სიახლეები

რით ჰგვანან ქინქლაძე და ედეგორი? გაფუჭებული ლიფტიდან დაწყებული ისტორია

გაუზიარე

ნორვეგიელმა ჭაბუკმა მარტინ ედეგორმა შარშან მთელი მსოფლიო აალაპარაკა, ის ხომ 15 წლის ასაკში უკვე ნორვეგიის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. თანაც, მაგრად თამაშობდა. 15 წლის ბიჭი ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, რაც უნიკალური მოვლენა იყო. გავიდა ერთი-ორი თვე და ბიჭი მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდა. ჯერ რეალ-კასტილიაში (ახალგაზრდულ გუნდში) ითამაშებს, მაგრამ ეს რას ცვლის - რეალთან კონტრაქტი აქვს, წელიწადში ხელფასად 2,25 მილიონი ევროს სახით. და მაინც რით ჰგავს ედეგორი გიორგი ქინქლაძეს? მოვიცადოთ.

ნორვეგიელი თვენახევრის წინ, დეკემბერში გახდა 17 წლისა. რეალში მასთან ერთად გადავიდა ვუნდერკინდის მამა ჰანს-ერიკ ედეგორი, კერძოდ, მას რეალის ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის მწვრთნელად ამუშავებენ. ჰანს-ერიკი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, სტრომგოდსეტში 240 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ გამორჩეული არასოდეს ყოფილა. მან შვილი შვიდი წლისა შეიყვანა ფეხბურთზე.

"მარტინი შვიდი წლისა იყო, როცა უკვე ჩემზე არანაკლებს დარბოდა, არადა იმ დროს ჯრ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ვიყავი. ის თანატოლებზე ორ-სამჯერ მეტს ვარჯიშობდა. მერე, როცა სტრომგოდსეტის ბავშვთა გუნდის მწვრთნელი გავხდი, მარტინი ჩემს გუნდში იყო და მიუხედავად იმისა, რომ ყველას სჯობდა, არც კაპიტნად ვნიშნავდი და თამაშისას მასზე სუსტი ფეხბურთელებით ვცვლიდი ხოლმე. ერთხელ ისე დავუყვირე შვილს, რომ სხვა მშობელი გადამიდგა წინ და ჩხუბი დამიწყო, ასე ნუ ექცევიო".

მამამ დიდი როლი შეასრულა მარტინ ედეგორის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, მაგრამ ბიჭიც ხელს უწყობდა. რაც არ უნდა ჩაგაგონოს მამამ, თუ ნებისყოფამ არ გაგიშვა... და რა შუაშია ქინქლაძე? ამის შესახებ ესპანური დიარიოს ფუტბოლი წერს, თუმცა თავადაც ადრე დაგვიწერია ეს ამბავი.

უბრალოდ, გულს სიამოვნებს, როცა ესპანელი ჟურნალისტი ქინქლაძის ისტორიას იშველიებს და იხსენებს. უფრო სწორედ, არა მხოლოდ გიორგი ქინქლაძის, არამედ რობინზონ ქინქლაძისასგიორგის მამის.

ვინ იყო ქინქლაძე, რა დონეზე თამაშობდა და რა გოლები გაჰქონდა საქართველოს ნაკრებსა თუ მანჩსტერ სიტიში, ამაზე არ შევჩერდებით. ან ახალი რა უნდა დავწეროთ.

ესპანური გამოცემა წერს, რომ მარტინ ედეგორის მსგავსად, ქინქლაძის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაშიც უდიდესი როლი შეასრულა მამამ. ქვესათაურში გაფუჭებული ლიფტი ტყუილად არ გამოგვიტანია. დიახ, სწორედ აქედან დაიწყო... რობინზონ ქინქლაძის ოჯახი დიდუბეში მერვე სართულზე ცხოვრობდა და მამა პატარა გიორგის ავალებდა, ლიფტი არ დამანახო, კიბეებზე ფეხით ადი და თან ბურთი კენწლე, ხელით არ შეეხოო.

"გაფუჭებული" ლიფტი მომზადების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო. ცხონებული რობინზონ ქინქლაძე სპეციალურ ნატურალურ წვენებს ასმევდა შვილს, საამისოდ სპეციალურად წვენსაწური იყიდა. ჩაჰყავდა პატარა მოედანზე და თავად ავარჯიშებდა. თბილისის ზღვაზე გაჰყავდა და იქ არბენინებდა. ცნობილია, რომ ქინქი ცეკვაზეც დადიოდა და საკმაოდ ნიჭიერიც იყო. ან როგორ შეიძლებოდა, ქინქლაძე რამეში უნიჭო ყოფილიყო. როცა წამოიზარდა, ფეხბურთზე გადართვის გამო ცეკვისთვის თავის დანებება მოუწია და მასწავლებელი თურმე გამოეტირა

რობინზონ ქინქლაძე იხსენებდა, ძლივს ვშოულობდი ვიდეოკასეტებს, სადაც ფეხბუღტის ვარსკვლავების თამაშები იყო ჩაწერილიო. ქინქლაძეს ყვლაზე მეტად თურმე იოჰან კრუიფი მოსწონდა, აპაუზებდა მომენტებში და უკვირდებოდა – "აბა, ამ ფინტს როგორ აკეთებს", "აბა, ეს პარტნიორი როგორ დაინახა და როგორ გაუკეთა პასი"...

ესპანელი ჟურნალისტი ქინქლაძეს გენიოსს უწოდებს და სტატიას სწორედ ამ სიტყვებით ამთავრებს.

ილიანანობაშვილი