სიახლეები

გამოცდილება კოზირია, სახლში თამაში - კომფორტი; გია ცეცაძე: მიმსახურეთ!

გაუზიარე

ევროპის 19-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატის საქართველოს ქალაქებში ჩატარებამ, ბუნებრივია, ინფრასტრუქტურულთან ერთად, წინ წამოწია წმინდა საფეხბურთო მოლოდინი: რა გუნდით დავხვდებით ევროპულ ელიტას, რა შედეგი შეიძლება აჩვენოს ჩვენმა გუნდმა? აი კითხვები, რომლებიც უკვე გაისმის.

გია ცეცაძე ერთადერთი ქართველი სპეციალისტია, ვისაც ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე მონაწილეობის გამოცდილება აქვს. აქვე გავიხსენოთ, რომ სხვადასხვა ასაკში ევროჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე რეზო გაგუას, ვახტანგ კოპალეიშვილის, ვასილ მაისურაძისა და კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილი გუნდებიც გასულან. ლიტვაში ორი წლის წინ გამართული პირველობაზე გია ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა. გემახსოვრებთ, მაშინ ჩვენი გუნდი ურთულეს ჯფუფში მოხვდა, ტურნირის მომავალ ფინალისტებთან, საფრანგეთთან და სერბეთთან, ასევე თურქეთის ნაკრებთან ერთად. ჯგუფის სიძლიერის მიუხედავად, გია ცეცაძე მიიჩნევს, რომ მსგავს ტურნირებში მონაწილეობის გამოუცდელობა იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ გუნდმა უკეთესი შედეგი ვერ აჩვენა. საუბარია არა ზოგადად გამოცდილებაზე, არამედ მსგავსი ფორმატის და დონის ტურნირებში მონაწილეობის პრაქტიკის არქონაზე.

 

ეს მეტად სპეციფიკური ტურნირია, რომელშიც, როგორც წესი, ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს. ორი წლის წინ, შესარჩევ ეტაპსა და ელიტრაუნდში დიდი ბრძოლების შედეგად მოვიპოვეთ ლიტვის საგზური. მსგავსი ტურნირების გამოცდილება რომ მქონოდა, მჯერა, გუნდს ნახევარფინალში გავიყვანდი ან როგორც მინიმუმ, ბოლო მატჩს მაინც მოვიგებდით და ასპარეზობას მეხუთე ადგილზე დავასრულებდით. არა მგონია, მეხუთე ადგილი საქართველოსთვის ცუდი შედეგი ყოფილიყო.

თქვენ ახსენეთ, რომ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად დიდი ბრძოლა გადაიტანეთ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მოხვედრა, 2017 წელს ჩვენი გუნდისთვის დიდი კომფორტი და ერთგვარი ჰანდიკაპი იქნება?

ჰანდიკაპის რა მოგახსენოთ, აი კომფორტი კი ნამდვილად იქნება. გუნდს, რომელიც ფინალურ ეტაპზე ავტომატურად დაიშვება, წნეხის გარეშე, მშვიდ და საქმიან რეჟიმში შეუძლია პირველობისათვის მომზადება. გუნდს მოსამზადებლად დაჭირდება რაც შეიძლება მეტი ამხანაგური მატჩი ძლიერ მეტოქეებთან. ძლიერი სპარინგპარტნიორების გამონახვა არ უნდა გაჭირდეს, რადგან ჩემპიონატის მასპინძელთან, ჩემი აზრით, ყველა სიამოვნებით ითამაშებს. უპრიანი იქნება, თუკი ამხანაგური მატჩები ისე დაიგეგმება, რომ შესაბამისობაში იქნება შესარჩევი ციკლისა და ელიტ რაუნდის ფორმატთან და კალენდართან. ანუ, კარგი იქნება, თუკი შესარჩევი ციკლის დროს გაიმართება სამი ამხანაგური მატჩი და ელიტრაუნდის დროსაც ასევე სამი ტესტშეხვედრა.

მაინც რა თავისებურება ახასიათებს ფინალურ ტურნირს?

ჯერ იმას გეტყვით, რომ როდესაც ასეთი პრესტიჟული ტურნირის ფინალურ ეტაპზე ხვდები მძიმე შესარჩევი ციკლის და ურთულესი ელიტრაუნდის შემდეგ, თუ არ ხარ ევროპული გრანდი, გარკვეული დაკმაყოფილების გრძნობა გეუფლება. თავად ის ფაქტი, რომ უკვე ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდი, შესაძლოა, მოდუნების საფუძვლად იქცეს დამქანცველი შესარჩევისა და ელიტრაუნდის შემდეგ. ანუ, კონცენტრაციის პიკმა, შესაძლებელია, ელიტრაუნდზე მიაღწიოს, რადგან ამ ტურნირზე ძალების დიდი მობილიზაცია ხდება. მეორე ფაქტორი, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს გუნდის მზადებისას, ტურნირის ხანგრძლივობა და სპეციფიკაა. ის ფაქტი, რომ ჩვენი გუნდი პირდაპირ დაიშვება ჩემპიონატზე, თავისთავად გამორიცხავს იმის საშიშროებას, რომ კონცენტრაციის პიკი გუნდს გავლილი ექნება

2017 წელს, ჩვენი გუნდის ჯგუფიდან გასვლა, ანუ ნახევარფინალში მოხვედრა რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?

გააჩნია, ჯგუფში ვინ იქნებიან მეტოქეებად და იმას, თუ რა დონის გუნდი გვეყოლება თავად ჩვენ 2017-ში. მიმაჩნია, რომ ვინც არ უნდა იყოს, მინიმუმ ერთი მატჩი მაინც უნდა მოიგო. თითოეულ გუნდს, სულ მაქსიმუმ ხუთი თამაში უწევს - სამი ჯგუფური, ერთი ნახევარფინალური და ერთიც ფინალური. ამიტომ, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომზადება და ძალების სწორად გადანაწილება. წინ წავა ის გუნდი, ვინც უკეთესად იქნება მზად კონკრეტული მატჩისათვის. ამიტომ, თითოეულ შეხვედრაზე ჩვენი გუნდი უნდა გადიოდეს ყოველგვარი წნეხის გარეშე, როგორც ერთ რიგით თამაშზე, სრულად კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ მატჩზე და არ ფიქრობდეს სატურნირო მდგომარეობასა თუ მომდევნო შეხვედრებზე. წილისყრის შემდეგ, ჩვენი ჯგუფური მეტოქეების გარკვევისთანავე გაკეთდება ანალიზი და დაიგეგმება სტრატეგია. თუკი საჭირო იქნება ჩემი გამოცდილების გაზიარება, მზად ვარ, რჩევებით თუ ნებისმიერი სხვა ფორმით დავეხმარო ჩემს კოლეგებს. მიმაჩნია, რომ ნაკრები გუნდებისთვის დახმარების გაწევა, ყველა ჩვენგანის ადამიანური, კოლეგიალური და გნებავთ, პატრიოტული ვალია, განურჩევლად იმისა, ვართ თუ არა ამ თუ იმ ეტაპზე ნაკრებ გუნდებში დასაქმებული.

გია გომართელი