საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია უკვე სრული დატვირთვით მუშაობს და სწრაფი პროგრესის გზას რომ ადგას, ამას ერთისაქმეში ჩახედული ადამიანიც ადასტურებს. უეფას მხრიდან აკადემიის კურატორი, ფრანგი სპეციალისტი ჟან ფრანსუა დომერგი (ეს სწორედ ის დომერგია, 1984 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პორტუგალიას გოლი რომ გაუტანა და საფრანგეთის ჩემპიონობაში თავის წვლილიც შეიტანა), რომელიც თბილისში უკვე მესამედ ჩამოვიდა ინსპექტირებისა და ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად, სამშობლოში ნანახით კმაყოფილი ბრუნდება. დომერგი აკადემიას სექტემბერში და ნოემბერშიც სტუმრობდა, ახლა კი საკმაოდ ინტენსიური, ერთკვირიანი სამუშაო გასწია.
რაკი ეს უეფას კურატორის მესამე ვიზიტი იყო და თანაც,სეზონის ნახევარი უკვე გასულია, დომერგის ეს ჩამოსვლა ერთგვარ შემაჯამებელ ხასიათს ატარებდა. ფრანგი სპეციალისტი გაწეული სამუშაოთი კმაყოფილებას არ ფარავს: "შინ ძალიან კმაყოფილი ვბრუნდები. მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ შემდეგი ჩამოსვლისას უფრო მეტ შედეგს დავინახავ. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. აკადემია თქვენი ფეხბურთის სამჭედლოდ იქცევა" _ გვითხრა ჟან ფრანსუა დომერგმა.
ბუნებრივია, მასთან საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით 2017 წელს საქართველოში გასამართ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს: "ორი აზრი არ არის, ეს ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებაა. რა თქმა უნდა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და საორგანიზაციო ჯგუფში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით, საქართველო წინ წაიწევს. რაც შეეხება თავად ჩემპიონატს, ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გელით, რადგან ევროპის ყველა ამომავალ ვარსკვლავს, როგორც იტყვიან, ცოცხლად ნახავთ. ევროპირველობის ფინალური ეტაპი ჩვენი აკადემიის ბავშვებისთვისაც ძალიან დიდი სტიმული იქნება და ეს განსაკუთრებით მახარებს."
უეფას კურატორმა რუსთავში მშენებარე აკდემიის კომპლექსიც მოინახულა, რომელსაც, შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბორის პაიჭაძის სახელი მიენიჭა.
დომერგის ჩამოსვლამდე, აკადემიაში მოვლინებული იყო მისი თანაშემწე ფიზმომზადების დარგში, ასევე ფრანგი სპეციალისტი ლორიკ ბორიე, ვინც აკადემიის ორივე ასაკობრივ გუნდთან იმუშავა და ჩვენს მწვრთნელებს გაუზიარა თავისი გამოცდილება.
საგულისხმო სიახლეა, რომ უეფა, გარდა იმისა, რომ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მონიტორინგით ეხმარება აკადემიას, ჩვენს ბიჭებს სასარგებლო სათამაშო პრაქტიკითაც უზრუნველყოფს. მალე აკადემიის გუნდი კვიპროსზე მიემგზავრება.
გიორგი ხაჩიძე, აკადემიის მენეჯერი: ,,კვიპროსში ორ მარტს ჩავალთ. ჩვენს გარდა, იქ იქნებიან მაკედონიისა და სომხეთის ანალოგიურ აკადემიათა გუნდები და ასევე მასპინძლების ჭაბუკთა კლუბები. ჩავებმებით საკმაოდ საინტერესო ტურნირში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სამი ქვეყნის აკადემიების წარმომადგენლები ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას, შევაჯამებთ ჩვენს სამუშაოს და ვნახავთ, თუ რომელ კომპონენტში ვინ უფრო წინაა და ვის რაზე აქვს სამუშაო."
საგულისხმოა, რომ აკადემიის მუშაობის მიმართ ინტერესი გამოხატეს ჩვენმა რეგიონულმა ფედერაციებმა და კლუბებმა, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთ საფეხბურთო სკოლებში უეფას თანამედროვე მეთოდები დანერგონ და, სავარაუდოდ, დომერგის მომდევნო ვიზიტასას ფრანგი სპეციალისტი შეხვდება დაინტერესებული ფედერაციების წარმომადგენლებს და კონკრეტულ რეკომენდაციებსაც გასცემს.
აქვე გეტყვით, რომ აკადემიის კომპლექსის მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, მისი საზეიმო გახსნა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს შედგება. ორ დღეში კი, თბილისში უეფას სუპერთასის შეხვედრა გაიმართება და, ბუნებრივია, აკადემიის გახსნასაც ბევრი საპატიო სტუმარი დაესწრება.
როგორც ჩვენთან საუბარში გიორგი ხაჩიძემ განაცხადა, ზაფხულში ჩატარდება სასელექციო სამუშაოები, რის შედეგადაც აკადემიას კიდევ ერთი ასაკობრივი გუნდი შეემატება. "როგორც იცით, ჩვენ გვყავს 2000 და 2001-წლიანების გუნდები. გეგმის მიხედვით, მომავალ სეზონში კიდევ ერთი, 2002 წელს დაბადებულთა გუნდი დაგვემატება. მართალია, სინჯები ზაფხულში ჩატარდება, მაგრამ მსურველები უკვე საკმაოდ არიან და ზაფხულამდე მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამიტომ, მოგვიწევს საფუძვლიანი სელექციის ჩატარება."
ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის იოლი არაა ბავშვთა ფეხბურთში არსებული გადასახადების გადახდა, ფედერაციის აკადემიის დაარსება მართლაც სასარგებლო და ძალზე დროული საქმეა. შეგახსენებთ, აკადემიის მოზარდ ფეხბურთელებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი საიმისოდ, რომ მხოლოდ საკუთარ პროფესიულ ზრდაზე იფიქრონ, მათ მშობლებს კი არ აწუხებთ არც გადასახადის, არც კვებისა და არც ეკიპირების პრობლემა. ამ ყველაფერს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.
პაატა ძნელაძე