სიახლეები

რევაზ არველაძე: ესაა შანსი, საქართველო თავისი საუკეთესო თვისებებით წარმოვაჩინოთ

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე „ტვ სპორტზე“ გადაცემა „სანაიას ეთერს“ სტუმრობდა, სადაც ბუნებრივია, ევროპის სუპერთასის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო აქცენტები გააკეთა. გაგაცნობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან.

„...ცოტაც და, კლუბებისა და უეფას ხელმძღვანელი პირები თბილისში ჩამოვლენ, უეფას სპეციალური ჯგუფი კი უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს დედაქალაქშია. ამ ჯგუფის წევრებთან ერთად ჩვენი მხარე დასკვნით კონსულტაციებს გადის სასტუმროების, ფანზონების, ტრანსპორტირებისა და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით. ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკუთრივ მატჩის საორგანიზაციო მხარეს.

...უკვე დეტალურადაა გაწერილი უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის ვიზიტი. თუმცა ცვლილებები არც მასშია გამორიცხული – ეს იმ შემთხვევაში, თუ იგი მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა მიიწვია. არც ისაა გამორიცხული, პლატინი ორივე მათგანს შეხვდეს.

...საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო – ეს ის სამი ძირითადი სტრუქტურაა, რომელიც უეფასთან ერთად 11 აგვისტოს მატჩის ორგანიზების საქმეშია ჩართული. თუმცა, აეროპორტს ნუ დავივიწყებთ, რომელსაც ამ დღეებში უპრეცედენტო დატვირთვა ექნება. 11 აგვისტოს სტადიონის პერიმეტრსა და უშუალოდ მოედანს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს.

...ის ფაქტი, რომ ევროპის სუპერთასის მატჩი თბილისში ტარდება, ჩვენს მიმართ გამოცხადებული დიდი ნდობაა. ამ ნდობას გამართლება სჭირდება, უეფასთან მჭიდრო ურთიერთობებს - გაფრთხილება. როგორც იცით, ორი წლის შემდეგ საქართველო ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის. თუ უეფას სუპერთასის მატჩის ორგანიზებას თავი ღირსეულად გავართვით, საქართველოში სხვა დიდი საფეხბურთო ღონისძიებებიც ჩატარდება. სუპერთასი, ჩამოსული სტუმრების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, შანსს გვაძლევს, საქართველო თავისი საუკეთესო თვისებებით წარმოვაჩინოთ – სტუმართმოყვარეობით, კულტურით, ტრადიციებით, სამზარეულოთი და ევროპელთათვის მრავალი სხვა საინტერესო კუთხით. ხუთი-ათი კაცის მასპინძლობა იოლია, სამი ათეული ათასი სტუმრის საკადრისად დახვედრა კი ურთულესი საქმეა, მაგრამ გვჯერა, ყველა ერთად, ამ ამოცანას ღირსეულად შევასრულებთ.

...მართალია, ეს არაა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მაგრამ ესაა ჩემპიონების ფინალი, აქ ჩამოდის ბარსელონა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

...მჯერა, მაყურებელთა მხრიდან გუნდები მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს მიიღებენ. მოედანზე გავა ორი ესპანური კლუბი. აქ არ თამაშობს საქართველოს ნაკრები ან რომელიმე ქართული კლუბი. შესაბამისად, მთავარი ისაა, რომ ქართველი გულშემატკივრები უმაღლესი დონის ფეხბურთით ისიამოვნებენ და ეს ასე იქნება ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში.

...ეს დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ მატჩის ორგანიზატორთათვის, არამედ ნებისმიერი ქომაგისთვისაც. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თამაშმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. უეფა დიდ ყურადღებას აქცევს სხვადასხვა სახის ბანერებსა თუ ტრანსპარანტებს, მჯერა, არაფერი ნეგატიური არ იქნება და არა მხოლოდ სტადიონზე, ქალაქის ქუჩებშიც სტუმრებს მხოლოდ კეთილგანწყობა და ღიმილი დახვდებათ.“

რევაზ არველაძე გახსნის ცერემონიალსაც შეეხო, რის შესახებაც „ჩვენმა თამაშმა“ რამდენიმე დღის წინ ვრცლად დაწერა. შეგახსენებთ, სუპერთასის მატჩის გახსნა, ტრადიციისამებრ, 5-7 წუთს გასტანს. სანახაობა გაფორმებული იქნება როგორც ეროვნული, ასევე თანამედროვე საერთაშორისო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ელემენტებით. „დინამო არენას“ მოედანზე ჯერ სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“ გავა, რომელთან ერთადაც მაყურებლის წინაშე ამ ანსამბლთან არსებული ბავშვთა ჯგუფებიც წარდგებიან. წარმოდგენილი იქნება მასშტაბურად დადგმული რამდენიმე ქართული ცეკვა, შემოკლებული ვერსიებით. ამის შემდეგ კი მოედანზე გავლენ დავით ფორჩხიძის სტუდიის ბავშვები, რომლებიც ჯონ ლენონის უკვდავ ჰიტს - Iმაგინე-ს შეასრულებენ.

ისიც იცით, რომ ბარსელონამ „მიხეილ მესხზე“ უნდა ივარჯიშოს. თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალმა მოედანს თავისი დაღი დაასვა – ბალახმა ალაგ-ალაგ მწვანე შეფერილობა დაკარგა. სტადიონის პერსონალი, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საიმისოდ, რომ გაზონს ძველი კონდიციები დროულად დაუბრუნდეს. წესით, იმ დროისთვის, როცა ბარსა ვაკის არენაზე ფეხს შედგამს, იქ ყველაფერი რიგზე უნდა იყოს.

ევროპული თასების ქართული მოგზაურობა კი სრულდება. თასები 7 და 8 აგვისტოს თბილისში, რიყეზე გამოიფინება. ვინც არ იცოდით, გეტყვით, რომ ბარსელონასა და სევილიას მატჩის ოფიციალური ელჩი ჩვენი უსაყვარლესი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძეა.

ლევან ჯანეზაშვილი