სიახლეები

კახა კალაძე: საქართველოსთვის ეს დიდი საერთაშორისო აღიარებაა

გაუზიარე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი და იტალიური მილანის ყოფილი ვარსკვლავი გამოტყდა, რომ მოახლოებული მატჩის წინ ძალიან ღელავს. საქართველოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული და ევროპის სუპერთასის 2007 წლის მფლობელი – ასეთია კალაძის მიერ მოპოვებული პირადი და გუნდური ჯილდოების მხოლოდ ნაწილი. 2007 წელს მისმა მილანმა მონაკოში სევილია დაამარცხა.

როგორ მატჩს ელით?

თითოეული ქართველი გულშემატკივრის მსგავსად, კარგად ვგრძნობ, რამხელა მიღწევაა, ჩვენი დედაქალაქი ამ რანგის მატჩს რომ მასპინძლობს. ფინალი ყოველთვის საოცარი სანახაობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი ძლიერი გუნდები თამაშობენ. სუპერთასს დამატებით ხიბლს ისიც მატებს, რომ ერთმანეთს ორი ესპანური კლუბი დაუპირისპირდება.

ფიქრობთ თუ არა, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ყოველთვის ფავორიტია ევროპის ლიგის გამარჯვებულთან შეხვედრაში?

თუ ამ ორი ტურნირის დონეს შევადარებთ, განსხვავება, რა თქმა უნდა, არის. ევროპის ლიგის მონაწილე კლუბებს გაცილებით მცირე ბიუჯეტი აქვთ, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელებს. ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოს უდიდესი საკლუბო ტურნირია. მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ძნელი სათქმელია, ვინ მოიგებს სუპერთასს. თუმცა ვფიქრობ, ბარსელონა ფავორიტია, რადგან ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი სტილით, გამორჩეულია ყველა თვალსაზრისით. 

რას ნიშნავს ქართველი გულშემატკივრებისთვის ლიონელ მესის ცოცხლად ხილვა?

ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ყველაზე უკეთ მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ელიან ქართველები ამ მატჩს. უეფას სუპერთასის მატჩი ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი მღელვარება არც ერთ მათგანს არ ახლდა. ფეხბურთი საქართველოში ყოველთვის ძალიან უყვარდათ, მესისა და მის გუნდს კი ჩემს ქვეყანაში გულშემატკივართა მთელი არმია ჰყავთ. მათთვის მესისა და სხვა ბარსელონელი ვარსკვლავების ცოცხლად ხილვა უდიდესი ბედნიერებაა. 

რა მემკვიდრეობას დატოვებს ევროპის სუპერთასი საქართველოში როგორც სპორტული, ასევე სხვა მიმართულებებით?

ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამ კალიბრის ფეხბურთელები ეწვევიან. ეს ქართველი ახალგაზრდებისთვის უდიდესი მოტივაცია იქნება, მსოფლიოს სუპერვარსკვლავების ვარჯიშისა და თამაშის ხილვა მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს მათ ახალ იმპულსს მისცემს საიმისოდ, რომ მეტი მოინდომონ და კარგ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ. პოლიტიკის თვალსაზრისით, ამ რანგის მატჩის ორგანიზება ქვეყნის წინსვლას უწყობს ხელს. საქართველოსთვის ეს დიდი საერთაშორისო აღიარებაა. დარწმუნებული ვარ, თბილისში სუპერთასის ჩატარება ხუთი-ექვსი წლის წინ შეუძლებელი იქნებოდა. სტადიონი მზად არ იყო და ასე შემდეგ... მთავრობამ დაახლოებით 8 მილიონი ევრო დახარჯა, რათა ამ რანგის ღონისძიებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო. ამას წინათ სტადიონის ინსპექტირებაში მივიღე მონაწილეობა და ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყანა მზადაა, ამ დიდ მატჩს უმასპინძლოს.

რა მოგონებები შემოგრჩათ 2007 წელს მოგებული სუპერთასიდან?

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩემთვისაც და გუნდისთვისაც. საკმაოდ მძიმე მატჩი იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ და დიდი ზეიმი მოვაწყვეთ. მაშინ მილანი მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო და ტიტულს ტიტულზე იგებდა. ეს იყო საუკეთესო წლები იმათგან, რომლებიც მილანში გავატარე.

საქართველოში ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ანიჭებდნენ უპირატესობას. როგორ მოხდა, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი მცველი გახდა?

დიახ, ქართველი ფეხბურთელები, როგორც წესი, შეტევაზე იყვნენ ორიენტირებულები, თუმცა ჩემი შემთხვევა განსხვავებულია. მე ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და მქონდა ის უპირატესობებიც, რაშიც ქართველები, როგორც წესი, მოვისუსტებთ – ნებისყოფა და შრომისუნარიანობა. ამ სამი ფაქტორის გარდა, რა თქმა უნდა, იღბალიც ჩემს მხარეზე იყო.

რამდენად რთული იყო თქვენთვის სპორტიდან პოლიტიკაში გადასვლა? სპორტში მიღებული გამოცდილება პოლიტიკაში თუ გეხმარებათ?

გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიფიქრე. კარგად ვიცოდი, რაოდენ რთულ გზას ვირჩევდი. რა თქმა უნდა, პირველი რამდენიმე თვე მძიმე იყო, რადგან ყველაფერი ახალი იყო, მაგრამ ზურგს გარკვეული ბიზნესგამოცდილებაც მიმაგრებდა – მე ხომ მანამდე საკუთარი ბანკი და კომპანია დავაარსე. ეს, ისევე, როგორც საფეხბურთო გამოცდილება, პოლიტიკაში ძალიან წამადგა.