სიახლეები

უეფა-ს სამსაჯო კონვენცია

გაუზიარე

 უეფა-ს კონვენცია მსაჯების მომზადების და მსაჯობის ორგანიზების შესახებ ნაციონალურ ასოციაციებში არის ის ძირითადი დოკუმენტი რომლითაც ხელმძღვანელობს სფფ-ს სამსაჯო კომიტეტი და სამსაჯო განყოფილება თავის საქმიანობაში.

ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ძირითად, მინიმალურ მოთხოვნებს მსაჯების, დამკვირვებლების და მსაჯთა ინსტრუქტორების მომზადების საკითხში სხვადასხვა დონეზე, დაწყებული კადრების რეკრუტირებით მსაჯობაში და დამთავრებული ელიტ-მსაჯების მომზადებით. ამასთანავე აწესებს გარკვეულ მოდელს მსაჯობის ორგანიზებისთვის ნაციონალურ ასოციაციებში. ყველა ამ ნორმის შესრულება არის სავალდებულო იმ ასოციაციისთვის, რომელიც გამოთქვამს სურვილს და შეიტანს განაცხადს უეფა-ს ადმინისტრაციაში კონვენციაში გაწევრიანებაზე და ბუნებრივია იმ ასოციაციებისთვისაც, რომლებიც უკვე არიან გაწევრიანებული სამსაჯო კონვენციაში.

სამსაჯო კონვენციაში გაწევრიანების გზაზე უეფა უწევს ყოვლისმომცველ საექსპერტო დახმარებას ნაციონალური ასოციაციების სამსაჯო სტრუქტურებს, მსაჯობის სპეციალისტების (კურატორების) მიმაგრების სახით, სემინარების და კურსების ჩატარებაში დახმარების სახით. გარდა ამისა უეფა-ს სამსაჯო კონვენცია ითვალისწინებს მნიშვნელოვან, მიზანმიმართულ ფინანსურ დახმარებას ნაციონალური ასოციაციების მსაჯობისათვის, რათა მათ გაუადვილდეთ კონვენციის კონვენციის მოთხოვნათა დაკმაყოფილება.

2007 წელს სფფ-მ შეიტანა განცხადი უეფა-ს ადმინისტრაციაში, კონვენციაში გაწევრიანების სურვილით. 2010 წლის დასაწყისში სფფ-ში ჩამოყალიბდა იმგვარი სამსაჯო სტრუქტურა (სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილება, სამსაჯო კომიტეტი), რომელიც სრულად შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს და დამოუკიდებელი არის კლუბების, ლიგებისაგან და სხვა სტრუქტურებისაგან. გარდა ამისა დაიგეგმა და ჩატარდა სხვადასხვა სემინარები და კურსები მსაჯებისთვის და დამკვირვებლებისთვის მათი მომზადების მიზნით. მოხდა ტალანტების და მენტორების პროგრამის იმპლემენტაცია. მოწესრიგდა კურსების ჩატარება დამწყებ მსაჯებისათვის მსაჯობის თვალსაზრისით აქტიურ რეგიონულ ფედერაციებში. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კადრების მოზიდვისათვის მსაჯობაში, ამ მიზნით შეიქმნა ონლაინ რეკრუტირების პორტალი სფფ-ს ვებ გვერდზე, რომელიც ეხლა დასრულების პროცესშია. კონვენციის ფარგლებში, უეფამ გაუწია დახმარება სფფ-ს სამსაჯო აღჭურვილობის შეძენით (ელექტრონული კარებები ფიზმომზადების ტესტისთვის, ელექტრონული დროშები, მსაჯების საკომუნიკაციო სისტემები, POLAR-ს ელექტრონული საათები ვარჯიშების დაგეგმვისთვის და კონტროლისთვის). დაგეგმილია სემინარების ჩასატარებლად საჭირო ტექნიკის შეძენა მსაჯობაში აქტიური რეგიონული ფედერაციებისთვის.

კონვენციაში გაწევრიანების გზაზე სფფ-ს სამსაჯო სტრუქტურას მეგზურობას და დიდ დახმარებას უწევს უეფა-ს სამსაჯო სპეციალისტი დანიიდან, დანიის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი იორნ ვესტ-ლარსენი.

და, სულ ეხლახანს, 18 ნოემბერს, უეფა-ში შედგა სამსაჯო კონვენციის კომიტეტის სხდომა, რომელზეც წარდგენილი იქნა ბატონი ვესტ-ლარსენის მოხსენება.  მისი პოზიტიური მოხსენების საფუძველზე კომიტეტმა დადებითად შეაფასა სფფ-ს მუშაობა და რეკომენდაციით მიმართა  უეფა-ს სამსაჯო კომიტეტს და აღმასრულებელ კომიტეტს რათა მოხდეს სფფ-ს გაწევრიანება უეფა-ს სამსაჯო კონვენციაში.

დეკემბერში უეფა-ს სამსაჯო კომიტეტმა უნდა  დაამტკიცოს ეს საკითხი და გადასცეს იგი უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტს დასამტკიცებლად 2011 წლის 27-28 იანვარს.

მოსალოდნელია, რომ კონვენციის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც დაესწრებიან სფფ-ს პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, გაიმართება 2011 წლის გაზაფხულზე.

სფფ–ს სამსაჯო განყოფილება