სიახლეები

სევილიას თბილისში აეკი გამოუშვებს

გაუზიარე
11 აგვისტოს ციებ-ცხელების მოლოდინში, მესის, ნეიმარისა და სუარესის ბარსელონას გადამკიდე, სევილია ლამის აღარავის გვახსოვს. არადა, გავიხსენოთ, რომ ეს ის კლუბია, რომელსაც უეფას თასი, დღეს უკვე ევროპა ლიგის თასად წოდებული – ოთხჯერ აქვს მოგებული, ევროპის სუპერთასი - ერთხელ. ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც ერთხელ მოუპოვებია, ქვეყნის თასი კი ხუთჯერ. სხვა საქმეა, რომ ანდალუსიური კლუბი რეალისა და ბარსას ჩრდილშია, მაგრამ, მოდი, გონებაში გადავითვალოთ, რამდენი კლუბია ევროპაში, რეალთან და ბარსელონასთან შედარებას რომ გაუძლებს?! აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპის ლიგის ოთხივე ტიტული სევილიამ ბოლო ცხრა წელიწადში მოიგო, რაც, უნიკალური თუ არა, მართლაც შთამბეჭდავი შედეგია. ისეთივე შთამბეჭდავი, როგორიც მათ მიერ სუპერთასის ბრწყინვალე სტილში მოპოვება იყო 2006 წელს, როცა მონაკოში, ,,ლუი მეორეზე“ დიდი ანგარიშით, 3:0 სწორედ ბარსელონა დაამარცხეს. ასე რომ, სამშაბათის მატჩში „დინამო არენაზე“ სევილიას უეჭველ სტატისტად მიჩნევა რამდენად მიზანშეწონილია, თავად განსაჯეთ.

11 აგვისტოს სუპერთასის მატჩისთვის ესპანური სევილია თბილისში საბერძნეთიდან ჩამოვა. ანდალუსიელებმა ბარსელონასთან მატჩამდე სპარინგი ათენში, ადგილობრივი აეკის წინააღმდეგ დაგეგმეს. ეს და სხვა ამბები კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნაკრები გუნდების მენეჯერმა და სუპერთასისთვის სევილიასთან ურთიერთობის კოორდინატორმა კოკა ხურციამ გვითხრა, ვინც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და ეს ამას წინათ თბილისში მყოფმა სევილიელმა სტუმრებმაც აღნიშნეს...

სევილია თბილისში 9 აგვისტოს საღამოს ჩარტერული რეისით საბერძნეთიდან ჩამოფრინდება. ესპანელები აეკთან სტუმრად ჩაატარებენ ამხანაგურ მატჩს და ჩვენთან იქიდან გამოემგზავრებიან _ გვითხრა კოკა ხურციამ, _ სევილია აეკთან 8 აგვისტოს ითამაშებს, მეორე დღეს კი თბილისში გამოემგზავრება. ისინი სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ დაბინავდებიან და ბარსელონასთან მატჩამდე ორჯერ ივარჯიშებენ.

რამდენად მრავალრიცხოვანი იქნება სევილიას დელეგაცია?

საბერძნეთიდან გუნდთან ერთად დაახლოებით 60 ადამიანი მოფრინავს. სასტუმრო `ჰოლიდეინ ინში~ მათ 112 ნომერი დაჯავშნეს. გუნდთან, გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად სპონსორები და კლუბის მიერ მოწვეული საპატიო სტუმრები იქნებიან. 

რამდენი ქომაგი ჩამოჰყვება გუნდს?

სევილიას ქომაგებზე ვერაფერს გეტყვით, მათ ტუროპერატორებთან აქვთ საქმე და დახვედრა-გაცილების საკითხებს ისინი აგვარებენ. რამდენიმე კვირის წინ სევილიას წარმომადგენლებთან ერთად თბილისში ერთ-ერთი ესპანური ტურისტული სააგენტოს თანამშრომელიც ბრძანდებოდა. ქართველ კოლეგებთან ერთად სევილიელთა თბილისში და უკან მგზავრობას ის უზრუნველჰყოფს.

სად და როდის ივარჯიშებს სევილია თბილისში?

სევილია 10 აგვისტოს საღამოს ივარჯიშებს `დინამო არენაზე~, ხოლო 11 აგვისტოს დილას დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე. 

სევილიელები ამას წინათაც გვსტუმრობდნენ. რა შენიშვნები ჰქონდათ, რა მოიხოვეს?

პირველი ვიზიტისას სევილიას წარმომადგენლებმა სასტუმრო, თბილისის დინამოს დიღმის საწვრთნელი ბაზა და `დინამო არენა~ დაათვალიერეს. გადაუჭარბებლად ვიტყვი, ისინი ნანახით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. აეროპორტშიც, საკონტროლო-გამშვებ პუნქტშიც უპრობლემოდ მოემსახურნენ. 

სიტყვამ მოიტანა და, როგორ იგეგმება აეროპორტიდან სევილიელების გამოსვლა?

გუნდს თვითმფრინავის ტრაპთან ავტობუსი დახვდება და პირდაპირ სასტუმროში წაიყვანს. საპასპორტო საკითხებს ადმინისტრატორი ცალკე მოაგვარებს. დანარჩენები კი ვიპ-გამოსასვლელებით ისარგებლებენ. 

რა მოთხოვნები აქვთ ანდალუსიელებს?

განსაკუთრებული არაფერი. ითხოვეს, რომ ყოველ ვარჯიშზე დავახვედროთ 30 ლიტრი წყალი, 25 ბურთი, ორი მცირე ზომის კარი, ორი მაგიდა მასაჟისთვის და ასე შემდეგ... ისე კი, სევილია არც ბარსელონაა, რომ  მთელი სასტუმრო დაჯავშნოს და არც იმ დონის გუნდი, რაიმე უჩვეულო მოთხოვნა ჰქონდეს. სევილიელები თბილისში ერთი ჩვეულებრივი გუნდივით იცხოვრებენ, ოღონდ, ცხადია, მატჩის სტატუსიდან გამომდინარე, მათი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული. 

არც საკვები შეუთანხმებიათ წინასწარ? 

მენიუ სასტუმროს სამზარეულოსთან უკვე შეთანხმებული აქვთ. რამდენადაც ვიცი, რაიმე განსაკუთრებული არაფერი მოუთხოვიათ. 

სევილიაც მატჩის დამთავრებისთანავე მიემგზავრება?

დიახ, სტადიონიდან პირდაპირ აეროპორტში. ყოველ შემთხვევაში, თუ არაფერი შეცვალეს, სადღეისოდ ასეთი განრიგი აქვთ. 

კობა ინასარიძე