სიახლეები

სიურპრიზი თუ კანონზომიერება

გაუზიარე

მხოლოდ ორი კვირა გავიდა ფიფას მსოფლიო თასის გათამაშების  დამთავრებიდან და თითქოს უკვე შორეულ წარსულს უერთდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სტადიონზე გამართული მატჩების პერიპეტიები. ყოველ შემთხვევაში,პირადად  მე სწორედ ასეთი განცდა მეუფლება და მის ახსნას იმ გარემოებითაც ვცდილობ,რომ ისე როგორც არგენტინაში ,    ესპანეთსა და მექსიკაში გამართულ ჩემპიონატებზე,ახლაც აფრიკაში,მხოლოდ დასკვნით ნაწილს დავესწარი. 1990–2006 წლებში კი ფინალურ ტურნირებზე პირველი დღიდანბოლომდე ვიყავი და ბუნებრივია,უშუალოდ,სტადიონებზე მხოლოდ ჩემთვის სასურველ მატჩებს ვუყურებდი,თანაც ქალაქიდანქალაქში გადაადგილებისას,უნებურად,უინტერესო მატჩების ტელერეპორტაჟების ნახვაც აღარ მიწევდა.

      თითქოს არადამაჯერებელი არგუმენტია რაც მოგახსენეთ,მაგრამ,არა მარტო უმძიმეს დატვირთვად მომეჩვენა იმ 56 მატჩის ტელერეპორტაჟი 30 ივნისამდე თბილისში რომ ვნახე, არამედ მიუჩვეველ სიტუაციაში ვგრძნობდი თავს და ჩემპიონატის რიტმს ვერ ავყევი. რასაკვირველია,აღმოჩენად არ ჩამეთვლება,თუ ვიტყვი,რომ სულ სხვა  განცდაა,როცა იქ იმყოფები,მატჩებსაც ესწრები,ყველაფერს ხედავ და უსმენ,ხვდები ნაცნობ კოლეგებს და       საერთოდ,მხოლოდ ფეხბურთით ხარ დაკავებული,თუნდაც იმ ქვეყანაში,სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ფეხბურთს არ მიიჩნევს ყველაზე საყვარელ სახეობად და მას რაგბს და კრიკეტს ამჯობინებს...

    ფიფას აკრიტიკებდნენ,როცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გამოცხადდა XlX ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მასპინძლად. თუმცა,ყველას კარგადახსოვდა,რომ სწორედ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის დელეგატთა მხარდაჭერამ მოუტანა გამარჯვება იოზეფ ბლატერს ფიფას პრეზიდენტის სავარძლისათვის ბრძოლაში 1998 წლის ივნისში პარიზში გამართულ კონგრესზე. ბლატერის მეტოქე ხომ უეფას პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი იყო, რომელსაც არა მხოლოდ ევროპის ქვეყნები (მათ შორის საქართველოც) უჭერდა მხარს.მწვავე ორთაბრძოლას ელოდნენ ფიფას კონგრესის დელეგატები,მაგრამ,როცა ნათელი გახდა,რომ 111 ხმა ბლატერს გარანტირებული ჰქონდა,იუჰანსონი წამოდგა და განაცხადაყველაფერი ნათელია,ახლა სადილობის დროაო. სხვათაშორის,როცა ახლადარჩეული პრეზიდენტი ტრიბუნისკენ მიემართებოდა,ფეხი დაუცდა და ძლივს გადაურჩა წაქცევას...

    ბლატერზე სიტყვას არ გავაგრძელებ,მხოლოდ ვიტყვი,რომ მისი მტრებიც კი ვერ უარყოფენ ფიფას ფინანსურმა შესაძლებლობებმა რომ არნახულ სიმაღლეს მიაღწია,თუმცა, სამართლიანობდა მოითხოვს წინა პრეზიდენტი ჟოაო აველანჟიც გავიხსენოთ,რომელმაც 24–წლიანი მართვის პერიოდში ფიფა უმძლავრეს საერთაშორისო ორგანიზაციად აქცია.

