სიახლეები

მატჩი, რომელიც არასდროს დამავიწყდება

გაუზიარე
ახლა, როცა სუპერთასის სუპერმატჩიდან ორი დღეა გასული, თითქოს ემოციებიც დამცხრალი უნდა იყოს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის - გონებაში ისევ მიტრიალებს მატჩი, რომლის დარიც ცოცხლად არასდროს მინახავს და არც ის ვიცი, ვნახავ კი ოდესმე?!

მადლობა უეფას, მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, მადლობა თბილისის მერიას, დინამო-არენას, ბარსელონას, სევილიას, გულშემატკივრებს - ყველაფერი დიდებული, დაუვიწყარი იყო.

მაგრამ ახლა იმაზე, თუ რა განაცხადეს ორივე გუნდის მწვრთნელებმა, უნაი ემერიმ და ლუის ენრიკემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ვინაიდან “ჩვენი თამაშის” გუშინდელ ნომერში ობიექტური მიზეზების გამო (გაზეთის ბეჭდვის გრაფიკი) ეს ვერ მოხერხდა...

უნაი ემერი

...ვულოცავ ბარსელონას გამარჯვებას. ვფიქრობ, მოგებას ჩვენც ვიმსაუხურებდით. რაც შეეხება თამაშს, კმაყოფილი ვარ. როცა 1:4 იყო, ბევრს ნამდვილად არ ველოდით, თუმცა მხოლოდ ის მინდოდა და მჯეროდა, რომ მეტისთვის უნდა მიგვეღწია. 2:4-ის მერე ბევრი რამ შეიცვალა, 3:4-ის მერე კი იმედიც გაჩნდა, ბიჭებს სჯეროდათ, რომ გათანაბრება შეგვეძლო და 4:4 გავხადეთ კიდეც. დამატებით დროში უკვე თავდაჯერებულები ვიყავით და მოგებისაც გვწამდა. ძალიან რთული გადასატანი იყო მეხუთე გაშვებული გოლი, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ გავტყდით და როგორც ნახეთ, მატჩის მიწურულს სამი შესანიშნავი მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ.

...მთავარი იყო, კარგად გვეთამაშა, რათა დაგვემტკიცებინა, რომ შეგვიძლია უმაღლესი დონის გუნდებთან ტოლსწორად თამაში. თავადაც ნახეთ ყველაფერი, ამაყი და ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით, სევილიას გულშემატკივრებმა ნამდვილად უნდა იამაყონ ამ ბიჭებით.

...ცხადია, მოგება გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

...პირველი ტაიმი 1:3 სამართლიანად წავაგეთ, მაგრამ მეორეში გადავეწყვეთ და თამაში გამოვასწორეთ. ბოლოს გვინდოდა, პენალტების სერიამდე მივსულიყავით, მაგრამ არ გაგვიმართლა, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩემი გუნდით საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ - ბარსელონა ახლა მსოფლიოს უძლიერესი გუნდია და მას ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ.

...მესი ტოპ-ფეხბურთელია. მრავალი წლის მანძილზე უმაღლეს დონეზე თამაში ადვილი არაა, ეს უდიდესი შრომისა და მონდომების შედეგია. ის ფეხბურთით სიამოვნებას იღებს. შევძლებთ თუ არა ოდესმე მის შეჩერებას? დაველოდოთ, ვნახოთ.

...ახლა ესპანეთის ჩემპიონატზე გადავერთვებით, მერე ჩემპიონთა ლიგაც გველის. გვინდა, პრიმერაშიც და ლიგაშიც უმაღლესი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ. თუ მიზანი არ გაქვს დასახული, წარმატებაზე ფიქრი ზედმეტია.

ლუის ენრიკე

...თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ჯერ ვაგებდით, მერე ვიგებდით კომფორტული ანგარიშით, მაგრამ მეტოქემ დამსახურებულად შემოგვიტრიალა მატჩი. მიხარია, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგეთ, არადა, სევილიასაც თავისუფლად შეეძლო გამარჯვება.

...როცა 1:4-ს აგებ, დასაკარგი არაფერი გაქვს და სევილიამ ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა, რითაც დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. ვერ ვიტყვი, რომ მოვდუნდით. რატომღაც ბევრი თვლის, რომ ბარსელონამ ყველა მატჩი ადვილად უნდა მოიგოს, მაგრამ, ეს რომ ასე არ არის, დღესაც დადასტურდა.

...მატჩი ახლიდან რომ იწყებოდეს, პედროს მაგივრად მაინც რაფინიას დავაყენებდი. პედროს თამაშამდე ბევრი ველაპარაკე, თუმცა მის გარშემო უფრო გუნდიდან წასვლაზე საუბრობენ, ეს კი არ მომწონს.

