სიახლეები

სიონი ბოლნისში ბრუნდება

გაუზიარე

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბოლნისის სიონი მშობლიურ ქალაქს უბრუნდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი ბოკერია ინსპექტირების მეორე ეტაპზე იმყოფებოდა ბოლნისში და სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სიონი კვლავ ბოლნისში ითამაშებს საშინაო შეხვედრებს. სიონი ბოლნისში ორი თვის განმავლობაში ითამაშებს, ამის შემდეგ კი ბოლნისის სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ სიონი უკვე საფუძვლიანად დაუბრუნდება მშობლიურ არენას, მანამდე კი საშინაო შეხვედრებს გორში გამართავს. 

ბუნებრივია, შინაურ კედლებში დაბრუნება დიდად ხელსაყრელია ბოლნისელებისთვის. სიონს შეძლებისდაგვარად არც წინა სეზონში აკლებდნენ ქომაგობას ბოლნისელები, მაგრამ ახლა მათგან გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნებათ საშინაო შეხვედრებში და, ცხადია, ეს შედეგზეც აისახება. მოახლოებული ჩემპიონატის პირველ ორ ტურში სიონი გურიასა და კოლხეთს ესტუმრება, მესამე ტურში კი, 30 აგვისტოს, ბოლნისში ქობულეთის შუქურას დაუხვდება.

პაატა ძნელაძე