      და მაინც,სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფინალური ტურნირის ჩატარების იდეას ბევრი ოპონენტი ჰყავდა,რომელთა რაოდენობა,დარწმუნებული ვარ მერე საგრძნობლად შემცირდა. ვერ დაგიმალავთთუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვსმეც თავიდანვე უკმაყოფილოთა შორის მივიჩნევდი ჩემს თავს.

   ...როცა იოჰანესბურგის აეროპორტიდან პრეტორიის გარეუბნის ერთერთ ულამაზეს დასახლებაში მივედით,მანქანიდან გადმოვედი,დიდ,გაშლილ ეზოში უამრავი გარეული ციცარი და ანტილოპა დასეირნობდნენ,ერთი კი გავიფიქრე,რომ ზოოპარკში მომიწევდა ცხოვრება.

 

მაგრამ,მალე მივხვდი,რომ ეს საფრთხე არ მელოდა,როცა დავინახე,რომ თითქმის ყველა ეზოში გარეული ფრინველები და ანტილოპები მშვიდად გრძნობდნენ თავს.დურბანში ყოფნისას კი მაიმუნების ჭყივილი მაღვიძებდა. საერთოდ კი,უნდა ითქვას,რომ უმდიდრესი ფაუნა და საკმაოდ ჭრელი მოსახლეობაა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში,რომელთა რაოდენობდა თითქმის 49,1 მილიონია და აქედან 80 % შავკანიანია.ცხოვრობენ ინდოეთიდან და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულები,ფერადკანიანები.10 %–მდეკი თეთრები არიან.  ამ ქვეყანაში 11 სახელმწიფო ენაა:  აფრიკაანსი, ინგლისური, ზულუ, კოსა, სვაზი, ვენდა, და ა.შ.

    იოჰანესბურგი ქვეყნის უდიდესი ქალაქია ორი სტადიონით. აქ 14 მატჩი ჩატარდა და ბუნებრივია,ყველაზე მეტი სტუმარი ამ ქალაქს ჰყავდა და სწორედ მათ ნახეს,რომ ევროპული წარმოშობის მოსახლეობა საგანგებოდ ზრუნავს  უსაფრთხოებაზე,თავს არიდებს ქალაქის სახელგატეხილ რაიონებს და ამჯობინებს გარეუბანში ცხოვრებას,სადაც არამხოლოდ კერძო სახლები,არამედ ზოგიერთი კვარტალიც კი კაპიტალური ღობით და მასზე გაყვანილი მავთულხლართებითაა იზოლირებული.

     ძალიან მომეწონა საპორტო,სიდიდით ქვეყნის მეორე ქალაქი დურბანიევროპული სტილის ცენტრით,ხალხმრავალი სანაპიროთი და შესანიშნავი,მართლაც უნიკალური სტადიონით,სადაც ესპანეთიურუგვაის ნახევარფინალური მატჩი ვნახე. სხვათა შორის, დურბანს 2018 ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრეტენზია აქვს და ალბათ,არც თუ უსაფუძვლოდ.

    დედაქალაქ პრეტორიაში მთავრობა და ქვეყნის პრეზიდენტია. ტელერეპორტაჟებისას ალბათ არაერთხელ მოჰკარით თვალი პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას,რომელმაც სკანდალურ არჩევნებში გაიმარჯვა,ახლაც პრობლემები აქვს,მაგრამ ერთგულად იცავს ზულუსების ტრადიციებს და ამჟამად კანონიერი 6 ცოლი,20 შვილი ჰყავს და კიდევ უთვალავი არაოფიციალური (ნუ ვიტყვით უკანონოზუმა ხომ პრეზიდენტია) შვილი. ერთერთი მათგანის დედა კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ქალიშვილი ბრძანდება.

