სიახლეები

თენგიზ სულაქველიძე: ვისწავლოთ სევილიასგან!

გაუზიარე
თბილისის დინამოს ლეგენდარული თაობის ღირსეულ წარმომადგენელს, თენგიზ სულაქველიძეს ფეხბურთში იმდენი რამ უნახავს, მისი გაკვირვება ძალიან ძნელია. სუპერთასის მატჩის შემდეგ კი ბატონი თენგიზი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით იყო დამუხტული.

აშკარაა, თბილისურმა სუპერთასმა გაამართლა.

თამამად ვიტყვი, ასეთი შეხვედრა თბილისში ჯერ არ გვინახავს. ამ მატჩში ვნახეთ ყველაფერი, რაც ფეხბურთს ალამაზებს. ბევრი გოლი, არაერთი საგოლე მომენტი, ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა, დამუშავებული კომბინაციები. მოკლედ, თამაშმა უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა.

არც მატჩის ორგანიზაციული დონე იყო დასაწუნი...

ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩატარდა. ძალიან მომეწონა გახსნა, სტადიონიც მზად იყო უმაღლესი ევროპული რანგის მატჩის სამასპინძლოდ და გულშემატკივრებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, მთელი შეხვედრის განმავლობაში მხურვალედ ქომაგობდნენ ფეხბურთელებს და მატჩის შემდეგ გამარჯვებულებიც და დამარცხებულებიც ტაშით გააცილეს. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და თბილისს ნებისმიერი რანგის შეხვედრის მასპინძლობა ძალუძს.

თუ გაგვიმხელთ, რომელ გუნდს ქომაგობდით?

პირველ რიგში, ვქომაგობდი კარგ ფეხბურთს, რაც ვიხილე კიდეც. ზოგადად, გამარჯვებული ყოველთვის დამსახურებულად იმარჯვებს, მაგრამ არ შემიძლია, სევილიას მისამართით საქებარი სიტყვები არ ვთქვა. როდესაც 1:4-ს აგებ და თანაც, შენი მეტოქე ბარსელონაა, ერთი შეხედვით, მარცხს, გინდა თუ არა, ეგუები და ფსიქოლოგიურად ითრგუნები, მაგრამ სევილიამ ნამდვილი საფეხბურთო გმირობა ჩაიდინა და პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო _ პენალტების სერიამდე სულ ცოტა დააკლდაა, იქ კი არავინ იცის, რა მოხდებოდა.

მარადონას წინააღმდე გითამაშიათ და მისი შესაძლებლობები კარგად იცით, გუშინ კი  სუპერთასზე მესის დიდებულ თამაშს უყურეთ. ამ ორ დიადს ხშირად ადარებენ ერთმანეთს...

მესიმ თბილისშიც დაგვარწმუნა, რომ უდიდესი მოთამაშეა. შეუძლებელია, ფეხბურთი გიყვარდეს და მის თამაშს გულგრილად უყურო, მაგრამ, ჩემი აზრით, მარადონა უფრო დიდი იყო.

თბილისური სუპერთასი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, წინ კი სანაკრებო შეხვედრები გველის _ 4 სექტემბერს დინამო არენაზე შოტლანდიას ვმასპინძლობთ.

ამ თამაშის მიმართ გულშემატკივრის მოლოდინი დიდია და ეს ბუნებრივია, რადგან ხალხს ნაკრების გამარჯვება მოენატრა. მით უმეტეს, ახლა სუპერთასის მატჩი ნახეს და კარგად გამოჩნდა, თუ რა არის ნამდვილი ფეხბურთი, ისიც, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე. ნებისმიერ შეხვედრაშია შესაძლებელი, პირველი გოლი მეტოქემ გაგიტანოს, მაგრამ ყურები არ უნდა ჩამოყარო და ამ მხრივ სევილია მისაბაძია. მეც სწორედ ის მსურს, რომ ასეთი ბრძოლისუნარიანი იყო ჩვენი ნაკრები. რაც შეეხება კონკრეტულად შოტლანდიასთან და, საერთოდ, მიმდინარე შესარჩევში დარჩენილ თამაშებს, ჩემი აზრით, ეს შეხვედრები სამწვრთნელო შტაბმა მომდევნო შესარჩევისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს, იმ ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ თამაშის საშუალება, რომლებზეც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფაკაციო ეტაპზე აპირებენ დაყრდნობას.

როგორ შეაფასებთ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრას?

ვფიქრობ, გაგვიმართლა, თუ რამისთვის ბრძოლა შეგვიძლია, ახლა არის ამის შანსი. ჯგუფში არ არის არც ერთი გრანდი და არც გამოკვეთილი ფავორიტია. კი ბატონო, კარგი თაობა მოვიდა უელსის ნაკრებში, რომელსაც გარეთ ბეილის სახით მსოფლიო დონის ვარსკვლავიც ჰყავს, ნიჭიერი ახალგაზრდობაა სერბეთის ნაკრებშიც, ავსტრიამაც ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა, ირლანდია კი, ტრადიციულად, უხერხული მეტოქეა საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ ამ ჯგუფში ბრძოლა ნამდვილად შეიძლება.

ამ ჯგუფში დასახული მიზნის მიღწევა წარმოუდგენელი არ ჩანს, მაგრამ ამისთვის მთავარი ისაა, საქართველოს ნაკრები იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

ბოლოდროინდელი ცვლილებები საქართველოს ნაკრებში მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წარმატების იმედი მქონდეს. კახა ცხადაძის სახით ნაკრებს კვალიფიციური და კარგი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც არც გამოცდილება აკლია და ფეხბურთელებთან ურთიერთობაც მშვენივრად იცის. ახლა მთავარია, ცხადაძეს ვაცადოთ, მივცეთ იმის დრო, რომ ნაკრები თავისი ხედვებით ათამაშოს და მჟერა, შედეგიც გვექნება.

მარტო მწვრთნელი ვერაფერს გახდება, თუ ფეხბურთელებმაც არ აუბეს მხარი. ამ ფორმაციის ნაკრებიდან ყველაზე მეტად ვისი გეიმედებათ?

მთავარია, რომ ნაკრები როგორც გუნდი გახდეს უფრო ძლიერი და მაშინ სასურველი შედეგის მისაღწევად უფრო მეტი შანსი გვექნება. რაც შეეხება ფეხბურთელებს, არ მინდა გვარების დასახელება, ვინმე რომ არ გამომრჩეს, მაგრამ, სევილიასავით თუ ვიბრძოლებთ, ჩვენი დამარცხება ყველას გაუჭირდება.

პაატა ძნელაძე