სიახლეები

თბილისის ახალი სტუმრები _ ევროპის დიდი თასები!

გაუზიარე

ევროპის ჩემპიონთა თასს, ევროპის ლიგის თასსა და სუპერთასს დღეიდან რიყეზე თბილისელი ქომაგიც იხილავს. ევროპის სამი ყველაზე პრესტიჟული თასი თბილისში იმ პროექტის ფარგლებში გამოიფინება, რომელიც ჩვენთან ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო და მთელი საქართველო შემოიარა _ სიმბოლურად დაიწყო ფოთიდან, ქართული ფეხბურთის აკვნიდან და მთავრდება თბილისში, ჯერ რიყეზე, ხოლო შემდეგ ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ადგილას, შუა რუსთაველზე, პარლამენტის წინ.  

თასები რიყეზე დღეს და ხვალ გამოიფინება, ხოლო რუსთაველზე 11 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში... შემდეგ სუპერთასი „მარტო დარჩება“ და რამდენიმე საათში „დინამო-არენაზე“ ახალ პატრონს ჩაბარდება.

რიყეზე თასების გამოფენასთან ერთად ბავშვთა სახალისო ტურნირიც ჩატარდება. 97 გუნდი, სამი-სამზე, იქვე, თასებთან მოწყობილ საგანგებო მოედნებზე გაარკვევენ გამარჯვებულს. გუნდები სახალისო პრინციპით იქნებიან დაკომპლექტებულნი _ ორი ვაჟი, ერთი გოგონა.  

ერთი სიტყვით, დღეიდან რიყეზე, ხოლო 11 აგვისტოს რუსთაველის პროსპექტზე ევროპული ფეხბურთის სამი დიდი ჯილდო თბილისელების თვალწინ გამოიფინება...

კობა ინასარიძე