   რასაკვირველია,გახსოვთ,რომ არგენტინისა და გერმანიის მატჩს კანცლერი ანგელა მერკელი დაესწრო და როგორც გერმანიის ტელევიზიის ZDF-ის  მუშაკებმა მითხრეს, ზუსტად ისე იყო გამოწყობილი,როგორც ოთხი წლის წინ,როცა მერვედფინალში გერმანიამ არგენტინას მოუგო.რასაკვირველია,მე პასუხს ვერ ვაგებ ვინმეს გარდერობზე,მაგრამ როცა კეიპტაუნის "გრინ პოინტზე" გერმანიამ 4–0 დაამარცხა არგენტინა და გახარებული კანცლერი პრეზიდენტ ზუმასაც მოეხვია,იოჰანესბურგის "ელის პარკის" სტადიონის პრესცენტრში, სადაც ტელერეპორტაჟს ვუყურებდი,იხუმრეს: ანგელა მერკელს ხომ არ დაავიწყდა, რომ ბატონ ჯეიკობ ზუმასთან დისტანციის დაჭერა აუცილებელიაო...

  და რახან გერმანიის მატჩი ვახსენე,ჩემპიონატის მესამე პრიზიორზე გავისაუბროთ. ისტორიულად,გერმანიასთანჩვენს ქვეყანას ყოველთვის გამორჩეული ,განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.ისე,როგორც ინგლისსაზერბაიჯანთან და სომხეთსსაფრანგეთთან.

 

 

 

     აქ რასაკვირველია,გასათვალისწინებელია პოლიტიკური მოტივებიც,მაგრამ უფრო გერმანიის პოეზია და დრამატურგია,მუსიკა,პირადისაქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა განაპირობებდა სახელოვანი ქართველების თბილ დამოკიდებულებას ამ ქვეყნისადმი.თუ გავიხსენებთ გერმანელების მართლაც მისაბაძ შრომისმოყვარეობას, სამშობლოს სიყვარულს,შეუპოვრობას,მებრძოლ სულს,ერთი სიტყვით უამრავ თვისებას,რაც მათთვის დამახასიათებელია,სრულიად ლოგიკურად მეჩვენება,რომ გერმანული ფეხბურთიც ერის ღირსებების გამომხატველი გახდა და საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა. და თუ იმასაც აღვნიშნავთ,რომ გერმანლებმა სამსამჯერ მოიპოვეს მსოფლიოსა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულივერაფერს იტყვი,ფაქტი ჯიუტია და ვერსად გაექცევი

   თუმცა, ობიექტურობისთვის მაინც გავიხსენოთ,რომ 1954 წელს,მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის არბიტრი წაეხმარა დასავლეთ გერმანელებს ,ნაკრებს უკავშირებდნენ მასტიმულირებელი პრეპარატების გამოყენებასაც და პრესაშიც მაშინ პირველად გაჩნდა სიტყვა – "დოპინგები" (და არა "დოპინგი",რადგან ასეთი სახელწოდებები იმ პერიოდში სრულიად უცხო იყო); მოგეხსენებათ,რომ მატჩის ბედი ზოგჯერ არბიტრის მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და თუ 1954 წელს,მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის აღორძინებაზე ცივილიზებული სამყარო ფიქრობდა,ზრუნავდა და დასავლეთ გერმანიის ნაკრების გამარჯვება ქვეყნის აღდგენის დამაჩქარებელ ფაქტორად სრულიად სამართლიანად ჩათვალეს (არავის აინტერესებდა უნგრეთის "დიდი გუნდის" ბედი),1990 წლის გამარჯვებისა და საერთოდ,თითქმის მთელი ოცი წლის განმავლობაში გერმანიის ნაკრების სტაბილური შედეგების გარანტი ფიფას მაღალჩინოსანი,პირველი ვიცეპრეზიდენტი ჰერმან ნოიბერგერიც იყო,რომელიც,როგორც წესი,ფიფას მხრიდან ფინალური ტურნირების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გახლდათ.

   თუმცა დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ვსაუბრობთ,მაინც გავიხსენებ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატსაც,როცა უეფამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ტურნირის მსვლელობის დროს გერმანიის ნაკრებს უფლება მისცა მთავარი მწვრთნელის დაწუნებული ფეხბურთელი ბირჰოფი დაემატებინა ტრავმირებულების სანაცვლოდ, რომელმაც, პრაქტიკულად,გადაწყვიტა კიდეც ჩემპიონატის ბედი, რასაკვირველია,გერმანიის ნაკრების სასარგებლოდ. და სწორედ იმ პერიოდში,ან ცოტა ადრე წარმოთქვა გარი ლინიკერმა ცნობილი ფრაზა: ფეხბურთს სხვები თამაშობენ, ჩემპიონი კი გერმანია ხდებაო...

