სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საკლუბო ლიცენზირ

გაუზიარე

უკვე ხუთი საფეხბურთო სეზონი გაილია მას შემდეგ, რაც სფფ-მ საქართველოში დანერგა საკლუბო ლიცენზირების სისტემა უეფა-ს საკლუბო ტურნირებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა საფეხბურთო კლუბების ის ბირთვი, რომელიც მეტ-ნაკლები წარმატებით მუდმივად მონაწილეობს ლიცენზირების პროცესში.



სამწუხაროდ, გარკვეულ მიზეზთა გამო, ჩვენი კლუბები საორგანიზაციო თვალსაზრისით თუ სპორტული შედეგებით ჯერ კიდევ შორს არიან იმ დონისგან, რასაც ტრადიციებით მდიდარი ქართული ფეხბურთი იმსახურებს. ეს გვაიძულებს ყველას, ვინც ემსახურება ქართულ ფეხბურთს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ მაღალი ევროპული დონის მისაღწევად.



ჩვენ სრულად ვიზიარებთ უეფა-ს პოლიტიკას საკლუბო ლიცენზირების სისტემის შესახებ. მიგვაჩნია, რომ იგი არის ევროპაში და, კერძოდ, საქართველოში ფეხბურთის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და ამიტომაც ის წარმოადგენს სფფ-ის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამის დასტურად, სფფ-მ ლიცენზირების სისტემა 2008-09 წლების სალიცენზიო სეზონიდან ეროვნულ ჩემპიონატშიც დანერგა. ეროვნულ დონეზე ლიცენზირების მოთხოვნების შესრულება რთული აღმოჩნდა ზოგიერთი საფეხბურთო კლუბისთვის, თუმცა, როგორც დაინტერესებულ მხარეთა გამოკითხვიდან ჩანს, ჩვენი გადაწყვეტილება წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.



ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვლილ სეზონებში დაგროვილი გამოცდილებების შეჯერება, გაანალიზება და მათი მიმართვა ლიცენზირების სისტემის გასაუმჯობესებლად და, შედეგად, ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კლუბების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებას.



ლიცენზირების სისტემის მთავარ ამოცანებად კვლავაც რჩება: ლიცენზირების ძირითადი პროცესის შეუფერხებლად განხორციელება, საფეხბურთო კლუბების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ლიცენზირების სისტემასთან დაკავშირებული მათი მოლოდინის გამართლება, დროული, ხარისხიანი მხარდაჭერა და ლიცენზიის მისაღებად საჭირო სრული ინფორმაციის გადაცემა საერთო სემინარებსა თუ ორმხრივ შეხვედრებზე.



ჩვენ ამოცანას ასევე წარმოადგენს სისტემის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა. ჩვენ მოვალენი ვართ ვმართოთ სისტემა დადგენილი დებულებების შესაბამისად. სფფ დანერგავს საკლუბო ლიცენზირების ხარისხიანი და ეფექტური მართვის სისტემას და უზრუნველყოფს საკლუბო ლიცენზირების ხარისხის სტანდარტის მოთხოვნების დაცვას. ამას გარდა, ჩვენ დავიცავთ ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას, ფიფა/უეფა-ს და სფფ-ის წესებს და დებულებებს.



ლიცენზირების სისტემა, აგრეთვე, კლუბებისადმი ჩვენი მხარდაჭერის ხარისხი, საჭიროებს მუდმივ სრულყოფას. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ კლუბებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს სისტემის შეფასების ყოველწლიურ პროცესში.



ლიცენზირების პროცესის მაღალკვალიფიციურ დონეზე განხორციელების მიზნით, უზრუნველვყოფთ საკლუბო ლიცენზირების პროცესში უშუალოდ ჩართული ყველა თანამშრომლის ხარისხიან სწავლებას და მათ მიერ საკუთარი ამოცანებისა და ვალდებულებების სრულად გაცნობიერებას.



ლიცენზირების პროცესში უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებლობისა და კონფიდენციალობის პრინციპების დაცვა, განსაკუთრებით, გადაწყვეტილების მიღებისას. პირადად მე და საკლუბო ლიცენზირების ყველა მონაწილე ვალდებული ვართ დავიცვათ სფფ-ში აღიარებული ეთიკური ნორმები და, მათ შორის, კონფიდენციალობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნები.



სფფ და, უშუალოდ, საკლუბო ლიცენზირებაში დასაქმებული პირები მუდმივად შეუწყობენ ხელს საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, დაინტერესებულ მხარეთათვის კონსულტაციების გაწევითა და, უეფა-ს მოთხოვნების შესაბამისად, სწორი მიმართულების მიცემით.



ამას გარდა, ჩვენი ყველა თანამშრომელი თუ ნებისმიერი დაინტერესებული მხარე, უფლებამოსილების ფარგლებში, ინფორმირებული იქნება საკლუბო ლიცენზირების პროცესთან დაკავშირებულ ყოველ ძირითად საქმიანობაზე ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებით.



იმედი მაქვს ლიცენზირების მონაწილეთა მხარდაჭერის და მივესალმები ნებისმიერ წინადადებას სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებით.