სიახლეები

ინიესტა: ახალი სეზონის პირველი მატჩია და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ.

გაუზიარე

ის-ის იყო, სევილიას ვარჯიში დასასრულს უახლოვდებოდა, როცა მედიელთა წინაშე ბარსელონას ჯერი დადგა.

დინამო-არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ამჯერადაც ჯერ ფეხბურთელები შემოვიდნენ, მერე კი მთავარი მწვრთნელი.

ვიდრე ლუის ენრიკეს ნაუბარს გაეცნობოდეთ, იქამდე ბარსას კაპიტნის, ანდრეს ინიესტასა და ბრაზილიელ  დანი ალვეშის პასუხები წაიკითხეთ...

ფიქრობთ, რომ სუპერთასის მატჩი ძალიან ადრე დანიშნეს?

ინიესტა: ახალი სეზონის პირველი მატჩია და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ. მე გუნდის კაპიტანი ვარ, კარგი გუნდი გვყავს და ყველაფერი ისეა, როგორც ყოველი წელიწადის წინ ხდება-ხოლმე - საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ და ტიტულები მოვიგოთ.

ალვეში: მზად ვართ  მატჩისთვის. არ მიმაჩნია, რომ ადრეა დანიშნული. გვაქვს გეგმა, რომელსაც მივყვებით.  მაქsიმალურად ვეცდებით, აქედან ევროპის სუპერთასი წავიღოთ.

ერთ სეზონში ექვსივე ტიტულის მოგების შანსი წელსაც გაქვთ...

ინიესტა: სამი უკვე მოგებული გვაქვს და სეზონის დასაწყისში კიდევ სამი ტიტულის მოგების შანსი მართლაცაა, ხვალინდელი სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გველის.  მეტოქეს კარგად ვიცნობთ და შედეგის მიღწევა ნამდვილად შეგვიძლია. მოკლედ, ხვალინდელ მატჩზე სრულად ვართ კონცენტრირებულნი.

ერთი პერიოდი, დანი ალვეში გუნდიდან წასვლას აპირებდა, ნეიმარი კი ტრავმირებულია...

ალვეში: ახლა ჩემს წასვლაზე ლაპარაკი ზედმეტია. აქ ვარ და ბარსასთვის ვიხარჯები. ნემარიის ტრავმა კი მართლაც მოულოდნელი იყო. ცხადია, ის დიდი ძალაა და დაგვაკლდება, მაგრამ ჩვენ გვყავს მისი შემცვლელი.

პედრო, მაგრამ ის დარჩება გუნდში?

ალვეში: ეს საკითხი პირადად მან უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ პედრო დარჩეს, მაგრამ თუ მაინც დააპირა წასვლა, პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას.

არ იქნება ნეიმარი, მაგრამ იქნება მესი!

ინიესტა: ცხადია, მესი ჩვენთვის ყველაფერია და მისი ძალიან გვეიმედება.

2006 წელს, სევილიამ უკვე დაამარცხა სუპერთასზე ბარსელონა და დანი ალვეშიც სწორედ ერთ-ერთია, რომელმაც მაშინდელ ტრიუმფში  მონაწილეობდა...

ალვეში: დიახ, ვიყავი მაშინ იმ გუნდში და ნამდვილად არ ვითვლებოდით ფავორიტებად. უბრალოდ, როცა ფინალზეა ლაპარაკი, თუ მთელი სერიოზულობით არ მიუდექი, წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია. ახლაც ასეა: კი, ვიცი, რომ ფავორიტებად ჩვენ გვთვლიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოვდუნდებით. სევილიას თავისი პლუსები აქვს, ჩვენ - ჩვენი.

ინიესტა: ვეთანხმები დანის. კარგად მახსოვს ის თამაში. სევილიამ მაშინ დამსახურებულად მოგვიგო. ახლა კი ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ იოლად დავამარცხებთ მათ, მაგრამ ეს ასე  არაა. ჩვენ ძლიერ მეტოქესთან გველის ფინალი და თუ 100 პროცენტით არ დავიხარჯეთ, არაფერი გამოვა.

ბარსელონას ახალწვეულზე, არდა თურანზე გკითხავთ. როგორც ფეხბურთელზე და როგორც პიროვნებაზე...

ალვეში: მაგარი სასაცილო ტიპია, გამრთობი და ჩვენს გუნდში უკვე საკმაოდ პოპულარული. სამწუხაროდ, თამაშით იანვრამდე ვერ დაგვეხმარება, მაგრამ როცა კი შეეძლება, მისი ინტელექტი და შესაძლებლობები ბარსას ძალიან წაადგება. არდა მაგარი ფეხბურთელია.

თუ მოიგეთ ხვალ, პირადი ტიტულებით ლეგენდარულ პაოლო მალდინის გაუტოლდებით - თქვენც მასსავით 4-ჯერ გექნებათ სუპერთასი მოგებული...

ალვეში: ჩემთვის ამას ნამდვილად არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარი გუნდური ტიტულებია და ჩემთვის ფასეულიც უფრო ესაა. ისე, კარგია მალდინისთან გატოლება, მაგრამ დათვლა უფრო თქვენი, ჟურნალისტების და სტატისტიკოსების საქმეა.

