სიახლეები

გოგა გახოკიძე: ბარსელონა, ფაქტობრივად, შინ ითამაშებს

გაუზიარე
ნაკრების უნდა გვჯეროდეს

გოგა გახოკიძეს საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია და ისეთ კლუბშიც, კერძოდ, ეინდჰოვენში, რომელსაც ჩემპიონთა თასიც მოუგია და უეფას თასიც, ამიტომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მაღალი დონის ევროტიტულის მოგება. გოგას გუშინ შევეხმიანეთ და დღევანდელ სუპერთასის მატჩსა და საქართველოს ნაკრების პერსპექტივებზე ვესაუბრეთ.

რას ნიშნავს სუპერთასის მასპინძლობა ქართული ფეხბურთისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის?

ეს უდიდესი მოვლენაა, დიდ ზეიმს ველით. დარწმუნებული ვარ, თამაშიც ლამაზი და სანახაობრივი იქნება. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, სუპერთასი მხოლოდ საფეხბურთო კუთხით შეფასდეს. საქართველოში ჩამოდიან ევროპული ფეხბურთის მმართველები, ასობით ვიპ-სტუმარი და ათასობით გულშემატკივარი, მჯერა, ისინი თბილისიდან სასიამოვნო ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გაიყოლებენ და ყველა დარწმუნდება, თუ როგორი საფეხბურთო და თბილი ქვეყანაა საქართველო. ერთი ეგაა ცუდი, ნეიმარს რომ ვერ ვნახავთ.

უშუალოდ თამაშზე რას იტყვით, რა მოლოდინი გაქვთ?

ბარსელონა უპირობო ფავორიტია. შემადგენლობითაც სჯობს სევილიას და თამაშის ხარისხითაც, თანაც, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის რანგში ჩამოდის. როგორც იცით, ბარსას თბილისში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და შეიძლება ითქვას, რომ სევილიიდან ჩამოსული გულშემატკივრების გამოკლებით, მთელი სტადიონი ბარსელონასკენ იქნება და მესი და კომპანია თავს, პრაქტიკულად, შინ იგრძნობს.

არც სევილია დათმობს რაიმეს იოლად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ კლუბმა ბოლო ცხრა წელიწადში ოთხჯერ მოიგო ევროპის ლიგა და არც სუპერთასია მასთვის უცხო ხილი, თანაც, ეს ჯილდო სწორედ ბარსას 3:0 ძლევით მოიპოვა  2006 წელს მონაკოში.

სევილია რომ სუსტი გუნდი იყოს, ახლა აქ არ იქნებოდა. მათ არ ჰყავთ  იმდენი და ისეთი ვარსკვლავი, რამდენიც ბარსელონას, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყოველთვის მაღალი შედეგებისთვის იბრძვიან და ხშირადაც აღწევენ დასახულ მიზანს. თუმცა, მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და, სევილიას პატივისცემის მიუხედავად, ვიტყვი _ ფავორიტი ბარსელონაა!

გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში. როგორ შეაფასებთ ჩვენს ჯგუფს?

პირველი, რისი თქმაც შეიძლება, არის ის, რომ ჯგუფში გრანდი და გამოკვეთილი ფავორიტი არ არის, იმაში ნამდვილად გაგვიმართლა, რომ მეტოქედ გერმანია, ესპანეთი ან იტალია არ გვერგო. მაგრამ, ამის მიუხედავად, იოლი ჯგუფი ნამდვილად არ არის. თანაბარი შემადგენლობაა, თამაში ყველასთან შეიძლება, მთავარი კი ისაა, ამა თუ იმ კონკრეტული შეხვედრის წინ როგორ ფორმაში იქნებიან ჩვენი ფეხბურთელები. ისიც ფაქტია, რომ, მოლდოვას თუ არ ჩავთვლით, ჯგუფში მყოფ ვერც ერთ სხვა გუნდთან ფავორიტად ვერ ჩავითვლებით.

რეალურად რისთვის შეუძლია ამ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ბრძოლა?

ამას შესარჩევი ციკლის მიმდინარეობა გამოაჩენს, თუმცა ოპტიმიზმი არც ახლა უნდა დავკარგოთ. ჯგუფის თამაშებამდე კიდევ ერთი წელია დარჩენილი და კახა ცხადაძე და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამ ხნის განმავლობაში ნაკრებმა თავისი თამაში დაიყენოს და შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე უფრო გაძლიერდეს.

უელსთან ჩვენებმა სამჯერ ითამაშეს და სამჯერვე მოიგეს, მართალია, ვარსკვლავები არც იმ უელსის ნაკრებს აკლდა, მაგრამ ფაქტია, მათი ახლანდელი თაობა გაცილებით ძლიერად გამოიყურება და დიდი შანსი აქვს, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრადაც იბრძოლოს.

