სიახლეები

კანკავა რეიმსს დღეს შეუერთდება, კონტრაქტს წინ ვერაფერი უნდა აღუდგეს

გაუზიარე

კვირას, როცა ლეგიონის მიმოხილვას ვწერდით, ჯაბა კანკავას გამოჩენას ფრანგული რეიმსის შემადგენლობაში ველოდით, თუმცა მან კვლავ უკრაინული დნიპროს მაისურით ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ტრანსფერს საფრთხე არ დამუქრებია, უბრალოდ, კონტრაქტზე ხელმოწერა რამდენიმე დღით გადაიდო.

როგორც შევიტყვეთ, ჯაბა უკრაინიდან საფრანგეთში დღეს ჩაფრინდება, რეიმსში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და უმოკლეს დროში კონტრაქტსაც გააფორმებს. ფაქტობრივად, გამორიცხულია, კანკავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდეს, მის რეიმსში ჩარიცხვას კი წინ სხვა ვეღარაფერი დაუდგება – მხარეებმა უკვე მოილაპარაკეს გარიგების ყველა დეტალზე. ცნობილია, რომ რეიმსი დნიპროს 1,1 მილიონ ევროს გადაუხდის.

სრულიად შესაძლებელია, რეიმსში ჯაბას დებიუტი ამ უქმეებზევე შედგეს. კვირას რეიმსი მარსელს უმასპინძლებს.

ლევან ჯანეზაშვილი