სიახლეები

გამოცდილება, რომელიც ქვეყანას გამოადგება

გაუზიარე

მაღალი ევროპული რანგის მატჩის ჩასატარებლად აუცილებელია სათანადო დონეზე იმუშაოს აკრედიტაციის ცენტრმაც, რათა ჟურნალისტებს, რომლებიც არაერთი ქვეყნიდან და მრავლად ეწვივნენ თბილისს, საქმიანობისთვის კომფორტული გარემო შეექმნათ. როგორც გავარკვიეთ, ამ მხრივ სუპერთასის აკრედიტაციის ცენტრში ყველაფერი სანიმუშოდ იყო ორგანიზებული. 

გავესაუბრეთ აკრედიტაციის ცენტრში მომუშავე პერსონალს, მოხალისეებს, ჟურნალისტებს და ასევე, სტუმარ გულშემატკივრებს, რომელთაც სხვადასხვა საკითხის გარკვევაში ეხმარებოდნენ აკრედაციის ცენტრის წარმომადგენლები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის მენეჯერი მალხაზ ანჯაფარიძე:

„აკრედიტაციის ცენტრი 4 აგვისტოს გაიხსნა, თავდაპირველად ორ ცვლაში ვმუშაობდით, 9 აგვისტოდან კი ცენტრი სრული დატვირთვით ამუშავდა. დასაწყისში იყო მცირე სირთულეები და შეფერხებები, რომლისგანაც დაზღვეული არავინაა, თუმცა ყველაფერი ოპერატიულად სწორდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ აკრედიტაციის ცენტრისთვის ადგილი კარგადაა შერჩეული _ მუსკომედიის თეატრი დინამო არენასთან ახლოსაა და ეს ყველასთვის, განსაკუთრებით კი უცხოელი ჟურნალისტებისთვის, ძალიან ხელსაყრელია.

ასეთი დონის თამაში საქართველოში პირველად ტარდება და, ბუნებრივია, სათანადო გამოცდილება ყველას გვაკლდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყველაფერმა, მათ შორის, აკრედიტაციის ცენტრმა, მაღალ დონეზე იმუშავა. ასეთი რანგის შეხვედრის თბილისში ჩატარებამ ყველას უდიდესი გამოცდილება შეგვძინა. 

უეფას წარმომადგენლებთან ხშირი კონტაქტი გვქონდა და, ცხადია, მათი რჩევების გათვალისწინებით ვმუშაობდით. ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ მოხალისეებსაც, რომლებიც აუცილებლად უნდა შევაქო _ დაკისრებულ მოვალეობას მათ თავი მშვენივრად გაართვეს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი იყო აკრედიტებული, მათ არანაირი დისკომფორტი არ შექმნიათ, თითოეული მათგანის მომსახურებას დაახლოებით ორი-სამი წუთი სჭირდებოდა.“

ნათია ვაჩიბერიძე, მოხალისე: „ძალიან მიყვარს ფეხბურთი და როგორც კი გავიგე, რომ თბილისში სუპერთასის შეხვედრა გაიმართებოდა, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ ამაში რაღაც დონეზე მეც მიმეღო მონაწილეობა და ამ დიდი საფეხბურთო ზეიმის ნაწილი გავმხდარიყავი. მერე ისიც გაირკვა, რომ ჩემი უსაყვარლესი გუნდი, ბარსელონა ჩამოდიოდა თბილისში და ამან მოხალისეობოს სურვილი უფრო გამიძლიერა. აკრედიტაციის ცენტრში ყველაფერი სათანადოდ იყო ორგანიზებული, ჟურნალისტებს არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.“

პაატა გელაშვილი, მოხალისე: „თბილისის ოლიმპიურ ფესტივალზე ვიყავი მოხალისედ, ასე რომ, გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა. ყველას გვიხარია, რომ ჩვენი ქალაქი ასეთ გრანდიოზულ ღონისძიებას მასპინძლობს და ამაში ჩვენც შეგვაქვს ჩვენი წვლილი. გამოცდილება, რომელიც აქ შევიძინეთ, სამომავლოდ ჩვენც გამოგვადგება და ჩვენს ქვეყანასაც.“

ნიკა ცოტნაშვილი, მოხალისე: „როგორც ხედავთ, ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული. ვიცი, რომ მოხალისეთა სხვა პოზიციებზეც ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ასე რომ, შეიძლება ვთქვათ: მოხალისეებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გავართვით.“

