სიახლეები

ბარსას მეხუთე სუპერთასი

გაუზიარე

თბილისური სუპერთასი უხვგოლიანი, დრამატული გამოდგა და თასის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაწერა. მინდორზე იყო ყველაფერი, დაძაბულობა, ლამაზი გოლები, ჟინი, შესანიშნავი დრიბლინგები თუ დარტყმები და გაწევ-გამოწევაც კი. მართალია, ზოგიერთ ქვეყანაში ჩემპიონატები უკვე დაიწყო, მაგრამ სუპერთასის მატჩი ოფიციალურად ახალი სეზონის გახსნას ნიშნავს და სასიხარულოა, რომ წლევანდელმა ევროსეზონმა სწორედ თბილისში აიღო სტარტი.

ვფიქრობ, ყველამ უნდა ვიამაყოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ქვეყნის მთავრობასთან ერთად, ჩინებულად ჩაატარა მატჩი, რომლის დარი ჩვენს ქვეყანაში მანამდე არ გამართულა. ეს ხომ მარტო ფეხბურთს არ ეხება, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი სახის წარდგენაც გახლდათ სრულიად ევროპის წინაშე. გამოჩნდა, რომ ხარისხიანად მასპინძლობის უნარი კიდევ გვქონია.

ბარსელონამ მეხუთედ მოიგო სუპერთასი და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენ მილანს გაუთანაბრდა. დანი ალვეში პაოლო მალდინის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდა, ვისაც ეს პრიზი ოთხჯერ მოუგია. ბარსას დამრიგებელი ლუის ენრიკე კი მეოთხე ადამიანია კარლო ანჩელოტის, დიეგო სიმეონესა და ხოსეპ გვარდიოლას შემდეგ, ვისაც სუპერთასი ფეხბურთელობისას და მწვრთნელის რანგში ოთხჯერ აღუმართავს.

ახლა თამაშის შესახებ. პირველი ტაიმი, რაფინიას „გასახდელის“ გოლს თუ არ ჩავთვლით, სტანდარტებისა გამოდგა. უკვე მე-3 წუთზე სევილიელთა კაპიტანი რეიესი საჯარიმოს მისადგომებთან მასკერანომ წააქცია და ევერ ბანეგამ ჩინებული საჯარიმო შესარულა – 1:0. მაგრამ ბარსელონა რის ბარსელონა იქნებოდა, ასეთ მოულოდნელ დასაწყისს შეჰგუებოდა. მალევე ლეო მესის ჯერი დადგა, რომელმაც ცხრა წუთში ორი ულამაზესი, იუველირული სიზუსტის საჯარიმო გაიტანა. ამბობდნენ, ვარჯიში გვიან დაიწყო, ალბათ, ჩვეულ ფორმაში ვერ იქნებაო, მაგრამ რაც მესიმ პირველ ტაიმში აკეთა, სიტყვებით გადმოცემა ძნელია. მახვილგონივრული პასები, რამდენიმე დრიბლინგი და ნიშანდობლივი ასპექტი: ერთ ეპიზოდში ბურთი აუტზე გადადიოდა მაგრამ ლეომ თავგანწირული ნახტომით ისევ მინდორზე დააბრუნა. ეს ნამდვილი პროფესიონალის ქმედება გახლდათ, როცა ამ დონის მოთამაშე ყოველი მტკაველისთვის თავს არ ზოგავს, ჩვენი ფეხბურთელებისთვის სანიმუშო მაგალითად გამოდგება. 

ღამდენჯერ გვინახავს მესის დიდებული თამაში, მაგრამ „დინამო არენაზე“ მის ხილვას, დაგვეთანხმებით, სულ სხვა ემოცია ახლდა. აი, შესვენების შემდეგ კი, არგენტინის ნაკრების კაპიტანი თითქოს დაიკარგა. ყოველ შემთხვევაში, ისეთი აქტიური აღარ ყოფილა. ერთხელ მაინც გამოჩნდა, როცა ბოლოსკენ საჯარიმო ერთხელაც შეასრულა, ბურთი ოდნავ ასცდა ბეტუს კარს. გამარჯვების გოლიც ლეოს საჯარიმოს მოჰყვა. ამისდაკვალად, ტყუილად არ დაუსახელებიათ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

მეორე ნახევარი სუარესის სწრაფი გოლით დაიწყო და თითქოს ყველაფერი გაირკვა: როცა ბარსა 4:1 გიგებს, ალბათ, ბევრის იმედი აღარ უნდა გქონდეს, მაგრამ... აქ გამოჩნდა, რომ სევილიელები ყურების ჩამოყრას სულაც არ აპირებდნენ. რეიესმა, გამეირომ (პენალტით) და დებიუტანტმა უკრაინელმა კონოპლიანკამ ანგარიში 4:4 გახადეს. ესეც კიდევ ერთი მაგალითი ჩვენიანებს. 

