სიახლეები

სევილია: ბარსა ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ჩვენი პლუსები გვაქვს

გაუზიარე

წინასამატჩო პრესკონფერენცია, როგორც წინასწარ იყო გაწერილი, დათქმულ დროს, 18 საათსა 30 წუთზე  დაიწყო.

პირველად ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო-არენას საკონფერენციო დარბაზში სევილიას ფეხბურთელები, ხოსე ანტონიო რეიესი და კოკე შემოვიდნენ და უეფას წარმომადგენელმაც გვაცნობა, სინქრონული თარგმანი ოთხ ენაზე, ინგლისურად, ქართულად, ესპანურად და კატალონიურად იქნებაო. მედიელებში, ცხადია, ესპანელი კოლეგები ჭარბობდნენ და კითხვათა უმრავლესობაც მათ დასვეს, თუმცა უკრაინელი, რუსი, ებრაელი, ინგლისელი თუ თურქი ჟურნალისტებიც აქტიურობდნენ. რა თქმა უნდა, მრავლად ვიყავით ქართველებიც...

ისეთ პოზიციაზე მოგიწევთ თამაში, რომელიც თქვენთვის, თითქმის უცხოა...

კოკე: მწვრთნელი სადაც მეტყვის, იქ ვითამაშებ, თუ საჭირო გახდა, მეკარეც ვიქნები.

სუპერთასზე შარშანაც ითამაშეთ, თუმცა რეალთან წააგეთ.

რეიესი: შარშან გვქონდა შანსი მოგვეგო, მაგრამ... თუმცა, მოგებას ხვალ ვეცდებით და არ ვფიქრობ, რომ აუტსაიდერები ვართ.

კოკე: რეალთან შარშან დამსახურებულად წავაგეთ. იმედია, ხვალ მოვიგებთ. მეტოქე ძლიერია და პატივს ვცემთ თუმცა...

ევროპის ლიგის მომგები გუნდიდან ალეიშ ვიდალი და კარლოს ბაკა წავიდნენ, მათ გარეშე არ გიჭირთ?

რეიესი: ცვლილებები გარდაუვალია, ახლა ისინი ჩვენთან არ არიან. ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ და  მათთან უნდა შევთამაშდეთ. ვნახოთ, რა გამოვა.

სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ბარსელონასთან ატარებთ. როგორ ფიქრობთ, კარგია ახლა ბარსასთან თამაში თუ პირიქით...

კოკე: მათთან თამაში ყოველთვის  საინტერესოა. ალბათ, ისტორიულიც კი. ბარსელონა ძალიან მაგარი გუნდია, უცვლელი ფილოსოფია აქვს. ჩვენ შარშან კომპაქტური გუნდი გვყავდა და ყველამ ვიცოდით, მინდორზე რა გვეკეთებინა. იმედია ახლაც ასე იქნება.

სევილიამ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის უკრაინელი ევგენი კონოპლიანკა.

კოკე: ჩვენ მის წინააღმდეგ ბოლოს ევროპის ლიგის ფინალში ვითამაშეთ, მე პირადად მისმა მეურვეობამ მომიწია. მიხარია, რომ ახლა კონოპლიანკა ჩემი თანაგუნდელია. კარგი ბიჭია და ახლა  ახალი გამოწვევა აქვს, ჯერჯერობით, ადაპტაციის პერიოდი აქვს. სევილიაში თამაში არაა იოლი, მაგრამ მჯერა,  ევგენი ახლა სევილიასიც გამოჩნდება.

რეიესი: ვეთანხმები კოკეს. მაღალი დონის ფეხბურთელია და იმედია, ჩვენთანაც თავს გამოიჩენს.

რეალურად შანსებს როგორ შეაფასებდით?

რეიესი: 50/50-ზე. კარგია ბარსელონა, მაგრამ თამაში 0:0-ით იწყება და უშანსოდ  არ ვართ.

ბარსელონას ნეიმარი არ ეყოლება. მისი არყოფნა თქვენ უპირატესობას გაძლევთ?

და ერთიც, ნეიმარის მაგივრად, სავარაუდოდ, პედრო ითამაშებს...

რეიესი:  10 წუთის წინ ველაპარაკე პედროს. ჩვენ ვმეგობრობთ და ხუმრობით მივულოცე კიდეც, როგორც იქნა, მოგიწევს თამაში-მეთქი. აქამდეც ბევრჯერ გვილაპარაკია ხვალინდელ მატჩზე.

კოკე: ნეიმარის არყოფნა, ცხადია, დიდი დანაკლისია მეტოქისთვის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენ უპირატესობას გვაძლევს, რადგან მათ შეუძლიათ პედრო ათამაშონ, რომელიც არანაკლებ ძლიერი ფეხბურთელია.

ცნობილია, რომ ბარსელონას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ბუნებრივია, ხვალინდელ მატჩშიც ტრიბუნების უმრავლესობა ბარსას უქომაგებს. თვლით, რომ სევილიას გასვლითი შეხვედრა ელის?

კოკე: მესმის, თუმცა გულშემატკივრებს ერთს ვპირდებით - ჩვენ შეგვიძლია ბარსელონასთან თანაბრად თამაში და თუ გვიქომაგებენ, დარწმუნებული ვარ, კარგი ფეხბურთით ნასიამოვნები დარჩებიან.

19 საათსა და 15 წუთზე სევილიას ღია ვარჯიში უნდა დაწყებულიყო და რეიესისა და კოკეს სტუმრობიდან ნახევარი საათში, კითხვებს უკვე ანდალუსიელთა თავკაცი უნაი ემერი პასუხობდა. ემერიმი 15 წუთში ჩაეტია...

