სიახლეები

უჩა ლობჟანიძის გერმანული რეცეპტი: კონცენტრაცია! კონცენტრაცია!

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე კვიპროსზე, ნიქოზიის ომონიაში შარშან ზაფხულს გადავიდა და ამ გუნდში სტაბილურადაც თამაშობს.

ლობჟანიძე საიმედო მცველია, ძნელია, გაიხსენოთ ისეთი მატჩი, როცა მან საქმეს თავი ვერ გაართვა. ის ძლიერია ორთაბრძოლებში, პოზიციასაც კარგად ირჩვეს, ჩვენს ეროვნულ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს და 39 კეპი დაუგროვებია.

ის უკვე საკვანძო მოთამაშეა ნაკრებში, ისეთია, რომელსაც მწვრთნელიცა და თანაგუნდელებიც დაეყრდნობიან. დიდი ალბათობით, ლობჟანიძე ნაკრების ახალი თავკაცისთვისაც  საინტერესო ფეხბურთელი იქნება.

ომონია კვიპროსის 12-გუნდა ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, ლიდერ აპოლონს შვიდი ქულით ჩამორჩება. იქაურ ჩემპიონატში შესვენება არ ყოფილა და ომონიას მორიგი მატჩი 1 თებერვალს აქვს, მანამდე კი ლობჟანიძე „ჩვენი თამაშის“ კითხვებს პასუხობს.

საქართველოდან წასვლის შემდეგ უკრაინაში ხუთი წელი ითამაშე, ახლა კი სულ სხვა გარემოში აღმოჩნდი - როგორ ეგუები მანდაურ სიტუაციას?

კვიპროსთან და აქაურ ჩემპიონატთან შეგუება არ გამჭირვებია, ომონია რიგიანი გუნდია, კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს, სავარჯიშო პირობებიც ნორმალურია,ისეთ მინდორზე ვატარებთ საშინაო შეხვედრებს, კვიპროსზე ერთ-ერთი საუკეთესო რომ არის. ზოგჯერ, როცა დერბია, ჩვენს თამაშს დაახლოებით 25 ათასი გულშემატკივარი ესწრება, ისე კი, ომონიას მატჩებზე 10 000 კაცი სულ  მოდის. კვიპროსზე ფეხბურთი უყვართ, ომონია დედაქალაქის გუნდია და ყურადღება არ აკლია.

როგორც ვიცი, ომონიაში თემურ ქეცბაიას რეკომენდაციით აღმოჩნდი...

დიახ, ომონიაში რომ ვარ, ქეცბაიას დამსახურებაა. უკრაინიდან რომ წამოვედი, თბილისში ვიყავი და თემური დამეხმარა -  ასე აღმოვჩნდი აქ. რა თქმა უნდა, ქეცბაიას მადლობელი ვარ, კარგი ადამიანია და პატივს ვცემ.

ომონიაშიც მარჯვენა მცველად თამაშობ?

კი, თუმცა, როცა გუნდს დასჭირდა, რამდენიმე მატჩი ცენტრალურ მცველადაც ვითამაშე.

უკრაინის და კვიპროსის ჩემპიონატებს შორის განსხვავება მკვეთრია?

უკრაინის ჩემპიონატი უკეთესი დონისაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვიპროსისა სუსტია, აქ საკმაოდ ნორმალური ლიგაა. ომონიაში ყველაფერი კარგად არის აწყობილი, საქმე ისეა მოწყობილი, კლუბს გულშემატკივრებიც ეხმარებიან იმაში, რომ ნორმალურად იფუნქციონიროს.

როინ კვასხვაძე, შოთა და ელგუჯა გრიგალაშვილები, გიორგი აბურჯანია, ირაკლი მაისურაძე...კვიპროსზე ბოლო პერიოდში არცთუ ცოტა ქართველმა მოიყარეთ თავი. როგორ ატყობ, ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ კარიერა მანდ ვის აეწყო?

ასე გამორჩევა გამიჭირდება, ვფიქრობ, ვინც საქართველოდან ჩამოვიდა, ყველამ კარგად წარმოაჩინა თავი.

