სიახლეები

მაგარია... მაგარია

გაუზიარე

მაგარია... მაგარია თბილისი! მაგარია ორგანიზება!! მაგარია სუპერთასის მასპინძელი დინამო-არენა!!! მადლობა უეფას და მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომლებიც ამ საღამოს არაჩვეულებრივ სანახაობას შემოგვთავაზებენ... მოედანზე დღევანდელი ფეხბურთის პირველი სიდიდის ვარსკვლავები გამოვლენ. მათ გარდა თბილისში კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი სტუმარია, იმდენი, რომ მათ მიღებას ქალაქის პრესტიჟული სასტუმროები ვერ აუდიან. ეს სტუმრები კი კეთილგანწყობილ და კეთილგონიერ მასპინძლებთან ერთად დღეს ჩვენს დედაქალაქში ისეთ ატომოსფეროს შექმნიან, რომელიც მათვისაც და ჩვენთვისაც დაუვიწყარი იქნება... 

მიაბიჯებ დინამო არენასკენ და თვალს და გულს უხარია: გიხარია, რომ შენს ქალაქში სუპერთასის მატჩია... გიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მასპინძელი ხარ... გიხარია იმიტომ, რომ მთელი ევროპის საფეხბურთო ამქარი შენს გვერდითაა და ამაყობ, როცა ისეთი სტადინო გაქვს, როგორიც დღეს დინამო-არენაა... 

გადაუჭარბებლად და სიამაყით ვიტყვი, დღეს დინამო-არენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კოხტა სტადიონია... ერთი ხანობა უცხოელმა ტელეკომენტატორებმა უკმაყოფილება კი გამოთქვეს, როცა მასპინძლებმა მათთვის განკუთვნილ ადგილზე, მეორე იარუსისკენ მიუთითეს, თუმცა მალევე დარწმუნდნენ _ რეპორტაჟისთვის ჩინებულ ადგილია... 

დინამო არენას პირველები სევილიელები მოადგნენ: როგორც წესია, ჯერ პრესკონფერენცია, მერე _ ვარჯიში... 

კარგა ხანია, არც ასეთი მხიარული ვარჯიში მინახავს... მწვრთნელმა უნაი ემერიმ შეგირდები ჯერ მოედნის ცენტრალურ წრესთან შეკრიბა. სევილიელები სათათბიროდ მცირე, გასამხნევებლად კი კარგა ხანს საუბრობდნენ... ბოლოს ერთი დასჭექეს და საქმეს შეუდგნენ. ფეხბურთელებს ბურთი არ მოუშორებიათ, ხალისობდნენ და მწვრთნელის მითითებებსაც, ცხადია, უსიტყვოდ ასრულებდნენ... ბოლოს ემერიმ შემტევი ტრიო გამოკვეთა, უფრო სწორად, ვფიქრობთ, გამოკვეთა: მოედნის ცენტრიდან ფრანგი კევინ გამეირო პასებს უკრაინელ ევგენი კონოპლიანკასა და იტალიელ ჩირო იმობილეს ჩამოურიგებს... ჩამოურიგებს, თუ ამის საშუალება ბარსელონელებმა მისცეს... სევილიას ბარსელონასთვის ზედიზედ 19 მატჩია, არ მოუგია და ვითომ კონოპლიანკა - იმობილე უშველის?! 

ისე, “უშველის” რა სათქმელია, კაცმა გუნდს ევროპის ლიგის თასი მოაგებინა და მოახლოებულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ათამაშებს... არა, დღეს ძალიან სერიოზული მატჩი გველის. ემერის სევილია არა, მაგრამ ხუანდე რამოსის სევილია იყო ის გუნდი, რომელსაც 2006 წელს ზუსტად ამავე რანგის მატჩში ბარსელონა 3:0 ჰყავს დამარცხებული... 

ბარსელონა, ცხადია, თბილისში მორიგი ტიტულისთვის ჩამოვიდა, მაგრამ, ბოდიში, ვინძლო, ლუის ენრიკეს გუნდს გულის სიღრმეში სწორედ 2006 წლის ზაფხულიც ახსოვდეს და მაშინდელი საშინელი ანგარიშიც... ვეჭვობთ, ბარსელონასთვის ახლა რევანშის დროა.

ცოტა უჩვეულო იყო _ ბარსელონა დინამო არენას მოედანზე ისე გამოჩნდა, სასოწარკვეთილი წივილ-კივილი არ ყოფილა... უჩვეულო იყო, რადგანაც ბოლო რამდენიმე წელიწადია, თბილისში დიდი გუნდი არ ჩამოსულა, რომელსაც გიჟმაჟი ქომაგების ემოცია არ დართვოდა... უემოციო ფეხბურთი ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, დამეთანხმებით _ მატჩისწინა ვარჯიშზე ზღვარგადასული ფანების ადგილი არ არის... 
ბარსელონა კი მოედანზე ნაწილ-ნაწილ გამოჩნდა: ჯერ ჭაბუკები, მერე უახლოესი რეზერვი, შემდეგ მაგარი ფეხბურთელები და ბოლოს ვარსკვლავები... დინამო არენას ხავერდივით გაზონზე ბოლოს პიკე, ინიესტა, ლუის სუარესი და... ის, დიდი ლეო მესი გამოჩნდნენ... რეაქცია არც მის გამოჩენაზე იყო, თუმცა რა, ტრიბუნაზე ხომ მხოლოდ ჟურნალისტები ვიყავით...  

სევილიასი არ იყოს, ბურთი პირველად ბარსამაც მოედნის ცენტრში გააგორა. ორნი შუაში, დანარჩენები კი წრეზე... შუაში არგენტინელი ხავიერ მასკერანო იყო, ვინც ამ ვარჯიშ-მოთელვისას პარტნიორებისთვის ბურთის ვარდნაში ართმევა იმდენჯერ სცადა, კინაღამ მათი ფეხები შეიწირა. 

სირბილითა და სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვით ფეხბურთელები არც ლუის ენრიკეს დაუღლია. სრული ერთი საათი ბარსამაც მხოლოდ ბურთთან ერთად გაატარა... ვეჭვობ, ამ ერთ საათში ლეო მესი იმაზე მეტად გაიოფლა, რამდენადაც ამ სტრიქონების ავტორი წერისას. სამაგიეროდ, ამ დგომა-დგომაში უდიდესმა ფეხბურთელმა იმდენი გენიალური რამ გააკეთა... მესიმ გადასაცმელი რომ მოირგო, ცხადი გახდა, რომ ბარსელონა დღეს 99 პროცენტით ასეთი ტრიოთი შეუტევს _ მესი მარჯვნიდან, სუარესი შუიდან, პედრო მარცხნიდან... შუაში რაკიტიჩი-ბუსკეტსი-ინიესტა, დაცვაში დანი ალვეში მარჯვნიდან, პიკე-ვერმაელენი და მარცხნივ ადრიანო კორეია... დინამო-არენაზე ორივე გუნდმა ერთი საათი ივარჯიშა.
ნაყოფი დღეს გამოჩნდება... ბარსელონას იოლი გამარჯვებისა არ გვწამს, დიდი ომისა და დიდი სანახაობის მოლოდინი გვაქვს... 

კობა ინასარიძე