ანთალიაში შეკრებაზე მყოფმა დინამომ მეორე ამხანაგური მატჩი უკრაინულ ვორსკლასთან გამართა და 0:1 დამარცხდა. აქვე ვთქვათ, რომ თბილისელებმა პოლტაველებთან მატჩამდე დილით ივარჯიშეს და დიდი ფიზიკური დატვირთვა მიიღეს, მატჩი კი კოკისპირული წვიმის თანხლებით ჩატარდა, რამაც ჯანმაგარი უკრაინელების ანგარიშში უპირატესობაც განაპირობა.
დინამოს ვებგვერდის ცნობით, თბილისელები პრაქტიკულად მთელი მატჩი მანძილზე ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა დინამოს კარში უკრაინელების პირველივე დარტყმა შედეგიანი გამოდგა _ მიშჩენკომ ჩვენების სლოვაკ მეკარე ჰრდლიჩკას ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა. გოლიდან რამდენიმე წუთში დინამოს ესპანელ ფორვარდ მანუელს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ არ გამოუვიდა, ტაიმის ბოლოს მასვე მეორე შანსი მიეცა და ვერც მაშინ ივარგა _ მეკარემ აჯობა.
უპირატესობის მიუხედავად, დინამოს გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი მატჩის ბოლოს ჰქონდა, მაგრამ წინა, ავსტრიულ შტურმთან შეხვედრაში გამტან ჯიღაურს უკრაინელთა მეკარესთან აღარ გაუმართლა. შესვენების შემდეგ ერთხელაც უკრაინელებს შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ თბილისელთა მეკარემ არ დაანება.
გრაცის შტურმთან მატჩისგან განსხვავებით, დინამოს შემადგენლობაში არ უთამაშიათ ჭანტურიასა და თოთაძეს, მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა ისინი დაასვენა, ტრავმის გამო კი ვერ ითამაშეს ჩირგაძემ, პაპუნაშვილმა და შერგელაშვილმა. მიკროტრავმის გამო ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს ბრაზილიელი მცველი რენე.
დინამოს შემადგენლობა ვორსკლასთან მატჩში: ჰრდლიჩკა (დაუშვილი 46), კაკაბაძე, ბუკორაცი, გველესიანი, ტაბატაძე, გუგა (ლობჟანიძე 46), ჯანელიძე (ჯიღაური 62), პარუნაშვილი (ცინცაძე 62), კიტეიშვილი (უგულავა 67), ჭანტურიშვილი (ჯაფიაშვილი75), მანუელი (მიქელთაძე 62).
კობა ინასარიძე