სიახლეები

მოხალისეები სრულ მზადყოფნაში არიან

გაუზიარე

ნებისმიერი მაღალი დონის შეხვედრის ჩატარებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი მოხალისეებს აკისრიათ. ბუნებრივია, ასეა თბილისში გასამართი სუპერთასის მატჩისთვისაც და, ცხადია, ჩვენს მკითხველებსაც აინტერესებთ, თუ როგორ არის ამ მხრივ საქმე.

მოხალისეების შერჩევა კარგა ხანია, დაიწყო, ახლა მათი საერთო რაოდენობა 120-მდეა. უმრავლესობას, ბუნებრივია, ახალგაზრდები შეადგენენ, თუმცა არიან უფროსებიც. მათმა ნაწილმა თბილისი 2015-ზე ისაქმიანა და უკვე გააჩნიათ გარკვეული გამოცდილება. ამასთან, სამი თვის განმავლობაში მათ ფედერაციის წარმომადგენლები უტარებდნენ ინსტრუქტაჟს, ასე რომ, შეიძლება თამამად ითქვას _ სუპერთასის მატჩისთვის მოხალისეები სრულ მზადყოფნაში არიან.

ამ საკითხთან დაკავშირებით მოხალისეთა პროგრამის კოორდინატორს გიორგი ხაჩიძეს ვესაუბრეთ: „მოხალისეები იქნებიან აბსოლუტურად ყველა წერტილში, იქნება ეს აეროპორტი, სასტუმროები, ტრანსპორტი, მედიასივრცე, ვიპ-ლოჟები და სტადიონის შიდა პერიმეტრი. კარგა ხანია, მათ უტარდებათ თემატური ინსტრუქტაჟები და თითოეულმა მათგანმა იცის, თუ რომელ ზონაში უნდა იმუშაოს. ერაერთი ჯგუფი უკვე ჩაერთო საქმეში და ყოველდღე უფრო მეტი მოხალისე ერთვება სუპერთასის მატჩის მაღალ დონეზე ჩატარების საქმეში. უნდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ Nნაწილს არათუ თამაშის ყურება, არამედ სტადიონზე ყოფნის საშუალებაც არ ექნება, მაგრამ, ამის მიუხედავად, ისინი დიდი პასუხისმგებლობით და ხალისით ეკიდებიან საქმეს, რადგან კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რამხელა მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიებას მასპინძლობს ჩვენი ქალაქი. ისიც სათქმელია, რომ სუპერთასზე მიღებული გამოცდილებით ჩვენი მოხალისეები გაცილებით მაღალ დონეზე იქნებიან მომზადებულები მსგავსი მნიშვნელობის სხვა მასშტაბური ღონისძიებებისთვის. სუპერთასის მატჩის შემდეგ კი, მოხალისეებს გადაეცემათ სპეციალური სიგელები უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის ხელმოწერით.“

საბოლოოდ შეგვიძლია იმის თქმა, რომ როგორც სხვა სამსახურებს მოხალისეებსაც დიდი შრომა ელით წინ, მაგრამ მათთან ჩატარებული სამუშაობი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოხალისეთ კორპუსი სუპერთასისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

პაატა ძნელაძე