     ბუნებრივია,როცა გერმანულ ფეხბურთზეა ლაპარაკი,არავის ავიწყდება ისეთი "ვარსკვლავები", როგორებიც იყვნენ: ფრიც ვალტერი , ბეკენბაუერი, მიულერი, შნელინგერი , ნეტცერი და ეს სია ამ ფეხბურთელებით არ მთავრდება. მაგრამ,ისინი უკვე იყვნენ და მაშინ თამაშობდნენ ყველასაგან განსხვავებულად, გამორჩეულად და სწორედ რომ ფეხბურთის გერმანული სტილი შექმნეს,რომელიც ამდიდრებდა,საინტერესოს,დაძაბულს ხდიდა მსოფლიო ფეხბურთსაც.

  სამხრეთ აფრიკიდან გადმოცემულ ერთერთ მიმოხილვაში,რომელიც ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნდა,მე ყურადღება გავამახვილე გერმანიის ნაკრების თამაშის ახლებურ ხასიათზე, სტილზე.ჩემთვისაც და ალბათ სხვბისთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი ფეხბურთიბუნდესტიმის შესრულებით.ვფიქრობ,იმ გარემოებითაც უნდა აიხსნას გერმანიის ნაკრების სახეცვლილება,ამ გუნდში მიგრანტთა შვილები თუ შვილიშვილები უჩვეულოდ რომ მომრავლდნენ.

და როცა დღევანდელი ნაკრების თამაშის ხასიათს უდაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული მესუთ ოზილი განსაზღვრავს და მასთან ერთად მოედანზე გამოდიან ბოატენგი, ჰედირა,პოდოლსკი,კლოზე უფრო ტექნიკურ,თვალისათვის სასიამოვნო ფეხბურთს კი ვუყურებთ,მაგრამ იბადება კითხვაეს ხომ აღარაა ის შემართული,ბოლომდე მებრძოლი, შეურიგებელი ფეხბურთი,რომელსაც ტრადიციულად გამოხატავდა გერმანიის ნაკრები.

   რასაკვირველია,საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენის პირველ წლებშიაც გერმანიის ნაკრებში იყვნენ და კარგადაც თამაშობდნენ მიგრანტთა(უმეტესად პოლონელები. "მაზურები")წარმომადგენლები,და თითქმის ასე იყო ყოველთვისმომდევნო პერიოდებშიც.მაგრამ ასეთი რაოდენობით არასოდეს! კაცმა რომ თქვას,გერმანელების საქმეა თუ რომელი გზით წავა მათი ფეხბურთი. ჩემთვის,მიუხედავად იმისა,რომ არასოდეს ვყოფილვარ გერმანული ფეხბურთის მეხოტბე,გულდასაწყვეტი იქნება თუ გერმანული ფეხბურთის ტრადიციული სტილი და ხასიათი ასე მკვეთრად შეიცვლება და დაჰკარგავს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სახეს,რითაც, ეჭვი არ მეპარება,მსოფლიო ფეხბურთი უფრო გაღარიბდება.და კიდევ : ხომ არ უფიქრიათ გერმანიის ფეხბურთის მესვეურებს თუ თაყვანისმცემლებს,რომ დადგება ის დროც ,როცა მათი სიყვარულის საგანი ინგლისური და ფრანგული ფეხბურთის ბედს გაიზიარებს მიუხედავად ნაკრების ახლანდელი წარმატებული გამოსვლისა სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე?!

   .ქლიბაძე

   26/07/2010

P.S. ოპტიმისტები,რომლებიც ჩემს მოსაზრებას და ვარაუდს არ იზიარებენ, გერმანიაარგენტინის მატჩს გაიხსენებენ,ხოლო მათ ვინც ეჭვის თვალით უყურებენ გერმანიის ნაკრებში მიმდინარე პროცესებს,თავიანთი არგუმენტი აქვთ და ეს ესპანეთიგერმანიის შეხვედრაა...

 ავტორის სხვა მასალები იხილეთ კატეგორიაში–  ფეხბურთი და ჩვენ