სიახლეები

სფფ-მ კლუბებს "ფეხბურთის განვითარების პროგრამის" სიახლეები გააცნო

სფფ
გაუზიარე

5 ივნისს, სასტუმრო „მოხალისეში", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება და 1 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები იყო.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა და 2016-2021 წლებში პროგრამის ფრაგლებში უკვე შესრულებული და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო თანხა ჯამში 211 126 949  (ორას თერთმეტი მილიონ ას ოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მიმდინარე და მომავალ წლებში ქართული ფეხბურთის ყოველწლიურად 37 მილიონი ლარით დაფინანსებას გულისხმობს.

ასევე გადაწყდა, რომ დამატებით გამოიყოფა დაახლოებით 100 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის.

დასასრულს მედიის წარმომადგენელთათვის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სფფ-ის ხელმძღვანელებმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა აღნიშნული შეხვედრა შეაჯამეს და სპორტული ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა მთავრობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის და ეხბურთის განვითარების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა: "დღეს ჩვენ შევხვდით ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების წარმომადგენლებს. მათ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამართული მთავრობის სხდომის შესახებ, სადაც დამტკიცდა საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები და შეიძლება ითქვას, რომ პროგრამა საბოლოო ფორმით ჩამოყალიბდა. 
საუბარი გვქონდა იმის შესახებ, თუ როგორ გადანაწილდება სახელმწიფოსგან ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი ფინანსები. ჯამში საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოდგა, გავეცით იმ კითხვებზე პასუხები, რაც კლუბების წარმომადგენლებს ჰქონდათ ამ ცვლილებების მიმართ.
 
ვთვლი, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ის პროექტები, რაც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მადლობას ვუხდი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრს და მთლიანად მთავრობის სრულ შემადგენლობას ასეთი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო ბოლო პერიოდში ქართული ფეხბურთის მიმართ მართლაც დიდ ინტერესს იჩენს, რაც უკვე კონკრეტული ნაბიჯებით გამოხატება,  ეს კი ის გზაა, რომელმაც ქართული ფეხბურთი სამომავლო წარმატებებისკენ უნდა მიიყვანოს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროგრამა ნამდვილად სამაგალითოა, არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ზოგადად ქართული სპორტისთვის."


ტარიელ ხეჩიკაშვილი: "საქართველოს მთავრობის დადგენილებით მართლაც რომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სრულ შემადგენლობას, ჩემს კოლეგებს ამ მხარდაჭერისთვის და ასეთი მაღალი ნდობისთვის. ფეხბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას კიდევ 1 წელი დაემატა და 6-წლიანი გახდა, ხოლო ჯამში 2016 -2021 წლებში აღნიშნული პროგრამა 211. 126. 949 ლარით განისაზღვრა. 
ასევე მნიშვნელოვანია, რომ დამატებით გამოიყოფა თანხები ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის , სავარაუდოდ შემიძლია გავაჟღერო, რომ მომდევნო 5 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მილიონი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, შეგვიძლია დავასახელოთ კონკრეტული მაგალითები ბათუმში, ზუგდიდში, გორში და ასევე სხვა რეგიონებში სტადიონების მშენებლობის მიმართულებით. ჯამურად, 300 მილიონ ლარზე მეტრი დაიხარჯება ქართული ფეხბურთისთვის, რაც რა თქმა უნდა გაცილებით მეტია აქამდე გაცხადებულ 265 მილიონთან შედარებით. ასევე სიახლე ისაა, რომ პრიორიტეტები და ფუნქციები გადანაწილდება და ჯამში მეტად სოლიდური თანხები დაიხარჯება. 
ძალზე მნიშვნელოვანია
, რომ ამ პროქტის თანახმად, პირველად გამოიყოფა მეტად სოლიდური თანხები ბავშვთა ფეხბურთისთვის და განხორციელდება მასობრივი სახის საფეხბურთო ღონისძიებები და განათლების ხელშემწყობი პროგრამები, რაც 2017 წელს 2 მილიონი ლარით, 2018 წლიდან 2,5 მილიონით, ხოლო მომავალ წლებში 3 მილიონი ლარით განისაზღვრება... აღსანიშნავია ისიც, რომ უეფამ აღნიშნული პროექტი და ურთიერთობის ეს ფორმატი სახელმწიფოსა და ფედერაციას შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარა. ზოგადად, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განახლებული ვერსიის ძირითადი პუნქტებია - კლუბების საბაზისო დაფინანსება, კლუბების ფინანსური სტიმულირება, კლუბების საპრიზო და პრემიალური ფონდი და მასობრივი სახის საფეხბურთო ღონისძიებები და  საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამები. 
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ დაფინანსების მიმართულებით კლუბებს მეტი მოტივაცია მივცეთ და საბაზისო დაფინანსებიდან მოკლებული თანხები ფინანსური სტიმულირებისკენ მივმართოთ. ანუ, კლუბების დაფინანსების ჯამი არ შეიცვლება, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ამ ნაბიჯით კლუბებს უფრო ეფექტურად მუშაობის სტიმულს მივცემთ, როგორც სატრანსფერო პოლიტიკის სწორად წარმოების, ასევე სპონსორებთან ურთიერთობის კუთხით. 
ასევე, ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ კლუბებში სწორი მენეჯმენტის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი და დაფინანსებაც ამ კუთხით განვახორციელოთ, სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს კლუბების ფინანსური სტიმულირების მზარდ მოდელს შემდგომი 5 წლის მანძილზე. მნიშვნელოვანი
ისიც, რომ მომდევნო წლებში  კლუბების საპრიზო და პრემიალური თანხა არ შეიცვლება, რაც ასევე დამატებით მოტივაციას აძლევს კლუბებს.