ხვალ პედროსთვის ბოლო მატჩია ბარსელონას მაისურით?

ინიესტა: დღეს ამაზე  არ ვფიქრობ, რადგან ის ჯერ ჩვენთანაა და მასაც ჩვენსავით უნდა მოგება. ვიმედოვნებ, რომ დარჩება, რადგან პედრო დიდი ფეხბურთელია და ბარსელონას წარმატებებში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.

ბარსელონას თბილისში ბევრი ქომაგი ჰყავს. რას ურჩევდნენ მისი ვარსკვლავები ქართველ ბავშვებს, რომელთაც უნდათ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ?

ინიესტა:  უფრო მონდომებულები, ჟინიანები უნდა იყვნენ, წარმატების მიღწევის სურვილი რომ არასდროს გაუნელდეთ, თავდაჯერებულებიც, დარწმუნებულნი თავიანთ ძალებში, ბევრი იშრომონ და რაც მთავარია, უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ  ამას შეძლებენ.

ადრე სევილიაში თამაშობდით, ახლა ბარსელონაში ხართ. ეს თქვენთვის გამორჩეული მატჩია, გარკვეულწილად ზეწოლას ხომ არ გრძნობთ?

ალვეში: არანაირად, რადგან ახლა ბარსას ფეხბურთელი ვარ და ვალდებულიც ვარ, ჩემი გუნდისთვის ყველაფერი გავიღო. ცხადია, სევილია მიყვარს, როგორც ქალაქი, რადგან იქ გავიზარდე და იქ ბევრი მეგობარი მყავს.

21 საათზე ბარსელონა სავარჯიშოდ უნდა გასულიყო, მაგრამ ფეხბურთელების შემდეგ, უნაი ემერის დარად, ლუის ენრიკემაც 15 წუთში ჩაატია სათქმელი, თუმცა მისი პასუხები უფრო მოკლე და კომპაქტური გახლდათ...

სამი უკვე მოგებული გაქვთ, ხვალიდან კი დარჩენილი სამი ტიტულისთვის იწყებთ ბრძოლას...

ყველა ტურნირი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. ხვალაც ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით და მერე ესპანეთის სუპერთასზე ბილბაოს ატლეტიკი გველის. ვნახოთ, გავაგრძელებთ თუ არა ტიტულების შეკრებას.

ხვალ პედრო ითამაშებს?

მინდა, რომ ითამაშოს. მას ბოლოხანს მომავალზე ბევრს ვესაუბრები და მინდა, გუნდში დარჩეს. გადაწყვეტილებას პედრო მალე მიიღებს.

თქვენც ფიქრობთ, რომ ბარსელონა ფავორიტია?

ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ თქვენ ასე ფიქრობთ, იფიქრეთ. ჩემთვის კი თამაშია მთავარი. სევილია ძლიერი გუნდია და ახლა იმაზე ვფიქრობ, როგორ დავამარცხო.

ტრავმების გამო ნეიმარი და ალბა არ გეყოლებათ, ორივე მარცხენაფლანგელი. ფიქრობთ, რომ სევილია მარჯვნიდან შემოგიტევთ?

ტრავმირებულები მათაც ჰყავთ და მათი დანაკლისი გაცილებით სოლიდურია. ვნახოთ, რა იქნება.

წინასასეზონო პერიოდით კმაყოფილი ხართ?

თავიდანვე ამ თამაშისთვის ვემზადებოდით და ვარჯიშებიც შესაბამისად გვქონდა დაგეგმილი.

სევილიას ბევრი ახალწვეული ჰყავს, მაგალითად, კონოპლიანკა, რომელმაც ერთხელ თქვა, რომ... ბარსელონას ქომაგია და კამპ ნოუზე უნდა თამაში...

ვფიქრობ, ნორმალურია, რომ ასე თქვა. ჩვენს გუნდში თამაშზე ბევრი ცნობილი და კარგი ფეხბურთელი ოცნებობს. კონოპლიანკასი მესმის.

ნეიმარის ტრავმაზე რას იტყვით?

ტრავმები ფეხბურთის თანამდევია. სამწუხაროდ, ნეიმარი დაგვაკლდება, ასევე ხორდი ალბაც და ჩვენც იმათი გამოყენება მოგვიწევს, ვინც ჯანმრთელია.

ნეიმარის არყოფნაში ლუის სუარესზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული...

ლუისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მას ნეიმარის ფუნქციას ვერ დავაკისრებ. სუარესს თავისი საქმე აქვს.

არდა თურანის თქმით, იგი სწორედ თქვენი დაჟინებული თხოვნის შემდეგ აღმოჩნდა ბარსელონაში...

არდას ადაპტაციის პერიოდი აქვს, ჩვენთან რთული არაა შეგუება, მაგრამ იანვრამდე თამაში არ შეუძლია. ის კი მართალია, რომ მისი გადმობირება მართლაც ძალიან მსურდა.

თუ ხვალ მოიგეთ, გახდებით მეოთხე, რომელსაც, მწვრთნელის და ფეხბურთელის რანგში მოუგია ევროპის სუპერთასი...
რაც მეტ ტიტულს მოიგებ, უკეთესია. კარგი იქნება, თუ ხვალაც მოვიგებ.
გიორგი ვაშაკიძე