სიახლეები

ალბიონის ნისლი

გაუზიარე

მიუნხენის ინგლისური პარკის წყნარ, სპეციალურად შემოღობილ ადგილზე გაშლილ გრძელ სუფრას ვუსხედით ჟურნალისტი დათო კაკაბაძე და მე. იქვე ორი ხარი იწვებოდა. ჩვენივე შერჩეული,დიდ–დიდი ნაჭრები ჩამოთალეს მასპინძლებმა და ბავარიულ ლუდთან ერთად მოგვართვეს.

როცა სული მოვითქვით და თითქოს გადაგვავიწყდა კიდეც აქეთკენ მომავალი გზის ორივე მხარეს მინდვრებზე მშვიდად მოსეირნე და წამოწოლილი დედიშობილა ქალები,ჩვენ წინ მომღიმარ კაცსაც შევხედეთ და მაშინვე ვიცანით რონი გრინვუდი,ცნობილი მწვრთნელი,რომელსაც რამდენიმე წლით ადრე ტელეინტერვიუსათვის თბილისში შევხვდით ინგლისური ენის სპეციალისტი,ფეხბურთის ნიუანსების მშვენივრად მცოდნე ილია თუმაჯანოვი და მე.

გრინვუდმა თბილისში გატარებული დღეები გაიხსენა და მერე ხვალინდელ მატჩზე დაგვიწყო ლაპარაკი.მეორე დღეს ხომ მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე ჰოლანდიისა და სსრკ–ს ნაკრები გუნდების ფინალური მატჩით მთავრდებოდა ევროპის 1988 წლის ჩემპიონატი.

რონი გრინვუდი 1982 წელს,მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და როცა ის დღეებიც ვახსენეთ,თვალები გაუბრწყინდა – ჩემმა ნაკრებმა ორივე ეტაპი დაუმარცხებლად ჩაატარა და ისე დატოვა ესპანეთიო.მართლაც, ინგლისის ნაკრებმა ქვეჯგუფში მოუგო საფრანგეთს,ჩეხოსლოვაკიას და კუვეიტს. მაგრამ, მეორე ეტაპზე,მეოთხედფინალურ ჯგუფში ფრედ 0–0 ითამაშა დასავლეთ გერმანიასთან, ესპანეთთან და ნახევარფინალში ვეღარ გავიდა. გრინვუდი განსაკუთრებით ამაყობდა ბრიტანეთის ისტორიულად მეტოქე ქვეყნის – საფრანგეთის ნაკრების კარში გატანილი უსწრაფესი პირველი გოლით, როცა თვეების განმავლობაში, წვრთნის პროცესში დამუშავებული, მარცხენა ფლანგიდან განსახორციელებელი კომბინაცია – მარჯვნიდან გაითამაშეს: ჰაუტიდან ბურთი სტივ კოპელმა მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა – პოლ მარინერმა თავით ბურთი გადააწოდა ბრაიან რობსონს და მისი თაური დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა. ეს მოხდა მატჩის 27–ე წამზე.

და ახლა,ექვსი წლის შემდეგ,გრინვუდი წინასწარ დამუშავებული კომბინაციით კი არ ამაყობდა, არამედ იმით,რომ ფეხბურთელებმა თავადვე,უყოყმანოდ მიიღეს გადაწყვეტილება და მარჯვნიდან განახორციელეს მარცხენა ფლანგზე ნასწავლი. „ფეხბურთში მოულოდნელობაა მთავარი,განსაკუთრებით ეს მოსწონთ მაყურებლებს. სამწუხაროდ,ამ მხრივ ინგლისური ფეხბურთი წინ აღარ მიიწევს, თითქოს გაიყინა და მე უპირველესყოვლისა ნაკრები მყავს მხედველობაშიო“– გულდაწყვეტით დაასკვნა რონი გრინვუდმა.

