სიახლეები

ბონჟურ მუსიე პლატინი!

გაუზიარე

9 და 10 აგვისტოს, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიროვნება – მიშელ პლატინი იქნება საქართველოს სტუმარი. უეფას პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენი ფეხბურთის ისტორიის საინტერესო, პრესტიჟულ მოვლენადაც დაფიქსირდება და ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის წინსვლას.

საბედნიეროდ, XX საუკუნის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად აღიარებული მიშელ პლატინის თამაში არამხოლოდ ტელევიზიით, არამედ უშუალოდ მოედანზე, პრეს-ლოჟიდანაც მინახავს. ეს იყო 1984 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე, რომლის ბომბარდირიც 9 გატანილი გოლით პლატინი გახდა, საფრანგეთის ნაკრებმა კი პირველად მოიგო ევროპის ჩემპიონატი. სენტ-ეტიენში ფრანგებმა პირველი ტაიმი 0-1 წააგეს ტრადიციულად ძლიერ, შეუპოვარ იუგოსლავიის ნაკრებთან. მეორე ტაიმი მიშელ პლატინის ბენეფისი იყო: მან სამი გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში (განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო თაური დარტყმა) და მატჩი ფრანგებმა მოიგეს 3-2.

პარიზის `პარკ-დე პრენსზე” ფინალის ნახვის შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ პლატინის ყოველი მოძრაობა, მანევრი, წამოწყებული თუ დამთავრებული კომბინაცია, მხოლოდ და მხოლოდ გუნდის ინტერესებით იყო ნაკარნახევი და ამ ორი მატჩის დროს მას ერთხელაც კი არაფერი გაუკეთებია საკუთარი პერსონის წარმოსაჩენად და თავის მოსაწონებლად. რასაკვირველია, პლატინის სხვა, წმინდა საფეხბურთო ღირსებებსაც თუ გავიხსენებთ, აღარ უნდა გაგვიკვირდეს მისი შთამბეჭდავი, მართლაც ბრწყინვალე კარიერა.

1992 წელს, იტალიის სამბოს ფედერაცის პრეზიდენტის პადრე მარიო ლოის მოწვევით ტურინში ყოფნისას, იუვენტუსი-მილანის მატჩამდე ორი დღით ადრე, ხუთშაბათის ტრადიციულ პრეს-კონფერენციას დავესწარი `იუვენტუსის” ბაზაზე. მაშინდელი მწვრთნელის, ტრაპატონის მაგიდასთან, კედელზე გაკრულ უზარმაზარ ფოტოზე ნაწვიმარი მოედნის ცენტრში, მოედანზე წამოწოლილი, იდაყვზე ჩამოყრდნობილი, გაკვირვებული, ოდნავ ირონიული სახით – მიშელ პლატინი იყო აღბეჭდილი.

`აი, ასეთი ფეხბურთელი ახლა რომ მყავდეს, დღესვე გეტყოდით კვირის მატჩის შედეგსო” – გვეუბნება ჟურნალისტებს ტრაპატონი. და ალბათ, დღეს საჭიროც არაა მიშელ პლატინის საფეხბურთო კარიერის ყველა ეტაპის თუ ტიტულის შეხსენება...

1995 წლის დეკემბერში, პარიზში, ლუვრში, `კარუსელში” გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, მიშელ პლატინი ცნობილმა კომენტატორმა გი (ზურაბ) კედიამ გამაცნო. მოკლე ინტერვიუს შემდეგ პლატინის ხანჯალი ვაჩუქე და დავემშვიდობეთ. მომდევნო წლებში - `ტურნუა დე ფრანსზე თუ მარსელში, ფინალური ტურნირის წილისყრაზე ყოფნისას, როგორც წესი – გი კედიასთან ერთად ვუკავშირდებოდით მიშელ პლატინის და მას არასოდეს უთქვამს უარი ინტერვიუზე. ისე, როგორც 2003 წელს, კონფედერაციების თასის გათამაშების დღეებში.

მაგრამ, ყველაზე სამახსოვრო მაინც იმავე წლის დეკემბრის შეხვედრა იყო თეატრ `კომედი ფრანსეზთან” ახლოს მდებარე პლატინის მაშინდელ აპარტამენტში, სადაც ჩემს მეგობარ, პარიზში აღზრდილ ზურაბ კაჭკაჭიშვილთან ერთად მივედი. აი, სულ რამდენიმე ფრაგმენტი იმ ვრცელი ტელეინტერვიუდან:

- ჩემი კერპი იოჰან კრუიფი იყო. პელე ჩემთვის მითს წარმოადგენდა, რადგან 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, მისი თამაში არ მინახავს. ლეგენდა კი უკვე ფეხბურთელი აღარაა...

- პელე, კრუიფი, დი-სტეფანო, მარადონა, ბეკენბაუერი – აი, ჩემი ხუთეული. თუმცა, თანმიმდევრობაზე არ მიფიქრია...

- სულაც არაა აუცილებელი იყო ღარიბი იმისათვის, რომ ფეხბურთში წარმატებას მიაღწიო... ჩვენს ფეხბურთში უამრავი, აფრიკული წარმოშობის ფრანგი თამაშობს. ამაში სამარცხვინო არაფერია. პირიქით! ეს საამაყოა!

- როდესაც `იუვენტუსში” ვთამაშობდი, სხვადასხვა პატარა ქვეყანაში გვიწევდა თამაში: ფინეთში, ლუქსემბურგში, მალტაზე. ადგილობრივ მაყურებლებს დიდი კლუბების მასპინძლობა სიამოვნებდა. სამწუხაროდ, ახლა ასე აღარ ხდება. ლიგამ რამდენიმე ქვეყნის ჩემპიონატის სახე მიიღო. ეს ფორმულა არ მომწონს.

- მსაჯები, პრაქტიკულად – არ უნდა ცდებოდნენ. ჩვენ ვიდეოტექნიკის გამოყენების წინააღმდეგი ვართ. მაგრამ, ფაქტია – მსაჯთა მუშაობის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს...

როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს ინტერვიუ 2003 წლის დეკემბერში, პარიზში გადავიღეთ. მერე პლატინი თბილისის სტუმარიც იყო, ქართველი მეგობრებიც გაიჩინა და რასაკვირველია, ახალი, მომავალი ვიზიტით სტუმარი და მასპინძლებიც კმაყოფილი დარჩებიან.



დავით ქლიბაძე

02.07.2010