სიახლეები

მთავარია ავტორიტეტი! მევლუდ მიმინოშვილს მსაჯების საქმემ როსტოვი და 80 ათასი მანეთი გაახსენა

გაუზიარე

გუშინწინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულ რვა მსაჯს განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ მსაჯებს სასჯელის მოხდის შემდეგ, ორი წლით მსაჯობაც აუკრძალა, თუმცა, მათ მოსამართლის სიტყვამდეც ჰქონდათ ნათქვამი, რომ ფეხბურთში საქმიანობას აღარ გააგრძელებდნენ...

დაკავებულმა მსაჯებმა ისეთი შეცდომა დაუშვეს, ქართულ საფეხბურთო საზოგადოებაში მათი ხელახლი ინტეგრირება, არა მგონია, რეალური იყოს. მათ უკვე სახელი აქვთ გატეხილი და არავინ ენდობა - გვითხრა ცნობილმა ქართველმა მსაჯმა, ფიფას ყოფილმა არბიტრმა და სპორტის რაინდის ორდენის კავალერმა მევლუდ მიმინოშვილმა. მასთან საუბარი და მსაჯების თემაზე კომენტარის მოსმენა აქამდეც გვსურდა, მაგრამ, ვიდრე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებდა, ჩვენც თავს ვიკავებდით და არც მევლუდ მინინოშვილს სურდა მოვლენებისთვის დაესწრო. მას კომენტარისთვის გუშინ დავუკავშირდით და ლაპარაკ-ლაპარაკში ისეთი საინტერესო ამბები გაიხსენა, საჭიროდ ჩავთვალეთ, მისი მონოლოგი თქვენთვისაც გაგვეზიარებინა:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა აზრს თუ მკითხავს, ვეტყვი, რომ ამ მსაჯების ფეხბურთში დაბრუნება სასიკეთოს არაფერს მოიტანს და, ზოგადად, ფედერაციის ავტორიტეტსაც ავნებს. რამდენადაც ვიცი, ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან იყო მოწადინებული, რომ ქართულ ფეხბურთში მსგავსი სიბინძურე აღკვეთილიყო და დამნაშავეები საკადრისად დასჯილიყვნენ. ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯების ანაზღაურებაც კი გაზარდა, რათა მათ ცდუნება არ ჰქონოდათ. თავად დასჯილებს ვურჩევდი, რომ მალე დაამღერონ ყველაფერი, რაც იციან. დარწმუნებული ვარ, დაპატიმრებული მსაჯების უკან უბრალო ხალხი არ დგას. მათ, საფიქრებელია, მავანი გავლენიანი პიროვნება მფარველობს. იმ ადამიანს კი, თავის მხრივ, ჰყავს თავისი ხელქვეითები. ჰოდა, მსაჯებს თავიანთი საქციელის ოდნავ მაინც მონანიება, იმ ხალხის დასახელებით შეუძლიათ, ვისგანაც წამოვიდა ეს სიბინძურე. 

რამდენადაც ვიცი, მსაჯები თითოეული "გაკეთებული" თამაშისთვის 2.5-დან 5 ათას დოლარამდე იღებდნენ. დამეთანხმებით, სერიოზული თანხაა. ჰოდა, როცა მსაჯს ერთი თამაშის "გაკეთებისთვის" 5 ათას დოლარს სთავაზობენ, ხომ წარმოგიდგენიათ, მსგავსი მაქინაციებით თავად რამდენს იღებენ?! მოკლედ, მსაჯებს სირცხვილის ჩამორეცხვა თუ სურთ, მალევე უნდა დაასახელონ ისინი, ვინც მათ შეკვეთას აძლევდა. 

ამას წინათ, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩს დავესწარი. მსაჯმა ფეხბურთელი სამართლიანად გააფრთხილა, ტრიბუნიდან კი, არბიტრს  მიაძახეს, ერთი ყვითლისთვის რამდენი შემოგთავაზესო. აი, ასე წაახდინა და სახელი გაუტეხა ამ რვა მსაჯის საქციელმა ზოგადად ქართველ მსაჯთა კორპუსს.

ქართველ მსაჯთა კორპუსი შემთხვევით არ მიხსენებია. რუსეთის ფედერაციას თუ არ ჩავთვლით, საბჭოთა კავშირის დროს, მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ყველაზე მეტი ფიფას არბიტრი სწორედ ჩვენ გვყავდა - საბჭოთა კავშირიდან ეს წოდება ჩემს გარდა, კარლო ყრუაშვილსა და ანატოლი მილჩენკოს ჰქონდათ. არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, რომლის ჩემპიონატიც ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იყო, მთლიანად მსოფლიოშიც ჩვენ დიდი ავტორიტეტი გვქონდა. სწორედ, ქართველებს გვამსაჯებდნენ ყველაზე რთულ და პრინციპულ მატჩებს, ყველა გვენდობოდა და ყველგან გვაფასებდნენ. 

უკრაინა ახლა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა და საბჭოეთის დროს მას სულ ერთი ფიფას არბიტრი ჰყავდა - მიროსლავ სტუპარი. ფიფას ერთი არბიტრი ჰყავდა ბელორუსიასაც - ვადიმ ჟუკი. ბალტიისპირეთიდან ფიფას წოდება იუშკასა და ანძიულისს ჰქონდათ; აზერბაიჯანიდან კი, ბახრამოვსა და აზიმზადეს. დანარჩენ რესპუბლიკებს ფიფას არბიტრები არ ჰყოლიათ. საქართველოდან კი, ფიფას წოდება სამს გვქონდა. იმის თქმა მსურს, რომ ქართულ სამსაჯო სკოლას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ეს ავტორიტეტ, პირველ ყოვლისა, პატიოსანი საქმიანობით დავიმსახურეთ. ნამდვილი ტრაგედიაა, რომ რვა მსაჯის გამო მთლიანად ქართველ მსაჯთა კორპუსს მოხვდა ტალახი. 

