სიახლეები

საქართველოსა და უეფას მეგობრობა მოედანზე გაგრძელდა

გაუზიარე

გუშინ “მიხეილ მესხზე” საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა. ნახევარ მოედანზე ერთმანეთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას გუნდები გაეჯიბრნენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქართველთა მხარეზე უმეტესად ვეტერანები თამაშობდნენ, სტუმართაგან კი ბურთს უეფა ვენუე გროუპ-ის, ანუ ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები აგორებდნენ, ის ბიჭები, რომლებმაც ბარსელონა-სევილიას მოსამზადებელ სამუშაოებში და უშუალოდ მატჩის მსვლელობისას დიდი სამუშაო გასწიეს.

ოთარ გაბელია, ნიკა ჩხეიძე, კახა ცხადაძე, გიორგი ჩიხრაძე, გოჩა ტყებუჩავა, ოთარ კორღალიძე, გია ფირცხალავა, გიორგი ნემსაძე, რევაზ არველაძე – ეს ვეტერანები თამაშობდნენ მასპინძელ გუნდში, რომლებთან ერთადაც მოედანზე ფედერაციის სხვა თანამშრომლები, ლაშა დვალიშვილი, დიმიტრი ბოკერია და გიორგი ხაჩიძე იყვნენ.

უეფას გუნდს ერთი ქართველი “ლეგიონერი” ჰყავდა ჩვენი კოლეგის, მამუკა კვარაცხელიას სახით, რომელიც წლებია, უეფას მედიაოფიცერის სტატუსს ატარებს.

6:3 – ასე დასრულდა მატჩი ქართველთა გამარჯვებით. საფეხბურთო ოსტატობამ თავისი ქნა, უეფას გუნდში კი, ჩვენგან განსხვავებით, ძველი ვარსკვლავები არ თამაშობდნენ, მათ მხოლოდ რამდენიმე მოყვარული ფეხბურთელი ჰყავდათ.

კვარაცხელიასთან ერთად, უეფას გუნდში არაერთი ეროვნების ტექნიკურმა მუშაკმა ითამაშა: შვეიცარიელებმა, ნიკოლას მუნიემ, პატრიკ ფონესმა და იონას კემნესმა, ავსტრიელმა ვოლფრამ შპრინგენშმიდმა, ფრანგებმა, ალექს ვენსანმა და გარსია იოანმა, ინგლისელმა ენდრიუ სკოტმა, ბერძენმა არისტოს პოტამიდისმა, უკრაინელმა ოლექსანდრ მოსკალენკომ და სხვებმა. 

როგორც მსგავს მატჩებს სჩვევია, თამაშმა ლაღად და მხიარულად ჩაიარა, თუმცა ფეხბურთელთა (უმთავრესად, ქართველ ვეტერანთა) ძველი კლასის ნიშნები მაინც თვალსაჩინო იყო. კარგი იქნებოდა, თამაშში ევროპის სუპერთასის ელჩ გიორგი ქინქლაძესაც მიეღო მონაწილეობა, ამ შემთხვევაში სანახაობა მართლაც სრულყოფილი იქნებოდა...

“უეფას თანამშრომლებისთვის ეს ერთგვარი დასვენების დღე იყო. ბარსელონა-სევილიას მატჩისთვის მზადება მეტად მომქანცველი გახლდათ და გული დაგვწყდებოდა, თბილისი თამაშის დასრულებისთანავე რომ დაგვეტოვებინა. საბედნიეროდ, მოგვეცა შესაძლებლობა, ბურთი ჩვენც გაგვეგორებინა და ამასთან ერთად, თბილისის ღირსშესანიშნაობებით დავმტკბარიყავით”, - გვითხრა პატრიკ ფონესმა.

“თბილისმა ჩვენზე მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, არანაკლები, ვიდრე თვით ბარსელონა-სევილიას მატჩმა. “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა კი ნამდვილი საოცრება გამოვიდა. მსგავსი რანგის ბევრ თამაშზე მიმუშავია, მაგრამ ასეთი ემოციები თითქმის არსად მიმიღია. ბრწყინვალე იყო თამაშიც და სტადიონზე შექმნილი ატმოსფეროც, რამაც ჩვენს ყველა მოლოდინს გადააჭარბა. გვიხარია, რომ ფეხბურთის თამაშის საშუალება ჩვენც მოგვეცა. ცხრა გოლი გავიდა გუშინაც და დღესაც, ასე რომ, სანახაობა აქაც იყო”, - ხუმრობით დაასრულა ენდრიუ სკოტმა.

“უეფას ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლები სუპერთასის სამზადისის პერიოდში თბილისში არაერთხელ ჩამოვიდნენ და მათთან მჭიდრო საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. უმაღლესი დონის სპეციალისტები და შესანიშნავი ადამიანები არიან, მათგან ბევრს ვსწავლობთ. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ”, - გვითხრა სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ბოკერიამ.

ლევან ჯანეზაშვილი