სუარესის შესახებ. ურუგვაელი ჯერ აშკარად არ არის ფორმაში, თუმცა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი მაინც შეიტანა, ჯერ რაფინიას გაატანინა, მერე თავადაც შეაგდო.

საინტერესოა, რომ ანდალუსიელთა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ერთობ გააზრებული შეცვლები გააკეთა. მეოთხე გოლი საერთოდაც შეცვლაზე შესულებმა "გააკეთეს". მინდორზე ცოტა ხნის წინ შესულმა კონოპლიანკამ სულ რაღაც ერთი წუთის გამოსული იმობილეს პასით შეაგდო. კონოპლიანკა სევილიაში რამდენიმე დღის წინ გადავიდა და დებიუტი გოლით აღნიშნა.

ბარსას კი ძალიან დააკლდა ინიესტა. ფეხი ატკინეს და ლუის ენრიკემ სერხი რობერტოთი შეცვალა. ამის შემდეგ კატალონიელთა შუა ხაზი თითქოს მოიშალა.

დამატებით დროში საინტერესო ბევრი აღარფერი მომხდარა, ტემპი დაეცა, გუნდები რისკს ერიდებოდნენ და ეტყობა, უკვე პენალტების სერიაზე ფიქრობდნენ, როცა მესი კვლავ საჯარიმოს შესასრულებლად მივიდა ბურთთან. პირველი დარტყმა ცოცხალ კედელს მოხვდა, მეორე კი ბეტუმ მოიგერია და... ბურთთან გაჩნდა მინდორზე ახალშესული პედრო, რომელმაც უნაკლოდ ითამაშა დამატებაზე. ეს კაცი სხვა გუნდში აპირებს წასვლას და, ვარაუდობდნენ, არ ითამაშებსო, მაგრამ გამოვიდა და ისტორია შექმნა, ბარსას სუპერთასი მეხუთედ მოაგებინა. სხვათა შორის, პედრომ თავი ექვსი წლის წინადელ სუპერთასზეც გამოიჩინა. მაშინაც შეცვლაზე შევიდა და შახტარს დამატებით დროში გაუტანა ერთადერთი გოლი.  

ბოლოს სევილიას კიდევ შეეძლო გათანაბრება: 122-ე წუთზე იმობილემ მარჯვნიდან კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც ფრანგი ადილ რამი ცარიელი კარის წინ აღმოჩნდა. ასეთი სიახლოვიდან როგორ ააცილა, სევილიას ქომაგებს, ალბათ, კიდევ დიდხანს მწარედ ემახსოვრებათ.

სოლომონ გულისაშვილი

ბარსელონა 5:4 დ.დ. სევილია

0:1 ბანეგა (3), 1:1, 2:1 მესი (7, 15), 3:1 რაფინია (44), 4:1 სუარესი (52), 4:2 რეიესი (57), 4:3 გამიერო (72, პენ.), 4:4 კონოპლიანკა (81), 5:4 პედრო (115)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, მატიე, დანი ალვეში, პიკე, მასკერანო (პედრო 93), ინიესტა (სერხი რობერტო 63), რაკიტიჩი, ბუსკეტსი, რაფინია (ბარტრა 78), მესი, სუარესი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

სევილია: ბეტუ, ტრემულინასი, რამი, კოკე, კრონ დელი, ბანეგა, იბორა (მარიანო 80), კრიხოვიაკი, ვიტოლო, რეიესი (კონოპლიანკა 68), გამეირო (იმობილე 80)

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

გაფრთხილება: მატიე, ბუსკეტსი, პედრო, დანი ალვეში; კრიხოვიაკი, კოკე, იმობილე, ბანეგა, კრონ დელი 

51 940 მაყურებელი