სიახლეები

30 პროცენტი... საქართველოს ნაკრებში დაშავებული ოთარ ხიზანეიშვილი კარიერას თავიდან იწყებს

გაუზიარე

ოთარ ხიზანეიშვილი 18 წლის იყო, როცა მის ცხოვრებაში განსაკუთრებული, ქართველი ქომაგებისთვის კი მოულოდნელი ამბავი მოხდა _ ის ჰოლანდიელმა ღრიალა მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა საქართველოს ნაკრებში მიიწვია. ეროვნული გუნდი საბერძნეთს ეროვნულზე მასპინძლობდა, ხოლო ოთარ ხიზანეიშვილი დიდი საფეხბურთო კარიერისთვის ემზადებოდა. სწორედ ნაკრების შემდეგ ოთარმა ჯერ დინამოში ითამაშა, შემდეგ კი იყო ოლეგ რომანცევის გაწვრთნილი მოსკოვის სპარტაკი, მოსკოვის დინამო, ფრაიბურგი... მის კარიერაში კიდევ ბევრი გუნდი გახლდათ. ოთარ ხიზანეიშვილისგან დიდ წარმატებებს ველოდით, მაგრამ უმაღლეს დონეზე დებიუტიდან ხუთ წელიწადში მისი კარიერა უკან-უკან წავიდა _ ბოლო რამდენიმე წელიწადი მან ქართულ კლუბებში ითამაშა, დღეს კი ახლახან მოფერიანებული ზესტაფონის ფეხბურთელია და ამ კლუბის კუთვნილ თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს.

`ვარჯიში ორი თვის უთამაშებელმა განვაახლე და ახლა თავს შეუძლოდ ვგრძნობ, კუნთები ისე მტკივა, სიარულიც მიჭირს~, - გვითხრა ოთარ ხიზანეიშვილმა, ვისაც ფეხბურთისთვის თავი დანებებული ჰქონდა, მაგრამ ქუჩაში შემთხვევითმა შეხვედრამ ის მოედანს დაუბრუნა.

`სიონიდან წამოსვლის შემდეგ ფეხბურთისთვის თავის დანებება მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ცხოვრებაში რაღაც დამაკლდა, თავს ისე ვეღარ ვგრძნობდი, როგორც იქამდე ვიყავი. მერე კი შემთხვევით ზესტაფონის გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი შემხვდა. ჩემი უფეხბურთოდ ყოფნის ამბავი რომ გაიგო, თავად შემომთავაზა ზესტაფონში თამაში, თბილისში მოვემზადებით და მწვრთნელად გიორგი მიქაძის დანიშვნას ვაპირებთო. შევთანხმდით, რომ ზესტაფონი როცა ვარჯიშს განაახლებდა, გუნდთან ერთად მეც ვიქნებოდი. ასე დავიწყე ფეხბურთი ხელმეორედ. ზესტაფონელებს ოთხთვიან კონტრაქტზე შევუთანხმი, გუნდში სეზონის ბოლომდე დავრჩები, მერე კი ვნახოთ... ზესტაფონში უკვე მეოთხე დღეა ვვარჯიშობ და როგორც გითხარით, მთელი სხეული მტკივა. თუმცა ეგ არაფერი, ჩვეულებრივი ამბავია, მალე ტკივილი გამივლის და იმედია, სეზონის განახლებას კარგი სათამაშო ფორმით შევხვდები~.

მიმდინარე სეზონში თამაში კი უკვე მოასწარი... რატომ დატოვე სიონი და რატომ მიატოვე ფეხბურთი?

ტრავმის გამო. 2005 წელს დავშავდი და მას შემდეგ ის ტრავმა საბოლოოდ ვერ მოვიშუშე. ბოლოს, ისეთი წამლის გაკეთება მირჩიეს, რომლის შემდეგაც სამი კვირა ფეხზე ვერ დავდექი. მუხლი შეშუპებული მქონდა. ჟელეს მსგავსი ნივთიერებაა, რომელსაც მუხლში ასხამენ და შიგნით არსებული სიცარიელე ივსება. მოკლედ, სამი კვირა გამიცდა. გამოჯანმრთელებულს კი უვარგისი სავარჯიშო მოედნის გამო ფორმის აღდგენა გამიჭირდა. სწორედ იმ პერიოდში მივიღე ფეხბურთისთვის თავის დანებების გადაწყვეტილება, მაგრამ უფეხბურთოდ ვერ გავძელი...

მოდი, შენს წარსულს გადავავლოთ თვალი და ის თქვი, დიდი  ფეხბურთი  რატომ ვერ ითამაშე...

საქმისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო. მხოლოდ ჩემი ბრალია ის, რომ გაცილებით მაღალ დონეზე ვერ ვითამაშე და შესაძლებლობების დაახლოებით 30 პროცენტი თუ გამოვავლინე. სწორედ მაშინ ვზარმაცობდი, როცა ყველაზე მეტად უნდა მომენდომებინა. ვნანობ, ძალიან ვნანობ ასე რომ მოხდა და მსურს, ახალგაზრდებმა, კარიერის დასაწყისში მყოფმა ფეხბურთელებმა ჩემი მაგალითი გაითვალისწინონ. მათ ერთ ასეთ რჩევას მივცემდი _ 30 წლამდე მხოლოდ ფეხბურთით იცხოვრონ, 30 წლამდე ფეხბურთს მისცენ ყველაფერი, მერე კი დაუფასდებათ და მათი მეგზური ბედნიერება, მუდამ წარმატება იქნება.

ყელაზე  მეტად  რას  ნანობ?

რაც გითხრი იმას _ სწორედ მაშინ, როცა ყველაზე მეტად უნდა მომენდომებინა, მაშინ ვუდგებოდი საქმეს ზერელედ. 20 წლის ბიჭი საცხოვრებლად მოსკოვში გადავედი და სპარტაკის ძირითადში დავიმკვიდრე ადგილი. მერე როსტოვში წავედი და ისევ მოსკოვში, ოღონდ დინამოში დავბრუნდი... ცხოვრება ჩემი მეგონა, ცაში დავფრინავდი, ოღონდ სხვაზე მაღლა ჩემი თავი არასდროს დამიყენებია. რეჟიმს ვარღვევდი, არ მეძინა და შედეგად... მერე ფრაიბურგში წავედი და თითქოს ხელმეორედ დავიბადეო. სათამაშო ფორმა აღვიდგინე, ძალიან მონდომებული ვიყავი, რაც გერმანელებმა ადვილად შეამჩნიეს და ფარიბურგის ძირითადში სტაბილურად დავიწყე თამაში. რვა თუ ცხრა შეხვედრა მქონდა ჩატარებული, როცა საქართველოს ნაკრებში თურქეთთან სათამაშოდ გამომიძახეს. ქომაგებს ეხსომებათ ის მატჩი. ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ შეხვედრა ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და მოგებაც შეგვეძლო. ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა ბურთისთვის მე, აკაკი დევაძე და თურქი ილდირაი ბაშთურქი ვიბრძოდით, მოედანზე მხოლოდ მეტოქე ფეხბურთელი დარჩა _ ფეხბურთში ხელახლა დაბრუნებულმა კაკო დევაძემ იმ შეტაკებისას ისეთი ტრავმა მიიღო, რამადენიმე კვირა საავადმყოფოში იწვა, თავად კი ის მუხლი დავიზიანე, რომელზეც უკვე ვთქვი. სწორედ თურქეთთან იმ მატჩისას მიღებულმა ტრავმამ გამომატოვებინა მომდევნო წელიწადნახევარი _ ბაშთურქთან ბრძოლისას ჯვარედინი იოგები და მყესები დავიწყვიტე და ჩემი კარიერაც, ფაქტობრივად, იმ ეპიზოდის შემდეგ დასრულდა.

 

არადა, ფრაიბურგის შემდეგ მეორე გერმანულ კლუბში _ აუგსბურგში ითამაშე.

ვითამაშე, მაგრამ იმ დონეზე მაინც არ ვიყავი, როგორც ფრაიბურგში.

საფებურთო კარიერაში ყველაზე ტკბილად რა გახსენდება?

საქართველორუსეთის თბილისური მატჩი, რომელიც 1:0 მოვიგეთ. იმ საღამოს სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი და ახლაც, როცა ის თამაში მახსენდება, ტანში ჟრუანტელი მივლის.

ცუდ მოგონებაზე აღარც გკითხავ...

მართლაც არ მსიამოვნებს ხოლმე საქართველო-თურქეთის იმ თამაშის მოგონება.

ზესტაფონში და ფეხბურთში ახლა რამდენი ხნით დაბრუნდი?

ზესტაფონის მთავარი გუნდი, ფაქტობრივად, თავიდან შეიქმნა და ამ ეტაპზე კლუბის ხელმძღვანელობასთან ოთხთვიან კონტრაქტზე ვარ შეთანხმებული. სეზონის ბოლოს კი ვითარებიდან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას. ახლა რა გითხრათ, არც ვიცი. ვიმედოვნებ, მალე ზესტაფონში საქმე ისევე აეწყობა, როგორც აქამდე იყო და ეს გუნდი ისევ პირველობისთვის იბრძოლებს.

ჯერჯერობით კი გამოცდილებას ახალგაზრდა ზესტაფონელ თანაგუნდელებს გაუზიარებ...

თავადაც გავუზიარებ და მათგან მეც ვისწავლი. არასდროს მითაკილია უმცროსისგან სწავლა, ასე იყო დინამოში და სხვა კლუბებშიც. ახალგაზრდა ყოფილ თანაგუნდელებთან მეგობრობას ახლაც ვაგრძელებ და ალბათ ზესტაფონშიც ასე იქნება.

კობა ინასარიძე