მწვრთნელთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, გვქონდა შეცდომები. მერე, ამ შეცდომებზე ვმუშაობდით, ვვარჯიშობდით და წარმატება მოვიდა. ვფიქრობ, ასეთი ინტენსიური და მიზანმიმართული მუშაობით, ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მეც ამას ვურჩევ ჩვენს ბიჭებს. 

-         ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ გითამაშია, თუმცა, გამოძახებული იყავი. რას ფიქრობ ახალ მთავარ მწვრთნელზე და თუ ელოდები გამოძახებას?

-         კი, ეროვნულ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული და ამის მერე, უკვე ძალიან მალე ახალი მთავარი მწვრთნელიც მოვიდა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის მზად ვარ იმ პასუხისმგებლობისთვის, რასაც ნაკრებში თამაში ჰქვია. საქართველო და ჩემი ქვეყნის ნაკრები ჩემთვის ყველაფერია. თუმცა, რა თქმა უნდა, მწვრთნელი წყვეტს ვინ გამოიძახოს და მე მწვრთნელების გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ.

სულ რამდენიმე კვირის წინ, ლაშა დვალი თურქული „ქასიმფაშას“ ფეხბურთელი გახდა. ლატვიურ „სკონტოში“ გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, ლაშასთვის ეს ახალი გამოწვევა და მნიშვნელოვანი კარიერული სიახლეა.

„ქასიმფაშაში“ ყველაფერი კარგადაა. გუნდში კარგად მიმიღეს და ფეხბურთელებთანაც         ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. რაც ძალიან მიხარია, არის ის, რომ ოთო გოშაძეც აქ არის და მნიშვნელოვანია, როცა გვერდით ქართველი გყავს, შენიანი.

რაც შეეხება შოთა არველაძეს, ეს ადამიანი დიდი ფეხბურთელი იყო და ახლა, დიდი მწვრთნელია. ძალიან მსიამოვნებს მასთან ვარჯიში და მუშაობა. მისგან ბევრს ვსწავლობ. ყოველთვის მესაუბრება, რჩევა-დარიგებებს მაძლევს და ასეთ დიდ ადამიანთან ყოველდღიური შეხება ძალიან სასიამოვნოა.“

-         შენი ასაკიდან გამომდინარე, ლეგიონერობის საკმაო სტაჟი გაქვს. რა არის შენი მიზანი, საით მიდიხარ?

-         კარგია, რომ ადრეული ასაკიდანვე გამოვცადე რა არის ლეგიონერობა და საზღვარგარეთ თამაში. როცა ლეგიონერი ხარ, მუდმივად წნეხში ყოფნა გიწევს, რადგან ადგილობრივ ფეხბურთელებს უნდა სჯობდე, რომ ადგილი დაიმკვიდრო. რა თქმა უნდა, გამართლებასაც აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ეგაა ფეხბურთისა და სიძნელეების ხიბლი და სწორედ, აქ უნდა გამოსცადო ადამიანმა შენი თავი. ჩემი უპირველესი მიზანი, ყოველდღიური ვარჯიში და შრომაა. ვცდილობ, საფეხბურთო თვალსაზრისით ყოველდღე რაღაც ახალი ვისწავლო და გავიგო. ამის შემდეგ, წარმატება აუცილებლად მოვა. მე ასე მჯერა. 

სფფ-ის პრესსამსახური