უელსელთა უმრავლესობა პრემიერლიგაში თამაშობს და არც სათამაშო პრაქტიკა აკლია, ამიტომაც არ მიკვირს მათი წარმატება, თანაც, ჰყავთ თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეული ვარსკვლავი გარეთ ბეილი, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალაა. რა თქმა უნდა, უელსთან ქულების აღება ძნელი იქნება, მაგრამ პირველი კალათიდან გაცილებით ძლიერი მეტოქე შეიძლებოდა შეგვხვედროდა.

განსხვავებული სტატისტიკა გვაქვს ირლანდიასთან _ სამყურებთან ექვსი მატჩიდან ექვსივე წავაგეთ...

ეს დანავსული სერია ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა დამთავრდეს. ირლანდიელებს მიმდინარე შესარჩევშიც შევხვდებით და შეიძლება, წაგებათა ეს სერია წლეულსვე დავასრულოთ, მაგრამ მარტინ ონილის ძალიან მოტივირებულ გუნდთან ეს ძნელი იქნება. 

სერბებთან და ავსტრიელებთან სანაკრებო დონეზე არ გვითამაშია.

ავსტრიის ნაკრების პროგრესი აშკარაა. ორი აზრი არ არის, ავსტრიელები ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებენ, სერბებს კი, ტრადიციულად, ძლიერი გუნდი ჰყავთ, მართალია, ბოლო წლები შედარებით მოისუსტეს, მაგრამ საკმაოდ კარგი თაობა ეზრდებათ და მათი მიზანი, სულ მცირე, პლეი ოფი იქნება.

ერთი რამ ფაქტია, საქართველოს ნაკრებს, ადრეც და ახლაც, საგრძნობლად უჭირდა და უჭირს სტუმრად სასურველი შედეგის ჩვენება, მხოლოდ შინ მოპოვებული ქულები კი ნამდვილად არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ პლეი ოფისთვის ვიბრძოლოთ.

მთავარი სტაბილურობაა და ეს თვისება ნაკრების ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა შეიძინონ. გასვლაზე ქულების აღება რომ დავიწყოთ, ამისთვის აუცილებელია, ფეხბურთელებს საკუთარი თავისა და ნაკრების შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნდეთ და იმედია, ასეც მოხდება. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ, თუ ჩემპიონატის დონე არ გამოკეთდა, ნაკრებს ყოველთვის გაუჭირდება კარგი შედეგის ჩვენება _  სწორედ ჩემპიონატში უნდა გამოჩნდნენ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები, ახლა კი სამწვრთნელო შტაბი იძულებულია, ძირითადად ლეგიონერებს დაეყრდნოს.

ბოლოდროინდელ სანაკრებო ამბებზე რას იტყვით?

აშკარაა, რომ კახა ცხადაძე სიახლეებს ეძებს, ახლა ნაკრები ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს მეტოქის ნახევარზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს ეპიზოდურად გამოსდის. ბოლო შეხვედრა პოლონეთთან ჩავატარეთ და ბოლო წუთებამდე საკმაოდ კარგადაც გამოვიყურებოდით, მაგრამ, რაც ბოლო სამ წუთში მოხდა ... ამიტომ ვამბობ, რომ სტაბილურობის გარეშე არაფერი გამოვა.

ნაკრებში მოთამაშეთაგან ვინმეს თუ გამოარჩევთ?

ძალიან კარგად გამოიყურებიან ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, მეამაყება, რომ ორივემ ჰოლანდიურ ფეხბურთში ასე კარგად მოიკიდა ფეხი. მომწონს თორნიკე ოქრიაშვილი, მაგრამ ფაქტია, მას გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. ინდივიდუალურად ძლიერია გიორგი ჭანტურია და, რა თქმა უნდა, ჯანო ანანიძესაც გამოვარჩევ, მაგრამ მთლიანობაში მათგან მეტს ველი და ნაკრებმა თავისი თამაში რომ დააყენოს, ეს, ბუნებრივია, ორ დღეში არ მოხდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება.

4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიას ვეთამაშებით და ამ შეხვედრის წინ გულშემატკივრების დიდ ნაწილს გამარჯვების მოლოდინი აქვს.

გულშემატკივარი იმის გულშემატკივარია, რომ სულ უნდა ჰქონდეს წარმატების იმედი, რეალურად კი, ძალიან რთული შეხვედრა იქნება. შოტლანდია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძვის და ამ ბრძოლაში შეიძლება თბილისური შეხვედრა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და იმედია, ამჯერადაც მოვუგებთ შოტლანდიას თბილისში. ამის რესურსი გვაქვს, თუმცა, ვიმეორებ, მთავარია, ფეხბურთელები სანაკრებო თამაშისთვის კარგ ფორმაში მყოფები ჩამოვიდნენ.

პაატა ძნელაძე