საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, უეფასთან თანამშრომლობით 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა შეიმუშავა. სტრატეგიული გეგმარების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.
დოკუმენტში ასახულია კონკრეტული მიზანი, ღირებულებები, ნაბიჯები და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი საქართველოში. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა გასული ხუთი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და პროცესში წარმოქმნილი ახალი გამოწვევების ანალიზი.
2015-2020 წლების, პირველი სტრატეგიული ციკლის პერიოდში, აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც პირველ რიგში იდგა დღის წესრიგში და სწრაფ, ეფექტურ რეაგირებას საჭიროებდა. ციკლის დასრულების შემდეგ, პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში, უეფასთან ერთად არაერთი კვლევა და შეფასება გაკეთდა, რითაც შევძელით ახალ ეტაპზე გადასვლა და ახალი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც შემდგომ ოთხწლიან პერიოდს მოიცავს.
სტრატეგიული განვითარების გეგმა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და უეფაფს სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, ოლექსანდრ კუჩირავიმ წარადგინეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უეფას ექსპერტები, დენიელ ფლეტჩერi და შეინ ჯონსი, რომლებიც ჩართულები არიან სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სტრატეგიული განვითარების გეგმის მნიშვნელობაზე და 2023 წელს, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და ფეხბურთში ჩართული თითოეული ადამიანი მოიწვია ამ თავგადასავალში.
? ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "დღევანდელი დღე ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან წარვადგინეთ სტრატეგიული განვითარების გეგმა, ფეხბურთის ფედერაციის ხედვა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში უეფასთან ერთად შევიმუშავეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ვინაიდან ჩვენი მოტივაცია და მიზანი არის ვიყოთ უკეთესები, ვიდრე ვიყავით გუშინ. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ თვითგანვითარებაზე, ქართული ფეხბურთის განვითარებაზე და თითოეული მონაწილის ჩართულობა ამ გზაზე არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია,რომ არსებობს დოკუმენტი, სახელმძღვანელო და ვიცით რა გზა გვაქვს არჩეული. ბედნიერი ვარ, რომ უეფასთან ერთად ეს შევძელით და დარწმუნებული ვარ, ხვალ უფრო უკეთესები ვიქნებით თითოეული ჩვენგანი და ქართული ფეხბურთი".
? ოლექსანდ კუჩირავი (უეფას სტრატეგიული განვითარების მენეჯერი): "პირველ რიგში გილოცავთ გეგმარების პროცესის დასრულებას. შემდეგი გამოწვევაა ამ გეგმის განხორციელება. გეგმარების პროცესი 10 თვე გაგრძელდა. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა, ყველა მონაცემი და სტატისტიკა შეისწავლა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკა გამოიყენა. ამავდროულად, ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს საკუთარი რეალობა გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ შემოგვაქვს საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რომელიც შემდეგ უნდა მოერგოს ქართულ რეალობას. რაც შეეხება მთავარი სტრატეგიული მიმართულებებისა და მათი ხელშემწყობი ინსტრუმენტების სტრუქტურას, აქ არის კონკრეტული ქვემიმართულებები, ისევე როგორც ზოგადი საქმიანობა. სფფ უნდა იყოს ციფრულად განვითარებული და ფინანსურად სტაბილური. ეს ყველაფერი აუცილებელია. უნდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტისთვის ჩვენ კმაყოფილი ვართ მიღწეულით, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა მნიშვნელოვანია სტრატეგიის განხორციელება".
სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები
ძირითადი მიმართულებების განვითარებისთვის, აუცილებელია:
? ნიკოლოზ ჯღარკავა (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "სტრატეგიის შექმნისა და შემუშავების პროცესში უმთავრესია ყველა მიმართულების საქმიანობის წარმართვა გეგმის შესაბამისად. თუმცა, რა თქმა უნდა, არის გარეშე ფაქტორებიც რაზეც მნიშვნელოვნად ვიქნებით დამოკიდებული რამდენიმე მიმართულებაში. ამ ეტაპზე იმის თქმა შესაძლებელია, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად იდენტიფიცირებულია მთავარი გამოწვევები და პრობლემები, რაც ჩვენ გვაშორებს დასავლურ საფეხბურთო რეალობასთან. ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს მიმართულებები გავაძლიეროთ ისე, როგორც ამას თანამედროვე ევროპული საფეხბურთო განვითარების მოდელი მოითხოვს"
ამ პროცესის შემდეგი ეტაპი დასახული მიზნების შესრულებაა. მიღწეული წარმატების გაზომვის საშუალებას კი სტრატეგიული გეგმარება გვაძლევს. ჩვენი გეგმის გადახედვა რეგულარულად მოხდება მისი გაუმჯობესების მიზნით.