კვიპროსიდან უკეთეს საფეხბურთო ქვეყანაში წასვლის შანსი როგორია?

კონტრაქტი 1+1  სისტემით გავაფორმე. ჯერ ჩემი არსად წასვლა არ განიხილება, ამ ეტაპზე სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტი არ მაქვს.

შენს ბენინელ თანაგუნდელ მიკაელ პოტეზე ამბობენ , ძალიან ძლიერი თავდამსხმელიაო...

ის მართლაც გამორჩეული ფეხბურთელია კვიპროსზე, ბევრი გოლი გააქვს, მიმდინარე ჩემპიონატში ბომბარდირთა ცხრილის სათავეშია. გამოცდილი თავდამსხმელია, მეორე ბუნდესლიგაში და საფრანგეთის ლიგა 1-შიც თამაშობდა, მითხრა, საფრანგეთშიც მყავდა ქართველი თანაგუნდელიო - ამირან სანაია.

დინამო თბილისი,  ბათუმი, ზესტაფონი, დნიპრო, კრივბასი...ყველაზე უკეთ სად მოახერხე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა? რომელ გუნდში გქონდა მნიშვნელოვანი წინსვლა?

ყველა ამ გუნდის მწვრთნელის მადლიერი ვარ, სადაც კი მითამაშია, მწვრთნელის ნდობას ვგრძნობდი, თუმცა გია გეგუჩაძე მაინც უნდა გამოვარჩიო - ფეხბურთელისგანვითარების მხრივ მისგან მართლაც ბევრი ვისწავლე.

საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. მიმდინარე შესარჩევი ციკლი კარგად ვერ დავიწყეთ, თუმცა ახალი მწვრთნელი მოდის და ახალი იმედებიც ჩნდება. როგორ ფიქრობ, ნაკრების წინსვლისთვის პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს?

დაცვითი სტილიდან  შეტევითზე უნდა გადავიდეთ. კონკრეტულად რა სისტემით ვითამაშებთ, ეს უკვე ახალი მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება. როცა ქეცბაია იყო ჩვენი მწვრთნელი, ფეხბურთელებისთვის არავის უთქვამს, შეტევაში არ წახვიდეთო, მერწმუნეთ, მან ნაკრებისთვის რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა.

სანაკრებო მატჩებში შეტევებში ჩართვას ერიდებოდი...

გუნდიც ისე უნდა თამაშობდეს, რომ მცველი წინ წავიდეს.

კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ნაკრებს შესარჩევის პირველი მატჩი გერმანიასთან აქვს და ასეთ მეტოქესთან რა უნდა იყოს ჩვენი შანსი?

ტექნიკა-ტაქტიკასა და სწრაფ თამაშში ძალიან ძნელია შეეჯიბრო გერმანიის ნაკრებს. მთელი 90 წუთის განმავლობაში მაღალი კონცენტრაცია - ეს უნდა მოვახერხოთ. კიდევ, გოლი არ უნდა გავუშვათ, თორემ, თუ გერმანელები დაწინაურდნენ, თამაშის შემობრუნება თითქმის წარმოუდგენელი იქნება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ჩვენი ახალი მწვრთნელი.  უიმედოდ ნამდვილად არ უნდა ვიყოთ, საფრანგეთის ნაკრებს ფრე ვეთამაშეთ; ესპანეთთანაც არ გამოვიყურებოდით ცუდად, საგოლე მომენტიც გვქონდა და ბურთი მატჩის მიწურულს გავუშვით, ჩვენი მხრიდან ნამდვილად იყო ბრძოლა და მონდომება...

სანაკრებო მატჩებს რომ გადავხედოთ, ყველაზე უფრო რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ გაგიძნელდა თამაში?

თამაში ადვილი არავისთან ყოფილა, ყველაზე ძნელი კი,  ალბათ მაინც  ფრანკ  რიბერის ამოკეტვა იყო -  მართლაც ძალიან ძლიერი თავდამსხმელია.

დავით თავართქილაძე

"ჩვენი თამაში"