ვიმეორებ, თავიანთ დანაშაულს ისინი ნაწილობრივ მაინც მხოლოდ მაშინ გამოისყიდიან, თუ იმ ხალხს დაასახელებენ, რომლებიც მათ დავალებას აძლევდნენ. გამორიცხულია, მსაჯებს ქვეყნის მაღალ ეშელონებში საყრდენი არ ჰყოლოდათ. სწორედ, იმ "საყრდენის" ვინაობაა ახლა ყველაზე საინტერესო და გამოსაძიებელი, თორემ, მან მომავალში შესაძლოა სხვებიც აცდუნოს. როცა მსაჯობას ვიწყებდი, იცით, რამდენი იყო მატჩზე ანაზღაურება? 3 მანეთი. ფული რომ ჯიბეს დასტყობოდა 10-15 მატჩის ჰონორარს ერთად ვიღებდით. ახლა კი, როგორც ვიცი, მსაჯები ფეხბურთის ფედერაციისგან მატჩზე დაახლოებით 1000 ლარამდე იღებენ და ხანდახან თვეში რამდენიმე თამაშის მსაჯობაც უწევთ. ათასი ლარი, შესაძლოა, ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ დღევანდელ ყოფაში, ვფიქრობ, საკმარისად კარგი ანაზღაურებაა და საკმარისია იმისთვის, რომ ბინძურ ფულზე არ იფიქრო. 

ერთხელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი იყო როსტოვში, ადგილობრივი "სკა" ალმა-ათის "ქაირათს" მასპინძლობდა. ეს ორი გუნდი და ბაქოს "ნეფთჩი" კი, გავარდნის კანდიდატები იყვნენ. ამ სამიდან ერთი უნდა გავრდნილიყო. მაშინ აზერბაიჯანის კომპარტიის პირველი მდივანი ჰეიდარ ალიევი იყო, საბჭოთა კომპარტიის პოლიტბიუროს წევრი. ყაზახეთის კომპარტიის პირველი მდივანი კი - დინმუხამედ კუნაევი. როსტოველებს მთავრობაში ცალკე პატრონი ჰყავდათ, თან "სკა" რსფსრ-ს წარმოადგენდა. მოკლედ, სამივე გუნდი იმისთვის მუშაობდა, რომ სკა-ქაირათის მატჩი მათთვის მისაღებ მსაჯთა ბრიგადას ემსაჯა. აზერბაიჯანელებს როსტოვში მსაჯებისთვის 80 ათასი მანეთი ჰქონდათ ჩატანილი, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი ფული იყო. 

იმ თამაშის წინა დღეს, საქართველოს სპორტკომიტეტიდან მირეკავენ და მეუბნებიან, ეს წუთია, მოსკოვიდან დარეკეს, შეკრიბე შენი ბრიგადა, სასწრაფოდ როსტოვში უნდა წახვიდე და ხვალ სკა-ქაირათი უნდა იმსაჯოო. კიდევ კარგი, იმ პერიოდში თბილისიდან როსტოვში ორი თვითმფრინავი დაფრინავდა და გაგვიმართლა, რომ იმავე საღამოს რეისზე ბილეთები შეგვხვდა. როსტოვში ჩვენი ჩასვლის შესახებ, ცხადია, მხოლოდ თბილისსა და მოსკოვში იცოდნენ. საღამოს სასტუმრო "ინტურისტში" ისე დავბინავდით, ვერავინ ვერაფერი გაიგო. დილით, სასაუზმოდ რესტორანში რომ შევედით, იქ ერთბაშად სამი ბრიგადა დაგვხვდა - ცალკე აზერბაიჯანელების "მეგობარი" მსაჯები ისხდნენ, რომლებსაც ალიევი უწევდა პროტექციას; ცალკე ქაირათის "მეგობრები", რომლების დანიშვნაც კუნაევი ცდილობდა და ცალკე როსტოველების მსაჯები... 

მატჩის კომისარი ანძიულისი ხან ერთ მაგიდასთან იყო, ხან მეორესთან, ხან მესამესთან... ბოლოს, ჩვენც რომ დაგვინახა, ელდა ეცა. ჩვენ მშვიდად ვუთხარით, რომ მატჩი ქართველებს უნდა გვემსაჯა. მან მოსკოვში გადარეკა, სადაც დაუდასტურეს, რომ სკა-ქაირათის მატჩს მიმინოშვილის ბრიგადა იმსაჯებდა. 
ასე დაგვნიშნეს ამ უპრინციპულეს თამაშზე. როსტოველები 2:0 იგებდნენ და ასეთი შედეგით უმაღლეს ლიგაში ისინი და ბაქოელები რჩებოდნენ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ფეხლევანიდიმ ანგარიში გაათანაბრა, რის შედეგადაც "ნეფთჩი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ ჩვენ ისეთი ავტორიტეტი გვქონდა, ასეთი პრინციპული თამაშის წინ ვერავინ გაგვიბედა ფულის შემოთავაზება და თამაშის გაკეთება. არადა, კიდევ ერთხელ ვამბობ, "ნეფთჩის" ხელმძღვანელობას როსტოვში 80 ათასი მანეთი ჰქონდა ჩამოტანილი. ხოლო, როცა გადაწყდა, რომ მატჩს მიმინოშვილის ბრიგადა იმსაჯებდა, ეს ფული აზერბაიჯანელებმა უკანვე წაიღეს... იმ ფულისთვის ხელი რომ მოგვეკიდა, ამხელა თანხა მე და ჩემს ბრიგადას  დღემდე მოგვყვებოდა.  

კობა ინასარიძე