თქვენ ზედიზედ 19 მატჩი არ მოგიგიათ ბარსელონასთან. ხვალ რას აპირებთ?

ხვალინდელი მატჩი კიდევ ერთი შანსია ჩემთვის, რომ ბოლოს და ბოლოს ნავსი გავტეხო. ჩვენ გვაქვს  პლუსები, რომელზედაც თავდაუზოგავად ვმუშაობთ. დანარჩენი ხვალ გამოჩნდება.

როცა მოსკოვის სპარტაკში მუშაობდით, მაშინ დმიტრი ჩერიშევი გყავდათ ასისტენტად. ახლა ჩერიშევი სევილიაშიც თქვენს გვერდითაა, ხომ არ გსურთ, გუნდში კიდევ ერთი ჩერიშევი, დმიტრის შვილი დენისი გყავდეთ, რომელიც ახლა რეალის ფეხბურთელია?

სპარტაკში გატარებული პერიოდი ყოველთვის თბილად მომაგონდება. რაც შეეხება დმიტრის, მას დიდი გამოცდილება აქვს, იცის თავისი საქმე და მიხარია, რომ იგი ახლაც ჩემს გვერდითაა. დენისზე კი რა შემიძლია ვთქვა - სამწუხაროდ, იგი კარგა ხანს ტრავმირებული იყო, მერე დაიწყო თამაში და ცოტა არ იყოს, გვიან გაიხსნა. შარშან ვილიარეალში ჰქონდა კარგი სეზონი, ახლა რეალშია და თუ თავდაუზოგავად იშრომებს, ვფიქრობ, მას შეუძლია უმაღლეს დონეზე ითამაშოს. ისე, მამა-შვილ ჩერიშევებთან სიამოვნებით ვითანამშრომლებდი.

ცენტრალური მცველი ადილ რამი ფიზიკურად და მენტალურად მზადაა ხვალინდელი თამაშისთვის? მასზე ხვალ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული...

რამის მცირედი ტრავმა ჰქონდა და ჯერ არ ვიცი,  ითამაშებს თუ არა. ვნახოთ, რას გვეტყვის ექიმი.

ცნობილია, რომ სტადიონზე გულშემატკივრები უფრო ბარსელონას უქომაგებენ. ეს სევილიას ხომ არ დააკომპლექსებს?

ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, გვაქვს გეგმა, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს და ვნახოთ. ძალიან გვინდა გავიმარჯვოთ და საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებთ.

ბარსელონას ბოლოს რომ ეთამაშეთ, ესპანეთის ჩემპიონატში თამაშით აჯობეთ. ისე ჩანდა, რომ მეტოქის ფეხბურთელებს ერთი სული ჰქონდათ, როდის დამთავრდებოდა მატჩი. ხვალ როგორ იქნება?

კარგი იქნება, ხვალაც ასე იყოს. ვიცი, რომ  ბარსას ბურთის ფლობაში ექნება უპირატესობა, რასაც ჩვენ მკაცრი პრესინგი უნდა დავუპირისპიროთ. ვფიქრობ, გვაქვს საკმარისი რესურსი, გვყავს ფეხბურთელთა ჩინებული კონტინგენტი, რომელიც მოგების უდიდესი წყურვილით გავა მოედანზე. შეიძლება, ახლა ჩვენ არ ვართ იდეალურ ფორმაში, რადგან სეზონის დასაწყისია, მაგრამ ამ მხრივ, მეტოქეც იგივე მდგომარეობაშია.

ფაქტია, ბევრი ტრავმირებული გყავთ და დაცვაშიც პრობლემები გაქვთ...

ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი და ფიქრი. როგორ, რა იქნება, გაამართლებს თუ არა, ხვალ გამოჩნდება. ერთია, ბარსას ბევრი ნაკლი არ აქვს და რაც აქვს, მზად ვართ, მათი თითოეული შეცდომა საჩვენოდ გამოვიყენოთ.

სევილია ფსიქოლოგიურად მზადაა?

ასეთი დონის მატჩები ყოველ კვირას არ ტარდება და ჩვენი ვალია, საქმეს პროფესიულად მივუდგეთ - ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მოსაგებად.

შეგეძლოთ სამწვრთნელო კარიერა ინგლისში გაგეგრძელებინათ, მაგრამ დარჩით. რატომ?

ხვალ ფინალია. გარდა ამისა, ჩემი გუნდი მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს და ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა.

სევილია ევროპის ლიგის პირველი გამარჯვებულია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს...

რამდენიმე წლის წინ, მწვრთნელთა ერთ-ერთ სემინარზე ვილაპარაკეთ და ეს იდეაც მაშინ დაიბადა. ვფიქრობ, ეს  წამოწყება ევროპის ლიგაში მონაწილე გუნდებს მეტ მოტივაციას შესძენს. ბედნიერი ვარ, პირველად ასეთი პატივი მე და ჩემს გუნდს რომ გვერგო.

თქვენამდე რეიესმა და კოკემ გუნდის ახალწვეული კონოპლიანკა შეაფასეს. ეგებ, თქვენც გვითხრათ ორიოდ სიტყვა მასზე?

ევგენი კარგი ფეხბურთელია, ევროპაში დაფასებული და გაგვიმართლა, რომ იგი ახლა ჩვენთანაა. კონოპლიანკა უნდა შეეგუს ახალ გარემოს და ვფიქრობ, დმიტრი ჩერიშევის მეშვეობით, ადაპტაცია გაუადვილდება.

გიორგი ვაშაკიძე