დღევანდელ ინგლისურ საკლუბო ფეხბურთზე თუ ვილაპარაკებთ,ცნობილი ფაქტია,რომ პრემიერ–ლიგის მატჩების ტელერეპორტაჟები ყველაზე რეიტინგულია მსოფლიოში და მართლაც, გამოგვიცდია : პირველი წუთიდან მსაჯის საფინალო სასტვენამდე ტელეეკრანს ვეღარ მოშორდები,რადგან ბურთი ხან ერთ საჯარიმო მოედანზეა და ხან მეორეზე,მწვავე მომენტები ერთმანეთს მოსდევს,დაძაბული ხარ,აღარაფერი გახსოვს და ეს ყველაფერი გადაუჭარბებელი რეალობაა.ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ერთ–ერთი საარსებო ფინანსური წყარო კი სწორედ ტელევიზიაა და ალბათ,ეს გარემოება განსაზღვრავს ნაწილობრივ მაინც ბრიტანული ფეხბურთის სახეს: ჯერ შედეგი,ტაბლოზე დაწერილი დიდი ანგარიში,რაც მაღალ ტელერეიტინგს განაპირობებს და შემდეგ განიხილება თამაშის ხასიათი, სტილი.თუმცა,სტილი აღარცაა სახსენებელი,რადგან ინგლისური კლუბები,იშვიათად გამონაკლისის გარდა,ამ მხრივ ერთმანეთისგან არაფრით განირჩევა.დიდი

კლუბები უცხოეთში ეძებენ მეკარეებს,მცველებს და გოლეადორებს–სწორედ იმ პოზიციების მოთამაშეებს ,სადაც ყველაზე ხშირადაა ბურთი.მოედნის ცენტრალური ნაწილი,ისვ გავიმეორებ–იშვიათი გამონაკლისის გარდა,აღარც წარმოადგენს სტრატეგიულ და ტაქტიკურ ინტერესს.თამაშის ხასიათი „დაარტყი და ირბინე“,რომელიც გასული საუკუნის 50–იან წლებში დაამკვიდრა“ტოტენჰემ ჰოტსპურმა“,თითქმის ტრადიციად იქცა და თუმცა ფეხბურთი ასეთი შესრულებით დინამიური,შეუჩერებელი,უპაუზო სანახაობაა, მაგრამ მოედნის ცენტრის მოთამაშეებს დაუჩლუნგა, არასაინტერესოდ, არასავალდებულოდ გადაუქცია შეტევის გამრავალფეროვნების აუცილებლობა.

თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ,რომ შუა ხაზის ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელები პრემიერ–ლიგის მატჩებში ახერხებენ თავიანთი ინდივიდუალური ოსტატობის ჩვენებას,მათ ხომ მოედნის ცენტრში პრაქტიკულად ბრძოლა არ აქვთ.მაგრამ,როცა ნაკრების მაისურით,ერთთვიან დაძაბულ ასპარეზობაზე გამოდიან,ვერ ახერხებენ თამაშის ხასიათის გარდაქმნას,რიტმის შეცვლას,იმპროვიზაციას.ვფიქრობ,რომ სწორედ ამიტომაა ინგლისის ნაკრების თამაში საერთაშორისო ტურნირებზე ასე ადვილად ამოსახსნელი,იოლად გასაშიფრი.ამასთანავე,ნაკრებში მეკარეების,მცველების და თავდამსხმელების დეფიციტია, რადგან ამ პოზიციებზე წამყვან კლუბებში უცხოელების სიჭარბეა.

და როცა ფაბიო კაპელო არ მალავს,რომ პრემიერ–ლიგის ინგლისელ ფეხბურთელთა დიდი უმრავლესობა ყურადღებას არ იმსახურებს–ძნელია არ დაუჯერო ფეხბურთის სპეციალისტს, რომლის უპირველესი ღირსება–შედეგის მიღწევის უნარია.

1966 წელს მოპოვებული ერთადერთი დიდი წარმატების პერიოდში ინგლისის ნაკრების სახე და იმედი ბობი ჩარლტონი გახლდათ,რომლის პარტნიორებს არასოდეს დაუსვამთ შეკითხვები : რატომ,სად,როდის,როგორ... ახლა კი,ათ წელზე მეტია ამინდის პროგნოზზე უფრო ხშირად ინგლისი დევიდ ბექჰემზე ლაპარაკობს და ფიქრობს.

თურმე,კარგად უთქვამს ჯორჯ ბესტს: ბექჰემს არ შეუძლია მარცხენა ფეხით დარტყმა,თავით თამაში და ბურთის წართმევაც არ იცის.სხვა რამეებში კი ყოჩაღიაო...

ინგლისის ნაკრების ქრონიკული წარუმატებლობის სხვა მიზეზების ძებნა კი თქვენთვის მომინდვია!

დ.ქლიბაძე

02/07/2010