...მე ვთქვი, რომ პედრო უფრო ტრანსფერითაა დაკავებული? გითხარით, პედროს ველაპარაკე, ის თამაშზე უფრო მეტად უნდა იყოს კონცენტრირებული. მიხარია, გოლი რომ გაიტანა და ამ გოლით მოვიგეთ, მაგრამ ვიმეორებ - რომ მქონდეს შანსი, თავიდანვე ისევ რაფინიას უფრო დავაყენებდი, ვიდრე პედროს. ჩემი გადაწყვეტილება ბევრს არ მოსწონს და არ ეთანხმება, მაგრამ მე ჩემი ვიცი.

...ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ თბილისამდე და მინდა გითხრათ, რომ ყველანაირად კმაყოფილი ვარ როგორც მატჩის ორგანიზებით, ასევე მოედნით და გულშემატკივრებით. მადლობა ყველას, თავი საკუთარ სახლში გვეგონა.

საკონფერენციო დარბაზიდან მწვრთნელები გავიდნენ და უეფას მედიამენეჯერმა ანდრინ კუპერმა გვითხრა, ცოტა ხანში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესიც მოვაო.

ლიონელ მესი

...ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სახლში ვთამაშობდით, მადლობა ყველას გულთბილი დახვედრისთვის, მადლობა გულშემატკივრებს მხურვალე ქომაგობისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ.

...ჩემთვის საკლუბო და სანაკრებო თამაშები თანაბრად მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, კიდევ ერთი ტიტული, ევროპის სუპერთასი რომ მოვიგეთ.

...მიხეილ მესხის შესახებ არაფერი მსმენია.

...რთული თამაში იყო, ვაგებდით, ვიგებდით, მერე სულაც გაგვითანაბრეს და ძალიან მიხარია, ბოლოს მაინც რომ მოვიგეთ. სევილია კარგი გუნდია და ეს დღესაც დაამტკიცეს.

...მიხარია, გამარჯვების გოლი პედრომ რომ შეაგდო. არ ვიცი, რას ფიქრობს თავად, მართლა უნდა გუნდიდან წასვლა თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მას ყოველთვის მხარს ვუჭერდი. ნებისმიერ შემთხვევაში მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

პრესკონფერენცია დასრულდა, დიადი მესიც კეთილი სურვილებით და ეშმაკური ღიმილით დაგვემშვიდობა და მეც ჩემი უფლება გამოვიყენე, ე.წ. მიქს-ზონაში გასახდელიდან გამოსულ ფეხბურთელებს “ჩავუსაფრდი”...

გჟეგოჟ კრიხოვიაკი

თბილისში მეორედ ვარ და ძალიან მინდოდა, ამ სტადიონზე მეორედაც მომეგო და გამარჯვებული წავსულიყავი აქედან, მაგრამ არ გამოვიდა. კმაყოფილი, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნები, რადგან წავაგეთ. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. ისიც მესმის, რომ ბარსელონას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში და ქომაგობაც გარანტირებული ექნებოდა, მაგრამ მაინც მადლობა გულთბილი დახვედრისთვის.

ევგენი კონოპლიანკა

ბევრს ვერაფერს გეტყვით, სამწუხაროდ, წავაგეთ.

მხოლოდ დნიპროზე გკითხავთ, მით უმეტეს, სევილიაში იმ გუნდიდან გადახვედით, ვისაც სევილიამ ევროპის ლიგის ფინალი მოუგო...

მაშინ, ცხადია, სევილიაზე არც ვფიქრობდი. მოგება ძალიან გვინდოდა. სევილიას ვარიანტი მოგვიანებით გაჩნდა. იყო სხვა წინადადებებიც, მაგრამ კარიერის გასაგრძელებლად ეს გუნდი ავირჩიე და დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანიც გავაკეთე.

დნიპროში წლების მანძილზე ჩვენებურ ჯაბა კანკავასთან ერთად თამაშობდით. თქვენ უკვე აღარ ხართ დნიპროელი, გუნდს მალე კანკავაც დატოვებს....

არ ვიცოდი, სად მიდის?

ფაქტობრივად, გადაწყვეტილია ფრანგულ რეიმსში მისი ტრანსფერი...

ძალიან კარგი, მიხარია. კანკავა ბრწყინვალე ფეხბურთელი და პიროვნებაა. ჯაბას წარმატებებს მთელი გულით ვუსურვებ.

გასახდელიდან ყველაზე ბოლოს ბარსელონას ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე გამოვიდა ლუდით ხელში. პიკეს უმალ ესპანელ ჟურნალისტთა არმადა შემოეხვია...

...ტრიბუნებმა გამაოცეს, თავი “კამპ ნოუზე” მეგონა. მადლობა მათ.

...რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, დასახულ მიზანს მივაღწიეთ - სუპერთასი მოვიგეთ.

...ახლა უკვე ესპანეთის სუპერთასის მატჩი გველის ბილბაოს ატლეტიკთან. იმედია, კიდევ ერთ თასს პრიმერას დაწყებამდე მოვიგებთ.

გიორგი ვაშაკიძე