აკაკი ჩხიკვაძე, Aდჯარა Gროუპ Hოსპიტალიტყ-ის აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი: „ჩვენი კომპანია სწრაფად მზარდია და ამიტომაც შეჩერდა არჩევანი მასზე. პასუხისმგებლები ვართ ვიპ-სტუმრების კვების ორგანიზებაზე, რაც ასეთი დონის ღონისძიებისას საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც სუპერთასს, თბილისსა და ჩვენი კომპანიის იმიჯს ეკადრება, ყველაფერი იმ სტანდარტებით გაკეთდა. სუპერთასისთვის მობილიზებული გვყავდა დაახლოებით 170 ადამიანი, რომლებმაც ესოდენ საჭირო გამოცდილება მიიღეს.“

ბუნებრივია, აკრედიტაციის ცენტრის მუშაობას ყველაზე ობიექტურად ჟურნალისტები შეაფასებენ და ჩვენც დავინტერესდით ჩვენი კოლეგების აზრით:

გია ტუხაშვილი („ლელო“): „ყველაფერი ძალიან კარგად, უეფას სტანდარტებით იყო ორგანიზებული. ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, რომ სუპერთასის თბილისის აკრედიტაციის ცენტრმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.“  

დავით მინაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი): „აკრედიატაციის მიღებისას არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, ცენტრში მოსულებს სულ რამდენიმე წუთი დაგვჭირდა ყველა პროცედურის მოსაგვარებლად და აკრედიტაციის მისაღებად.“

ჯემალ ფარცახაშვილი („რუსთავი 2“): „მართალია, უეფადან აკრედიტაციის მიღების დრო შედარებით გაიწელა, მაგრამ აქ ვერაფერს შევცვლით _ ასეთი წესები აქვთ. სამაგიეროდ, თბილისის აკრედიტაციის ცენტრის მუშაობას შევაფასებდი როგორც იდეალურს.“

გავესაუბრეთ აზერბაიჯანელ და უკრაინელ გულშემატკივრებსაც, რომლებმაც საქართველოში დასვენება საგანგებოდ დაამთხვიეს სუპერთასს.

ნაზიმ ჯაფაროვი: „საქართველოში, მგონი, უკვე მეოცედ ჩამოვედი. მიყვარს ქართველები, რადგან სამართლიანი ხალხია. სუპერთასის მატჩის შემდეგ ბორჯომში და ბათუმში ვაპირებ გამგზავრებას. ბარსელონას ქომაგი არ ვარ, მაგრამ ფეხბურთი ძალიან მიყვარს და თბილისში სუპერთასის მატჩის ჩატარების ამბავი რომ გავიგე, მაშინვე გადავწყვიტე, ამ შეხვედრას აუცილებლად დავესწრები-მეთქი.“

რაჰიმ ბერდიევი: „მე ბარსას ქომაგი ვარ, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კი, გაგიკვირდებათ და, არა მესი, არამედ სუარესია. ყველაზე მეტად სწორედ მისი ნახვა მსურს. თბილისში ყველგან იგრძნობა, სუპერთასს რომ მასპინძლობთ და რასაც ვხედავ, ყველაფერი მაღალ დონეზეა ორგანიზებული.“

ახმედ რამაზანოვი: „დიდი ფეხბურთის ცოცხლად, სტადიონზე ნახვა სულ სხვა რამაა და ამიტომაც გამოვყევი ჩემს მეგობრებს თბილისში, ქართველები ძალიან თბილი და მოსიყვარულე ხალხი ხართ და ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. გილოცავთ, ასეთი დონის თამაშის მასპინძლობა ასე კარგად რომ შეძელით.“   

ოლეგ კოვალეცი: „ბათუმში ვისვენებ, ბუნებრივია, სუპერთასზე დასწრებაც ძალიან მინდოდა. ბილეთები აქაურმა მეგობრებმა დამახვედრეს და დიდი სიამოვნებით დავესწრები სუპერთასის მატჩს _ განა ბარსელონას ცოცხლად ნახვის საშუალება ყოველდღე გვეძლევა?!“

ვიტალი კოვპაკი: „მე ესპანური ფეხბურთის ქომაგი ვარ და ნამდვილად სამართლიანია, ახლა ევროპაში დომინანტები სწორედ ესპანელები რომ არიან. თბილისში მესამედ ჩამოვედი და ძალიან მიხარია, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქი უფრო და უფრო რომ ლამაზდება. ამის დასტური ისიცაა, ასეთი დონის შეხვედრას ასე ღირსეულად რომ მასპინძლობთ.“

პაატა ძნელაძე