სიახლეები

უეფაში 19-წლამდე ნაკრებთა ახალი ფორმატის გათამაშების წილისყრა გაიმართა

ნაკრები U19
გაუზიარე

2020-22 წლებში, უეფას გადაწყვეტილებით, 19-წლამდე ნაკრებთა მონაწილეობით ახალი ფორმატის გათამაშება გაიმართება. უეფას წევრი ქვეყნების 19-წლამდე ნაკრებების მიერ 2015-2019 წლებში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ასაკობრივი გუნდების რეიტინგი შედგა და 54 ნაკრები სამ ლიგაში გადანაწილდა. 

A ლიგა - 20 გუნდი - 5 ჯგუფი
B ლიგა - 16 გუნდი  - 4 ჯგუფი
C ლიგა - 18 გუნდი  - 5 ჯგუფი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები (დაკომპლექტებული 2003 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ფეხბურთელებით), ნიონში გამართული წილისყრის შედეგად B ლიგის პირველ  ჯგუფში მოხვდა.

წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში მოხვდა

2022 წლის 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად, გუნდები ასპარეზობას მომავალი წლის შემოდგომაზე დაიწყებენ.

2020 წლის 7-13 ოქტომბერს, საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მატჩები ბულგარეთში შედგება. 

გათამაშების წესების თანახმად, B  ლიგაში მონაწილე 16 ნაკრებიდან ხუთი საუკეთესო A ლიგაში აღზევდება, მათ ადგილს კი A ლიგის ბოლო ხუთი ნაკრები დაიკავებს. B ლიგის დაბალრეიტინგული  ხუთი გუნდი კი C ლიგაში დაქვეითდება, მათ ადგილს  ქვედა ლიგიდან აღზევებული ხუთი ნაკრები შეავსებს.

გათამაშების ახალი ფორმატი, 2022 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს წარმოადგენს, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება. 

A ლიგაში მყოფი ნაკრებები ოთხივე რაუნდში იასპარეზებენ. B ლიგის გუნდები სამ რაუნდში, C ლიგის ნაკრებები კი ორ რაუნდში ითამაშებენ.

პირველი რაუნდი 2020 წელი - 2 სექტემბერი - 17 ნოემბერი
მეორე რაუნდი  2021 წელი - ივნისი
მესამე რაუნდი 2021 წელი - 30 აგვისტო - 16 ნოემბერი 
მეოთხე რაუნდი 2022 წელი - 21-29 მარტი

2022 წლის ივლისში, ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე სულ რვა ნაკრები ითამაშებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი 19 წლამდე ნაკრებთა ახალი ფორმატის შესახებ:

? ალექსანდრე იაშვილი - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: "ვფიქრობ, რომ ახალი სისტემა ძალიან საინტერესოა. რეალურად ჩვენი მიზანი იყო, რომ ნაკრები ყველა ასაკში გვყოლოდა და ამ გუნდებს ჰქონოდათ რაც შეიძლება მეტი ოფიციალური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ამ იდეამ გაამართლა და ამის დასტურია, რომ 17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებები ელიტ-რაუნდში იასპარეზებენ. ვფიქრობ, რომ განახლებული სისტემა ახალგაზრდა ფეხბურთლებისთვის უფრო საინტერესოა. იმიტომ, რომ 17-წლამდე ელიტ-რაუნდის დასრულების შემდეგ, მათ უკვე ეცოდინებათ, რომ იმავე წლის შემოდგომაზე 19-წლამდე ნაკრებთა მინი ტურნირზე ჩაერთვებიან და რეალურად ერთი წლით ადრე დაიწყებენ ბრძოლას ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ამ ფორმატით იზრდება ოფიციალური თამაშების რაოდენობა, რაც მისასალმებელია. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენს ასაკობრივ ნაკრებს ძალიან საინტერესო გზის გავლა მოუწევს და ვთვლი, რომ მოთამაშეები დიდ გამოცდილებას მიიღებენ.

ჩვენი მიზანია, რომ 'ა' ლიგაში გადავიდეთ და კიდევ უფრო ძლიერ ნაკრებებს დავუპირისპირდეთ. 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის განახლებული საკვალიფიკაციო სისტემა შეგვიძლია ერთა ლიგას შევადაროთ. აქ პრაქტიკულად იგივე სისტემაა ოღონდ 19-წლამდე ფეხბურთელებს შორის. სამომავლოდ მოსალოდნელია, რომ მსგავსი სისტემა დაინერგოს 17-წლამდე ნაკრებებშიც. 2020 წელი ძალიან საინტერესო იქნება, ახალი გამოწვევებით და ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებით დატვირთული. ეს ეხება როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებებს."